ეკვადორი-არგენტინა 0:0 - ლეო მესის გარეშე ძნელია

AutoSharing Option
ლიონელ მესის გარეშე დარჩენილმა არგენტინის ნაკრებმა აშშ-ში, კერძოდ, ნიუ ჯერსიში, ეკვადორის ნაკრებთან ითამაშა და უგოლო ფრეს გამორჩა. ალეხანდრო საბელიამ შეკრებაზე ორ ისეთ ფეხბურთელს უხმო, რომელთაც ნაკრებში ნათამაშები არ ჰქონდათ და ორივე ძირითად შემადგენლობაში გაამწესა - ფაკუნდო რონკალიამ 63 წუთი ითამაშა, "ბორდოს" მარცხენა მცველმა ლუკას ორბანმა კი მინდორზე 90 წუთი გაატარა.

"ალბისელესტემ" საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და მარცხს იღბლის წყალობით გადაურჩა, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთებზე კინაღამ გამარჯვება მოიპოვა. პირველ ტაიმში უპირატესობას ეკვადორის ნაკრები ფლობდა და მე-12 წუთზე ანტონიო ვალენსიას რეალური საგოლე
შანსი შეექმნა - ჯეფერსონ მონტეროს ჩაწოდების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბი კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ მისი თავური ხარიხას მოხვდა. ამის შემდეგ გოლის გატანა მონტეროს შეეძლო, თუმცა სერხიო რომეროსთან პირისპირ დარჩენილს არგენტინელთა გოლკიპერმა აჯობა.

მეორე ტაიმის დებიუტში რომერომ საკუთარი გუნდი უკვე პარედესის დარტყმის შემდეგ იხსნა. აქედან მოყოლებული, უპირატესობა არგენტინელთა მხარეს გადავიდა და 88-ე წუთზე კინაღამ ანგარიშიც გაიხსნა - ცვლილებაზე გამოსულმა მაქსი როდრიგესმა, ანტონიო ვალენსიას მსგავსად, ძელს გაარტყა და საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს არგენტინა 19 ნოემბერს (გამთენიისას) ბოსნიის ნაკრებთან გამართავს.

ჟურნალისტების ვარაუდით, საბელია შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას განახორციელებს. კარში რომეროს ადგილი "ბოკას" გოლკიპერმა აგუსტინ ორიონმა უნდა დაიკავოს, დაცვაში საბალეტა, ოტამენდი და როხო, ხოლო შეტევაში პალასიო და აგუერო უნდა ვიხილოთ.

ეკვადორი-არგენტინა 0:0
არგენტინა (4-3-3): რომერო - რონკალია (63. საბალეტა), გარაი, ფ. ფერნანდესი, ორბანი - მასკერანი, ბანეგა (69. ბილია), დი მარია - რ. ალვარესი (79. მაქსი როდრიგესი), ლავეცი (63. აგუერო), იგუაინი (71. პალასიო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების ორ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული