საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური: რანიერიმ პსჟ გააჩემპიონა [VIDEO]

AutoSharing Option
ტური დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო - "პარი სენ-ჟერმენმა" სეზონში მეოთხედაც მოუგო "ბორდოს". ლორან ბლანმა თავისი ყოფილი გუნდი ისევ გააწბილა.

მისმა ბიჭებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს, ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც და ალექსსაც ლუკასმა გაუწია ასისტენტობა.

ამ შეხვედრაში შედგა იოან კაბაის დებიუტი, რომელიც შეცვლაზე შევიდა მინდორზე.

ამრიგად, სხვაობა ისევ გაიზარდა "მონაკოსთან", რომელთანაც დედაქალაქელებმა შემდეგ ტურში უნდა ითამაშონ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კლაუდიო რანიერის გუნდი "ლორიანს" ესტუმრა და ძალიან გაუჭირდა. ვენსან აბუბაქარმა 4-მატჩიანი მშრალი სერია სწორედ მონტეკარლოელებთან შეწყვიტა. რადამელ ფალკაოს არყოფნაში გახსნილმა ვალერი ჟერმენმა ისევ გამოიჩინა თავი,
ტაიმის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ კრისტიან გურკუფის გუნდი ისევ დაწინაურდა - აბუბაქარი ამჯერად ასისტენტად მოგვევლინა, გოლი კი ჟერემი ალიადირმა გაიტანა. სტუმრებმა ბოლოს მაინც შეძლეს გათანაბრება - 87-ე წუთზე ლუკას ოკამპოსის პასით ლეივინ კურზავამ გაიტანა. 21 წლის მცველისთვის ეს უკვე მე-4 გოლია, რაც მშვენიერი შედეგია. რანიერი ძალიან გულდაწყვეტილი გახლდათ და გამოუყენებელ მომენტებს მისტიროდა.

"ჩემი აზრით, "მონაკომ" მოგება დაიმსახურა. ძალიან ბევრი შანსი გვქონდა და უნდა გამოგვეყენებინა. ხელოვნურ საფარზე თამაში ძალიან გაგვიჭირდა. ახლა იმედი გვაქვს, რომ მომავალ ტურში პსჟ-სთან კარგი თამაში გამოგვივა და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ "პარი სენ-ჟერმენი" სეზონის დაწყებამდე გახდა ჩემპიონი"
- თქვა რანიერიმ, რომელმაც როგორც ჩანს, ცხელ გულზე ხელი ჩაიქნია პირველი ადგილისთვის ბრძოლაზე.

ამ გუნდებს კიდევ უფრო ჩამორჩა "ლილი", რომელიც სერიოზულ კრიზისშია. "ალიანს რივიერაზე" ყველაფერი პირველი ტაიმის ბოლო წამებზე მატიო ბოდმეს მიერ გატანილმა ბურთმა გადაწყვიტა. საგოლე გადაცემა, რასაკვირველია, ისევ კრისტიან ბრიულსისა იყო.

რენე ჟირარის გუნდის ფიასკოთი "სენტ ეტიენმა" ისარგებლა და მასთან სხვაობა ქულამდე შეამცირა. "მწვანეებს" ერთ ლუკმად არ ეყოთ გადარჩენისთვის მებრძოლი "ვალანსიენი". ბენჟამინ კორნიემ ჯერ რენო კოადს გაატანინა, მერე თავად შეაგდო და 56-ე წუთისთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო. კრისტოფ გალტიემ ცვლილებებიც გამოიცნო, მესამე გოლი სწორედ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა, მევლუთ ერდინჩმა და იოან მოლომ გამოძერწეს - პირველი ასისტენტი გახლდათ, მეორე გოლის ავტორი.

ახალწვეულების დღე
ყველა ტურნირზე 12-მატჩიანი წაუგებელი სერიითა და ზედიზედ 6 მოგებით თავმომწონე "ლიონი" ბრეტონის დედაქალაქ რენს ეწვია. რემი გარდს ტრავმის გამო ისევ გამოაკლდა იოან გურკუფი და ეს მისი გუნდის თამაშს აშკარად დაეტყო. მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და დაწინაურებაც შეძლეს. კვლავაც აქტიური იყო რომენ ალესანდრინი, რომელმაც სედრიკ ონტონჯეს გაატანინა.

ტაიმის მიწურულს სტუმრებს სამუელ უმტიტი გაუძევეს და ამან მათი მდგომარეობა ძალიან დაამძიმა. 66-ე წუთზე კი ფილიპ მონტანიე ახალწვეულმა ოლა ტოივონენმა გაახარა თავისი პირველი გოლით. შვედის ბურთმა ნათელი გახადა, რომ ლიონელებს ამ შეხვედრის გადარჩენა აღარ გამოუვიდოდათ. "ლიონმა" ჩემპიონთა ლიგის ზონასთან სხვაობის 4 ქულამდე შემცირების შანსი ხელიდან გაუშვა.

"მონპელიემ" საბოლოოდ დაადასტურა, რომ კრიზისი დაძლეულია და გუნდი ჩინებულ ფორმაშია. "რეიმსთან" გასვლაზე 4 გოლის გატანა ადვილი საქმე როდია. ყველაფერი ჟორის მარვომ დაიწყო, მერე კი რემი კაბელიამ გაიბრწყინა. მისმა დუბლმა ცოტა მოადუნა სტუმრები, მათ რეიმსელებს სხვაობა მინიმუმამდე შეამცირებინეს, მაგრამ ბოლოს კაბელიამ მორიგი გოლი გაატანინა შესანიშნავად ათამაშებულ მბაიე ნიანგს. როლან კურბისმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და მისი გუნდი ნელ-ნელა ათეულისკენ მიიწევს.

მატჩის ბოლო 40 წუთში გოლების წვიმა დაიწყო კორსიკაზეც. "ბასტიამ" შინ სულ 5 გოლი გაუშვა. აქედან 3 "ლიონს" ჰქონდა გატანილი და აგერ, 2 "გენგამმა" გაუტანა. თითქოს მატჩი სტუმართა 21 წლის შემტევის, რაშიდ ალიუის ბენეფისად უნდა ქცეულიყო, რადგან მან დუბლი გაახერხა, მაგრამ მატჩის ბოლო 10 წუთში მას გმირობა რიად ბუდებუზმა წაჰგვარა. "სოშოს" ყოფილმა თავდამსხმელმა ჯერ სებასტიან სკილაჩის გაატანინა, 88-ე წუთზე კი პენალტით მოაგებინა "ბასტიას".

თუმცა საკამათო სიტუაციაში დანიშნულ თერთმეტმეტრიანს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გენგამელთა თავკაცი ჟოსელინ გურვენეკი აღშფოთებული გახლდათ.

"ნანტის" ამბიციებს, ევროსაგზურთან დაკავშირებით, ალბათ ამ ტურის მერე წერტილი უნდა დავუსვათ, რადგან "იადონები" მონბელიარში მთელი სეზონი უსუსურად მოთამაშე "სოშოსთან" დამარცხდნენ.

ლიგა 1. XXIII ტური

პსჟ-ბორდო 2:0
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (58), 2:0 ალექსი (88)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ტიაგო მოტა, მატუიდი, პასტორე (68. კაბაი), ლუკასი, კავანი (76. კავანი), იბრაჰიმოვიჩი

ლორიანი-მონაკო 2:2
გოლები: 1:0 აბუბაქარი (12), 1:1 ჟერმენი (41), 2:1 ალიადირი (73), 2:2 კურზავა (87)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაჯი, აბიდალი, კურზავა - მოუტინიო, კონდოგბია, ობადი (27. ოკამპოსი) - ჯ. როდრიგესი (62. დირარი), ჟერმენი, რივიერი (80. მარტიალი)

ევიანი-აიაჩო 1:1
გოლები: 1:0 რუბენი (85), 1:1 ტალო (90)

ბასტია-გენგამი 3:2
გოლები: 0:1 ალიუი (50), 1:1 ადამა ბა (53), 1:2 ალიუი (55), 2:2 სკილაჩი (81), 3:2 ბუდებუზი (88-პენ.)

რეიმსი-მონპელიე 2:4
გოლები: 0:1 მარვო (29), 0:2 კაბელია (46), 0:3 კაბელია (55), 1:3 აიიტე (58), 2:3 ელ კაუტარი (66-ს.კ.), 2:4 ნიანგი (69)

სოშო-ნანტი 1:0
გოლი: 1:0 სუნზუ (45)

სტ. ეტიენი-ვალანსიენი 3:0
გოლები: 1:0 კოადი (45), 2:0 კორნიე (56), 3:0 მოლო (87)

ნიცა-ლილი 1:0
გოლი: 1:0 ბოდმე (45)

რენი-ლიონი 2:0
გოლები: 1:0 ონტონჯი (22), 2:0 ტოივონენი (66)
ლიონი (4-3-3): ენტონი ლოპეში - ზეფანი, ბიშევაცი, უმტიტი, ბედიმო - ფოფანა, გონალონი, მალბრანკი (46. მალბრანკი) - გრენიე, ლაკასეტი (75. დანიკი), გომისი (67. ბრიანი)
გაძევება: უმტიტი (41. ლიონი)

მარსელი-ტულუზი 2:2
გოლები: 1:0 პაიე (7), 1:1 ბენ იედერი (11), 2:1 ვალბუენა (40), 2:2 ორიე (60)
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ფანი, ნკულუ, ლუკაშ მენდეში, მენდი (63. ჯა ჯეჯე) - რომაო, ლემინა - ტოვენი, ვალბუენა (86. იმბულა), პაიე (71. ხელიფა) - ჟინიაკი

ბომბარდირები: 18 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ); 12 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი), ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 10 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ემანუელ რივიერი (მონაკო); 8 - ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი), რემი კაბელია (მონპელიე);

მომდევნო ტური.
7 თებერვალი.
ტულუზი-სტ. ეტიენი
8 თებერვალი.
მარსელი-ბასტია, გენგამი-რეიმსი, აიაჩო-რენი, ლილი-სოშო, მონპელიე-ევიანი, ვალანსიენი-ნიცა
9 თებერვალი.
ნანტი-ლიონი, ბორდო-ლორიანი, მონაკო-პსჟ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული