სად წავა იბრაჰიმოვიჩი და რას ფიქრობს ის საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელებზე

AutoSharing Option
34 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოკერი შეასრულა "ტრუასთან" მატჩში და "პარი სენ-ჟერმენმა" საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული ნაადრევად დაინადავლა. იბრაჰიმოვიჩი არ არის ჩვეულებრივი ფეხბურთელი და იმედია, არც ჩვენი წერილი გამოვა მთლად სქემატური და ჩვეულებრივი.

34 წლის ფეხბურთელი გამორჩეულ სეზონს ატარებს. თებერვლის შუა რიცხვებში მან თავად თქვა, რომ კარიერაში გამორჩეული დროება უდგას. მიმდინარე სეზონში შვედმა გიგანტმა ყველა ტურნირზე 35 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც დიდებული შედეგია.

საკმარისია, ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" გამართული მეორე შეხვედრა გავიხსენოთ. ზლატანი ნამდვილი გმირი იყო. მან გოლი გაიტანა
და საგოლე გადაცემა გააკეთა. ის შეუდარებელი იყო.

ახლა ბევრი იწერება შვედის მომავლის თაობაზე. ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ეშმაკობს. მან ცოტა ხნის წინათ თქვა: "მე ვიცი, სად ითამაშებს ზლატანი მომავალ სეზონში, მაგრამ არ გეტყვით", - ამბობს ის.

ხშირად გაიგონებთ, რომ "იბრას" "რეალში" გადასვლა სურს და ეს უკვე იცის ზინედინ ზიდანმა. ან მოისმენთ, რომ უკვე გააკეთა არჩევანი "არსენალის" ან "მანჩესტერის" სასარგებლოდ. ამასობაში, "ინტერმა" ფარ-ხმალი ადრევე დაყარა. რობერტო მანჩინიმ თქვა, რომ კლუბი ზლატანს სასურველ ხელფასს ვერ გადაუხდის. შვედმა კი შენიშნა, რომ მომავალი კლუბის არჩევისას მისთვის გადამწყვეტი ცოლის აზრი იქნება.

ახლა კი გავიცნოთ "არაჩვეულებრივი" ზლატანი.

ჩაშლილი "არსენალი"
ოდესღაც "მალმიოს" ახალგაზრდა ფორვარდით არსენ ვენგერი დაინტერესდა. ვენგერმა "იბრა" "არსენალის" ბაზაზე დაპატიჟა და ცხრანომრიანი მაისურაც გაუმზადა. ფრანგმა სპეციალისტმა შვედს სთხოვა, რამდენიმე ვარჯიში ჩაეტარებინა გუნდთან ერთად და მერე კონტრაქტი გაფორმებულიყო.

ამან ზლატანი ძალიან გააბრაზა. ის ხომ ლონდონში კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა და არა გასასინჯად. "მათ დამიძახეს ისე, რომ არ იცოდნენ, რას ვაკეთებდი, რა შემეძლო. ასე არ შეიძლება", - თქვა მოგვიანებით ზლატანმა. ის მალე გადავიდა "აიაქსში".

სახლი ეკლესიაში
ბევრს ემახსოვრება, რომ საკუთარ თავს ერთხელ ზლატანმა ღმერთი უწოდა. ეს მოხდა პორტუგალიასთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე. ამ შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა ევროპის 2014 წლის ჩემპიონატზე. აქვე, საინტერესო კითხვა-პასუხიც:

ზლატანი: მხოლოდ ღმერთმა იცის, რა შეიძლება მოხდეს ამ შეხვედრაში.
ჟურნალისტი: ძნელია, მას ჰკითხო ამის თაობაზე...
ზლატანი: თქვენ სწორედ მას ელაპარაკებით!

მაშინ შვედეთი ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.

ერთი უცნაური ისტორია: ზლატანმა ძალიან ძვირად იყიდა სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე ევანგელისტური ეკლესია და ის საცხოვრებელ აპარტამენტებად გადააკეთა.

იბრაჰიმოვიჩის ცოლია წარმატებული ბიზნესვუმენი, ელენ სეგერი, ვინც ქმარზე მთელი 11 წლით უფროსია. წყვილმა ერთმანეთი ავტომობილების გაჩერებაზე გაიცნო, სადაც "იბრას" "ფერარიმ" სხვა მანქანებს გზა გადაუკეტა.

მათ შორის იყო ელენის მანქანა. ქალმა სკანდალი მოაწყო. ზლატანმა მისი ნომერი გაიგო და მესიჯები დააყარა. მათი ურთიერთობა უკვე 15 წელია, გრძელდება. ბევრი მიიჩნევს, რომ შვედს სწორედ ცოლი მართავს.

ზლატანი ამბობს, რომ ელენი ძალიან უყვარს. ოჯახის შექმნამდე მომავალი მეუღლე ხშირად ეძახდა მას "ცუდი მანერებით ცუდად ჩაცმულ კაცს", მაგრამ ახლა საქმე სხვანაირადაა.

"თავმდაბალი"
მხოლოდ რამდენიმე ციტატის მოხმობა იქნება საკმარისი, რომ დავრწმუნდეთ - ჩვენი გმირი და თავმდაბლობა ერთმანეთთან ვერ მეგობრობენ.

"არც კი ვიცი, რა უნდა ვაჩუქო ცოლს დაბადების დღეზე. მას ხომ მე ვყავარ?!"

"იმდენად სრულყოფილი ვარ, რომ ხანდახან მეშინია კიდეც."

"მე "ფერარის" ვგავარ. როცა ასეთ მანქანას ყიდულობ, საუკეთესო საწვავს ასხამ და ავტობანზე მიქრიხარ. გვარდიოლამ კი უბრალო დიზელი ჩაასხა ამ მანქანაში და წყნარად წავიდა".

"მე თითქმის არაფერი ვიცი საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების თაობაზე. სამაგიეროდ, ისინი მე შესანიშნავად მიცნობენ."

"იმ მუნდიალს, რომელზეც ზლატანი არ თამაშობს, არ უნდა უყუროთ."


პერსპექტივა
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თუ "სენ ჟერმენში" არ დარჩა, ის ან "მანჩესტერს" აირჩევს, ანაც "რეალში" გადავა. "არსენალში" გზა მოჭრილია. ზლატანი დაწუნებას არავის პატიობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული