საფრანგეთი. ლიგა 1. XI ტურის წინ: რა ფერი აინთება "ჟოფრუა გიშარის" შუქნიშანზე?

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტური საინტერესო და პრინციპული მატჩებითაა დახუნძლული. ერთ-ერთი მათგანი პარასკევს ვიხილეთ, ხოლო სამი გამორჩეული შეხვედრა კვირას გაიმართება.

თუმცა არ გეგონოთ შაბათის თამაშებში არაფერი ირკვეოდეს და უყურადრებოდ დასატოვებელი იყოს. მოკლედ, ტური ისეთია, ფეხბურთის მოყვარულს, რომ გულს გაგიხარებს...

რა მოხდება "ჟოუფრა გიშარზე"?
პსჟ წინა ტურის შემდეგ ერთპიროვნულდ გალიდერდა და თუ ცხრილის კენწეროში დარჩენა და დამკვიდრება სურს "ჟოფრუა გიშარზე" უნდა მოიგოს.

ეს რომ ადვილი გასაკეთებელი არ იქნება, თავად პარიზელებსაც მშვენივრად მოეხსენებათ და ამაზე, თუნდაც ბოლო ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა მეტყველებს. წინა სეზონში ეს
გუნდები ერთმანეთს სამჯერ გადაეყარნენ და პარიზელებმა ვერც ერთხელ ვერ მოიგეს.

ჩემპიონატში გამართული პარიზული მატჩი "სენტ ეტიენმა" 2:1 მოიგო იმ შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააძევეს, ხოლო გოლები იმ მოთამაშეებმა გაიტანეს, რომლებიც ახლა მინდორზე აღარ იქნებიან - პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მამადუ სახო (ავტოგოლი) და გიიომ ოარო.

"ჟოფრუა გიშარზე" შეხვედრა 2:2 დასრულდა, თან ამჟამად ტრავმირებული ხავიერ პასტორესა და იბრას გოლებით პსჟ მე-20 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვერ იმარჯვა. სხვათა შორის, იმ შეხვედრაშიც იყო ავტოგოლი ალექსის შესრულებით.

შუალედში კი გუნდები ლიგის თასზეც შეებნენ ერთმანეთს და იქ უგოლო ფრის შემდეგ, "მწვანეებმა" პენალტების სერიაში იძალეს.

მოკლედ, დედაქალაქელებს ძალიან უნდათ "სენტ ეტიენის" წაქცევა და რინგზე მიჯრით 6 მოგებით გადიან. ბლანი საგონელებლშია ჩავარდნილი - იმდენი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, რომ როდის, სად და ვინ ათამაშოს აღარ იცის. განსაკუთრებით შესაშურ ფორმაშია იბრაჰიმოვიჩი, რომლის გაჩერებაც "მწვანეების" არც ისე საომედო უკანახაზელებს ძალიან გაუჭირდებათ - "სენტ ეტიენს" 13 გოლი აქვს გაშვებული.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, პარიზელებს ადვილი მატჩი რომ არ ელოდებათ, უკვე შევთანხმდით, "სენტ ეტიენმა" წინა ტურში "ლორიანთან" უხვგოლიან თრილერში მოიგო და 4-მატჩიან მოუგებელ სერიას წერილი დაუსვა.

გალტიეს ბიჭები კარგ ხასიათზე არიან და ამბობენ, ამ შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში ვვიმყოფებითო. აღსანიშნავია, რომ "მწვანეების" მაისურით თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს მევლუთ ერდინჩი, თურქი თავდამსხმელი ტრავმირებულია.

მოკლედ, ვნახოთ ამჯერად მაინც თუ აუნთებენ "მწვანეები" შუქნიშანზე მწვანეს "პარი სენ ჟერმენს". ზოგადად, "ჟოფრუა გიშარზე" მეტოქეებს ასე ხვდებიან ხოლმე - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში".

ლუი მეორეზე "მონაკო" უძლეველია
მართალია "მონაკომ" ამ სეზონში მარცხის გემო ჯერ არ იცის, მაგრამ გუნდმა ბოლო 5 შეხვედრაში 3 ფრე ითამაშა და შედეგად მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. თუმცა სამივე ფრე გასვლაზე იყო და სახლში, "ტულუზთან" მატჩის გარდა, "ლუი მეორეს" ბინადრებს ყველა შეხვედრა მოგებული აქვთ.

კლაუდიო რანიერის შეგირდებმა საკუთარ კედლებში 10 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს ("მონპელიესგან" და "სენტ ეტიენისგან"). აქედანაც ხვდებით, რას უნდა ელოდოს არეული "ლიონი" მონაკოში სტუმრობისას. თუმცა რაც არ უნდა იყოს, "ლიონია" და ჩვენც ძალიან საინტერესო თამაშის მოლდინში ვართ.

"ოლიმპიკს" ამჟამად 12 ქულა აქვს და უკვე ზუსტად ამდენით ჩამორჩება პირველ ადგილს, ხოლო 8 ქულით ჩემპიონთა ლიგის საგზურს. კიდევ ერთხელ ლიგაზე ვერ გასვლა კი ჟან-მიშელ ოლასთვის კატასტროფის ტოლფასია. თუმცა ის მაინც ბოლომდე ენდობა რემი გარდს და ნამდვილად დროა, ამ სეპციალისტმა კარტბლანშის გამართლება დაიწყოს.

"ლიონს" ლიგა 1-ში 4 მატჩია არ მოუგია. მეტიც, "მონპელიესთან" შერცხვენის (1:5) მერე, წინა ტურში კრიზისში მყოფ "ბორდოსთანა" კი აგებდა საკუთარ "ჟერლანზე" და უკანასკნელ წუთზე გადაარჩინა ქულა ჯიმი ბრიანის გოლის წყალობით.

გარდის ამოცანას გვარიანად ართულებს ისიც, რომ ექიმების თქმით, სამუელ უმტიტი, იოან გურკუფი, ბაკარი კონე და მიგელ ლოპეში ტრავმების გამო არ იქნებიან. ანტონი ლაკასეტი კი დისკვალიფიცირებულია.

მასპინძელთა მხრიდან კი, კვლავაც ემანუელ რივიერის დანაკლისი გამოვარჩიოთ.

ჟირონდული კრიზისი
კვირას იმართება კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა "ბორდოსა" და "მონპელიეს" შორის. საინტერესოა, რომ ჟირონდელებს ჩემპიონატში უკვე 5 მატჩია არ წაუგიათ, მაგრამ რეალურად ისევ კრიზისში იმყოფებიან. საქმე ისაა, რომ ამ 5 თამაშიდან 4 ფრედ დაასრულეს.

რადგან სიტყვამ მოიტანა, ერთი შეხედვით სწორედ ფრეა ამ შეხვედრაში ყველაზე მოსალოდნელი შედეგი, რადგან "მონპელიე" 10 ტურში 6-ჯერ, "ბორდო" კი 5-ჯერ დაუზავდა მეტოქეებს.

წლების წინ, როდესაც ჟირონდელებს კარგი შედხეგები ჰქონდათ, მათი პრეზიდენტი ჟან-ლუი ტრიო მუდმივად გამოპრანჭული დადიოდა სტადიონზე - ელეგანტური მოსასხამით, ცილინდრით... 30-იანი წლების ყაიდაზე. ახლა კი ამ ადამიანს, რომელიც ძალიან განიცდის გუნდის კრიზის, ნამდვილად ვეღარ იცნობთ, ძალიან დარდიანი გამომეტყველებით, დადარდიანებული შეჰყურებს ხოლმე მატჩებს.

ბოლომდე გაჭაღარავდა და წონაში დაიკლო ფრანსის ჟიიომაც.

ცხადია, მწვრთნელიც განიცდის მდგომარეობას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის. რაღაცები ფატალურ უიღბლობასაც შეიძლეაბ დაბრალდეს, "ბორდომ" ხან ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ხან ბოლო წუთზე გაუშვა გოლი, მაგრამ ეს უიღბლობის გარდა, გუნდის მენტალურ არამდგრადობაზეც მეტყველებს, ამდენმა წარუმატებლობამ ჟირონდელთა ბანაკში დაძაბული ფსიქოლოგიური ფონი გამოიწვია.

ხუთშაბათს, "ბორდო" ევროპალიგაში "აპოელთან" აგებდა, მაგრამ საბოლოოდ, ენრიკეს მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით იმარჯვა და ოდნავ მაინც გაახარა გულშემატკივარი.

"მონპელიემ" ამ სეზონში თვით პსჟ-სთანაც არ წააგო. გუნდი მხოლოდ "მონაკოსთან" დამარცხდა გასვლაზე და წინა ტურში შინ "ლილთან". გამოცდილ ჟან ფერნანდესის ხელში მონპელიელებმა კარგად ისწავლეს არწაგება, მაგრამ აი მოგებაზე თამაში ჯერჯერობით ცოტა უძნელდებათ და ამდენი ფრით, ისინი შორს ვერ წავლენ.

ფერნანდესს ისე აკლია რამდენიმე საჭირო ფეხბურთელი და დასკვნების გაკეთება ჯერ ცოტა ადრეა, მაგრამ მაინც... დიდ წილად, სწორედ "ბორდოსთან" მატჩი და მისი შედეგი გამოაჩენს, რამდენად სერიოზულად შეეძლება ამ სეზონში "მონპელიეს" ევროტურნირის საგზურისთვის ბრძოლა.

შაბათის მატჩები
წინა ტურში ნათამაშები ფრითა და ახალი მწვრთნელით შეგულიანებული "სოშო" გასვლაზე "ლორიანს" ხვდება და "ლომები" სიურპრიზს გვპირდებიან.

ასევე ახალი დამრიგებლით წახალისებული "ვალანსიენი" საკუთარ კედლებში საუკეთესო ბომბარდირის და უდავო ლიდერის კევინ ბერგისო გარეშე თვენახევრით დარჩენილი "ევიანის" დამარცხებას შეეცდება.

ურთულესი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მეოცნებე "ნიცას", რომელმაც კორსიკაზე "ბასტიას" უნდა სძლიოს.

უაღრესად საინტერესო უნდა გამოვიდეს ალენ კაზანოვას ფორმაში შესული "ტულუზისა" და ამბიციური ფილიპ მონტანიეს "რენის" ჯახიც. თუ "აიაჩომ" "გენგამთან" წააგო, 90%-იანი ალბათობით გასავარდ ზონაში აღმოჩნდება და რა ბედი ეწევა ფაბრიციო რავანელის საკითხავია...

ჩემპიონთა ლიგაზე და ლიგა ერთში ორ-ორი წაგების მერე დეგრადირებულმა "მარსელმა" კი "ველოდრომზე" აუცილებლად უნდა მოუგოს "რეიმსს", მაგრამ კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩენილი ელი ბოპის ადგილას ყოფნას ცოტა ვინმე თუ ისურვებდა - "რეიმსი" ის გუნდია, რომელმაც ბოლო 9 თამაშიდან ოდენ ერთი წააგო და ისიც წინა ტურში 88-ე წუთზე გაშვებული პენალტის გამო - აბა, მიდი და მოუგე...

საფრანგეთი. ლიგა 1. XI ტური
25 ოქტომბერი
ნანტი-ლილი 0:1

26 ოქტომბერი
მარსელი-რეიმსი 19:00
ბასტია-ნიცა 22:00
გენგამი-აიაჩო 22:00
ლორიანი-სოშო 22:00
ტულუზი-რენი 22:00
ვალანსიენი-ევიანი 22:00

27 ოქტომბერი
ბორდო-მონპელიე 17:00
მონაკო-ლიონი 20:00
სენტ ეტიენი-პსჟ 00:00

ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 6 - კევინ ბერიგო (ევიანი), ედინსონ კავანი (პსჟ), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა), ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი)

გიორგი კაკაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული