ტორნეო ინისიალი. VI ტური: არგენტინაში "არგენტინოსი" ლიდერობს

AutoSharing Option
* "რივერ პლეიტში" თავი დიეგო სიმეონეს გუნდმა გამოიჩინა
* დიეგო მარადონას ყოფილი გუნდი თან ლიდერია და თან გავარდნის საფრთხე ემუქრება
* კარლოს ბიანკის "ბოკა ხუნიორსი" ძალიან არასტაბილურია
* მარტინ კაუტერუჩიომ ბოლო 10 მატჩში 8 გოლი გაიტანა


ტორნეო ინისიალის მე-6 ტურში ლიდერი დამარცხდა და მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა, პირველ ადგილზე კი ისევ "არგენტინოს ხუნიორსი" გადავიდა, რომელმაც მორიგი გამარჯვება მოიპოვა...

ჩემპიონების დუელი
ტურის ცენტრალური მატჩი შარშანდელი სეზონის ორ ჩემპიონს შორის შედგა - "ველეს სარსფილდმა", რომელმაც წინა ტორნეო ინისიალი და სეზონის გადამწყვეტი მატჩი მოიგო,
ტორნეო ფინალის გამარჯვებულ "ნიუელს ოლდ ბოისს" უმასპინძლა.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, "ველესის" დამაჯერებელი გამარჯვებითაც დასრულდა - 3:0.

ისევე, როგორც სეზონის ფინალურ შეხვედრაში, ანგარიში აქაც ლუკას პრატომ გახსნა - "ველესის" ფორვარდმა 11-მეტრიანი გამოიყენა. მეორე ტაიმში მოედანზე დავიდ ტრეზეგე გამოჩნდა, მაგრამ "ძველ ბიჭებს" ვერც მან უშველა. შეხვედრის გმირი კი 19 წლის რამირო კასერესი გახდა, რომელმაც კარიერაში პირველი გოლები გაიტანა.

ალფრედო ბერტის გუნდმა ჩემპიონატში პირველი მატჩი წააგო, "ველესმა" კი 9 ქულა მოაგროვა და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ახლა რიკარდო გარეკას შეგირდები ლიდერს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან.

"ბოკას" მორიგი სირცხვილი
ამდენივე ქულა აქვს "ბოკა ხუნიორსს", მაგრამ კარლოს ბიანკის გუნდი იმდენად არასტაბილურია, რომ მის საჩემპიონო შანსებზე სერიოზულად საუბარი ჯერ არ შეიძლება.

არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი ამ ტურში ბაია ბლანკას ეწვია და იქიდან შინ შერცხვენილი გამობრუნდა. ამ მატჩამდე "ოლიმპოს" "ბოკა" მხოლოდ ერთხელ, ისიც "ბომბონერაზე" ჰყავდა დამარცხებული. საკუთარ მოედანზე ბაიაბლანკელებმა მრისხანე მეტოქეს პირველად სძლიეს, თანაც ეს საკმაოდ დამაჯერებლად გააკეთეს და "ბოკას" ისტორიაში მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩააწერინეს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მარტინ პერეს გუედესი გახდა, ვინც დუბლი შეასრულა და სტუმართა განადგურებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. გამორჩეული იყო პაულო როსალესიც, რომლის შეჩერებაც "ბოკელებმა" ვერაფრით მოახერხეს.

სიმეონეს პირველი
ჯოვანი სიმეონემ კარიერაში პირველი გოლი შეაგდო, "რივერმა" კი "ტიგრე" გაანადგურა. დიეგო სიმეონეს ვაჟმა შეხვედრის მეორე გოლი გაიტანა, მანამდე და მერე კი თავი მანუელ ლანსინმა გამოიჩინა. ბოლო 8 მატჩიდან "რივერმა" მეტოქე მეექვსედ დაამარცხა და 7 ქულა მოაგროვა, "ტიგრე" კი ბოლოსწინა პოზიციაზე აღმოჩნდა.

