გუშინდელ პრესკონფერენციაზე დიეგო მარადონამ რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გამოთქვა და ზედ პროგნოზებიც დააყოლა. მავანმა იტალიელმა ჟურნალისტმა "ალბისელესტეს" თავკაცს "სკუადრა აძურაზეც" ჰკითხა. იტალიის ნაკრების ნეგატიური სტარტი აპენინებზე საყოველთაო შეშფოთების საგანია. ბევრი შეგუებულია იმ აზრს, რომ "აძურას" ტიტულის დათმობა მოუწევს. თუმცა გულშემატკივარი არა ერთხელ გამხდარა იმის მომსწრეც, როცა წარუმატებელი სტარტის შემდეგ იტალიის ნაკრები შორს წასულა, თვით მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალამდეც კი...
ამდენად, განგაშის საფუძველი ჯერჯერობით არ არის. ბოლო ტურში სლოვაკეთის ნაკრების ძლევის შემთხვევაში (რაც სავსებით რეალისტური ამოცანაა), "სკუადრა აძურა" მერვედფინალში გავა. აი, რას ამბობს
მარადონა იტალიის ნაკრებზე:
"თუ იტალია მერვედფინალში ვერ გავა, ეს დიდი სკანდალი იქნება მათთვის. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ "სკუადრა აძურა" წინ წავა, ისევე, როგორც ყველა სერიოზული ნაკრები. ნუ დაგავიწყდებათ 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, როცა იტალიელები ჯგუფიდან სამი ფრით გავიდნენ და მერე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ".