მოგეხსენებათ, ეს გუნდები ერთმანეთს ამაღამ, ქალაქ მენდოსაში შეხვდებიან. ამასთან დაკავშირებით, ფიფას ოფიციალურმა საიტმა ამ ქვეყნების 5 ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში გაიხსენა.
1. ურუგვაი-არგენტინა 0:6
1902 წლის 20 ივლისი, ამხანაგური მატჩი, მონტევიდეო.
არსებობს მოსაზრება, რომ ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 1901 წლის მაისში შეხვდნენ, თუმცა ეს მოსაზრება ფაქტებით არ დასტურდება. ნაკრებებს შორის მტრობა სწორედ ამ დღეს, 1902 წლის 20 ივლისს დაიწყო.
ფეხბურთის ისტორიაში ეს იყო პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი არაბრიტანულ გუნდებს შორის. შეხვედრა
2. ურუგვაი-არგენტინა 4:2
1930 წლის 30 ივლისი, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, მონტევიდეო.
პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, ისევე, როგორც 2 წლით ადრე, 1928 წლის ოლიმპიადის დასკვნით შეხვედრაში, ერთმანეთს ურუგვაი და არგენტინა დაუპირისპირდნენ.
გადაჭედილ "სენტენარიოზე" დაწინაურება მასპინძლებმა მოახერხეს, გოლი პაბლო დორადომ გაიტანა, თუმცა პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს - კარლოს პეუსელის და გილერმო სტაბილეს გოლებით არგენტინა 2:1-ს იგებდა.
მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა და ურუგვაელები დიდ უპირატესობას დაეუფლნენ და საბოლოოდ 4:2 მოიგეს. გოლები პედრო სეამ, სანტოს ირიარტემ და ექტორ კასტრომ გაიტანეს.
"ჩვენ გადავიღალეთ და ვეღარ გავძელით. მე ტრავმა მქონდა და მოედნიდან გასვლა მომიწია. სამწუხაროდ, ბიჭებმა ურუგვაელთა ზეწოლას ვერ გაუძლეს და დავმარცხდით.
მთელი დღე ვტიროდი და დღემდე, როდესაც ეს თამაში მახსენდება, ცრემლების შეკავება მიჭირს" - განაცხადა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ფრანსისკო ვარალიომ. არგენტინა რევანშს 56 წელი ელოდა.
3. არგენტინა-ურუგვაი 1:0
1986 წლის 16 ივნისი, მსოფლიოს ჩემპიონატი, მექსიკა, პუებლა.
მატჩის გმირი პედრო პაბლო პასკული გახდა. ურუგვაელები მთელ ყურადღებას დიეგო მარადონას უთმობდნენ და დაავიწყდათ "ლეჩეს" ფორვარდი, რომელმაც ამ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.
"ეს ჩვეულებრივი მოგება არ იყო. ურუგვაელები ძალიან ხისტად და ხშირ შემთხვევაში, უხეშადაც თამაშობდნენ. მატჩის შემდეგ ძალიან ბედნიერები ვიყავით, რადგან ურუგვაი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 56 წელიწადში პირველად დავამარცხეთ" - თავის წიგნში იხსენებდა დიეგო მარადონა.
4. ურუგვაი-არგენტინა 0:1
2009 წლის 14 ოქტომბერი, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი, მონტევიდეო.
მოსისხლე მტრები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში შეხვდნენ ერთმანეთს. სასწორზე მეოთხე ადგილი და ფინალური ეტაპის საგზური იდო. დაძაბული და თანაბარი მატჩის კულმინაცია 79-ე წუთზე მარიო ბოლატის მიერ გატანილი გოლი იყო.
ეს იყო არგენტინის პირველი გამარჯვება მონტევიდეოში ბოლო 33 წელიწადში. ამ მოგების წყალობით, "ალბისელესტემ" მუნდიალის საგზური მოიპოვა, ურუგვაის კი პლეი-ოფის თამაში მოუწია.
შეხვედრა ყველას ასევე დიეგო მარადონას პრესკონფერენციით დაამახსოვრდა - არგენტინელმა თამაშის შემდეგ უშვერი სიტყვებით ლანძღა ის ჟურნალისტები, რომლებიც მას აკრიტიკებდნენ.
5. არგენტინა-ურუგვაი 1:1 პენ. 4:5
2011 წლის 16 ივლისი, კოპა ამერიკა, სანტა ფე.
18-წლიანი უტიტულობის შემდეგ არგენტინელებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ ცუდ პერიოდს სახლში, კოპა ამერიკის მოგებით დაასრულებდნენ.
მეოთხედფინალში "ალბისელესტეს" მეტოქე ურუგვაი იყო და მასპინძლებს სურდათ, რომ 1987 წელს კოპა ამერიკაზე შინ განცდილი მარცხისთვის რევანში აეღოთ, თუმცა ვენდეტა არ შედგა.
შეხვედრის ძირითად დროში გოლები დიეგო პერესმა და გონსალო იგუაინმა გაიტანეს. დაინიშნა პენალტები, სადაც გადამწყვეტი კარლოს ტევესის გაფუჭებული 11-მეტრიანი გამოდგა.
ურუგვაიმ სერია 5:4 მოიგო და საბოლოოდ ტურნირზეც იმარჯვა, რაც მათთვის კოპა ამერიკაზე მე-15 გამარჯვება იყო. ამ მაჩვენებლით ურუგვაიმ არგენტინა ჩამოიტოვა, რომლის ანგარიშზეც 14 ტიტულია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"