კვლავ ბოლო ადგილზეა "რასინგი", რომელიც პირველ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. "აკადემიამ" "ლანუსი" პირწმინდად დაჩაგრა, მაგრამ ერთ გოლზე მეტი ვერ გაიტანა, თუმცა ეს ბურთი მასპინძლებმა 87-ე წუთზე შეაგდეს და თითქოს ასე ნანატრი გამარჯვებაც მოიპოვეს, მაგრამ მატჩის უკანასკნელ წამებზე შეტევაში ჩართულმა მაქსი ველასკესმა მეტოქის კარისკენ ზუსტად გაისროლა და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა.

"არგენტინოსი" ისევ ლიდერია
"არგენტინოს ხუნიორსი" წინა სეზონში ლიგიდან გავარდნას ძლივს გადაურჩა. რიკარდო კარუსი ლომბარდის გუნდს დაქვეითება წელსაც ემუქრება, მაგრამ თუ ასე გააგრძელა, დიეგო მარადონას ყოფილი გუნდი ამ პრობლემას მალე მოაგვარებს.

1985 წლის ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულმა "ოლ ბოისს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი ოსვალდო მირანდა გახდა, ვისთვისაც ეს "არგენტინოსის" რიგებში გატანილი პირველი ბურთი იყო.

ლიდერს არ ჩამორჩნენ სარანდის "არსენალი" და "სან ლორენსო". "მეთოფეებმა" მარტინ როლეს გოლით "კილმესს" მოუგეს, ამ უკანასკნელის ყოფილმა ფორვარდმა მარტინ კაუტერუჩიომ კი "სან ლორენსოს" გამარჯვებას დაუდო სათავე. ურუგვაელმა ამ ჩემპიონატში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა, ბოლო 10 მატჩში (წინა სეზონის ჩათვლით) კი მის ანგარიშზე 8 შედეგიანი დარტყმაა.

VI ტური

ველესი-ნიუელსი 3:0
გოლები: 1:0 პრატო (34-პენ), 2:0 რ. კასერესი (71), 3:0 რ. კასერესი (86)
გაძევება: პ. პერესი (72. ნიუელსი), კუბერო (82. ველესი)

ესტუდიანტესი-ბელგრანო 1:1
გოლები: 1:0 კარილიო (44), 1:1 მახიოლო (75)

გოდოი-კოლონი 1:0
გოლი: 1:0 რამისი (84)

არ. ხუნიორსი-ოლ ბოისი 1:0
გოლი: 1:0 ო. მირანდა (29)
გაძევება: ბატიონი (62. ოლ ბოისი)

ატლ. რაფაელა-ხიმნასია 2:1
გოლები: 1:0 დეპეტრისი (11), 2:0 როდალესი (90), 2:1 ფ. პერეირა (90)

რასინგი-ლანუსი 1:1
გოლები: 1:0 კ. არაუხო (87), 1:1 მ. ველასკესი (90)
გაძევება: პასკინი (83. ლანუსი), გოლტცი (89. ლანუსი), ფ. ორტისი (89. რასინგი)

როსარიო-სან ლორენსო 0:2
გოლები: 0:1 კაუტერუჩიო (26), 0:2 ე. ვილიალბა (86)

კილმესი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 როლე (44)

რივერი-ტიგრე 3:0
გოლები: 1:0 ლანსინი (46), 2:0 სიმეონე (63), 3:0 ლანსინი (65)

ოლიმპო-ბოკა 3:0
გოლები: 1:0 პერეს გუედესი (7), 2:0 ვულეტიჩი (70), 3:0 პერეს გუედესი (81)

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები:
5 - კაუტერუჩიო (სან ლორენსო); 4 - კარილიო (ესტუდიანტესი), რ. რამირესი (კოლონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. V ტური: ინისიალის ჩემპიონის პირველი მარცხი ინისიალზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული