ამრიგად, მესამე ტურის წინ ჯგუფში ოთხივე ნაკრებს: ბრაზილიას, პერუს, ვენესუელასა და კოლუმბიას 3-3 ქულა აქვთ და ყველაფერი ბოლო ტურში უნდა გაირკვეს.
* * *
ალბათ, კარგად გახსოვთ ბრაზილია და კოლუმბია ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატზეც, რომ შეხვდნენ. მაშინ მუნდიალის მასპინძლებმა იძალეს. მაგრამ მათ გმირ ნეიმარს ისე ეუხეშნენ, დიდხანს მკურნალობა მოუწია. ალბათ, ამიტომ იყო მეტისმეტად აგრესიული ბრაზილიელი ვარსკვლავი კოლუმბიელთა არგენტინელ თავკაცს, ხოსე პეკერმანს ვენდეტა ორმაგად სწყუროდა. კარლოს დუნგა კი "სელესაოს" მწვრთნელის პოსტზე მიბრუნების მერე, წაუგებელი გახლდათ, საოცარი სტატისტიკით - 11 მატჩიდან 11 მოგება (თუნდაც, აქედან 10 ამხანაგური), 8-ჯერ "მშრალად" შენახული კარი, მხოლოდ 3 გაშვებული ბურთი.
მოხდა ისე, რომ ეს სერია შეწყდა და ბრაზილიამ გოლიც კი ვერ გაიტანა.
კოლუმბიელებმა კი 1991 წლის მერე პირველად აჯობეს "სელესაოს". ზოგადად, ისტორიაში ასეთი რამ იშვიათად მომხდარა, ერთი ხელის თითები საკმარისია ბრაზილიელთა წაგებების დასათვლელად კოლუმბიელებთან.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, მაგრამ თვალსასეირო და ფეხბურთელები ცოტა უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყვნენ, მეტი გოლი გავიდოდა.
ის ერთადერთი გოლი კი ესპანური "გრანადას" მცველმა ჯეისონ მურილიომ გაიტანა, 23 წლის ფეხბურთელი მშვენივრად გაერკვა არეულობაში და დასწრებაზე ყველას აჯობა.
რამდენიმე ამხანაგურს თუ არ ჩავთვლით, ეს მისი მეორე ოფიციალური მატჩი გახლდათ კოლუმბიის მაისურით და აი, უკვე როგორი მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო.
ეს გოლიც და მთლიანობაში კოლუმბიელთა გამარჯვებას აბსოლუტურად ლოგიკური, სამართლიანი და დამსახურებული გახლდათ, რადგან ამ გატანილ ბურთამდე პეკერმანის ბიჭებმა ნამდვილი შტურმი მოუწყვეს ბრაზილიას და მთლიანობაში, აჯობეს მეტოქეს.
გოლის მერე მალევე ხამეს როდრიგესისა და თეოფილო გუტიერესის მშვენიერ კომბინაციას ხუან კუადრადოს ზუსტი დარტყმა უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ მან ააცილა. იქამდე კაპიტანმა რადამელ ფალკაომ დაარტყა საშინლად ხელსაყრელი პოზიციიდან. ფალკაომ მატჩი ჩააგდო, შეცვალეს კიდეც. მერე ხამესს ჰქონდა საგოლე მომენტი...
ცხადია, უქმად და უშანსოდ არც ბრაზილიელები ყოფილან. პირველ ნახევარში დამუშავებული კომბინაცია გავიდა - დანი ალვეშის ჩაწოდებულს ნეიმარმა თავი შეაგება, მაგრამ კოლუმბია დავიდ ოსპინამ იხსნა. მეორე ნახევარში კი საბოლოოდ მატჩის გმირად ქცეულმა მურილიომ უხერხული პასი გააკეთა უკან, ოსპინასაც ფეხი დაუცდა და "სელესაომ" არაფრისგან შანსი მიიღო, მაგრამ რობერტო ფირმინომ ფაქტობრივად დაუცველ კარს ააცილა.
ნეიმარმა პერუსთან გაკეთებული შესანისნავი ფინტის "სომბრეროს" გაგრძელებად, ამჯერადაც შემოგვთავაზა ერთი ოსტატური საცირკო ნომერი, მაგრამ მთლიანობაში ვერ გაიბრწყინა, გადაცემებისას ცდებოდა და ბოლოს იმით დააგვირგვინა, რომ საფინალო სასტვენისთანავე თითქოს, განგებ და ძლიერად გაარტყა ბურთი ზურგში პაბლო არმეროს, რასაც ფეხბურთელებს შორის გუნდური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
კოლუმბიელთა მხრიდან ყველაზე მეტად კარლოს ბაკა გაბრაზდა, რომელმაც ნეიმარს ხელი ისე ჰკრა, რომ კინაღამ წააქცია, მერე ჯაჯგურში ბაკას მაისურა შემოეხია და ძლივს დაამშვიდეს. ჩილელმა არბიტრმა ენრიკე ოსესმა კი სიამოვნებით აუფრიალა ორივეს წითელი.
დუნგას ეს არ მოეწონა, უსამართლო გადაწყვეტილება იყოო, და გაიხსენა ლიბერტადორესის თასის მატჩი, როდესაც ოსესის გადაწყვეტილება ასევე განხილვის საგანი გახდა.
თუმცა ნეიმარი რომ გაღიზიანებული გახლდათ და ბოლომდე სუფთა არ იყო, ფაქტია. სხვათა შორის, მისი და ბაკას დაპირისპირება თბილისში გაგრძელდება, როდესაც "ბარსელონა" და "სევილია" ჩამოვლენ...
"ყოველთვის ცუდია, როდესაც მატჩის მერე მსაჯზე გიწევს საუბარი, მაგრამ რა გაეწყობა. რაც შეეხება ნეიმარის გარეშე თამაშს, ჩვენ ეს ადრე გაგვიკეთებია და ახლაც გავაკეთებთ", - განმარტა დუნგამ.
კრიტიკოსებმა კი უმალვე წამოყვეს თავი - ჯერ იყო და ბრაზილიამ პერუს მოუგო გაჭირვებით, ბოლო წამებზე გატანილი გოლით, ახლა კი კოლუმბიასთან დამარცხდა. აბა, ამხანაგურებს უმწვრთნელოდაც მოიგებდნენო...
ფაქტია ერთი რამეც - მეტოქის აქტიურობა დასაწყისშივე და პირველი გოლის გაშვება ბრაზილიელებზე ძალიან ცუდად მოქმედებს და ამ კუთხით, "სელესაოს" სამუშაო აქვს.
პეკერმანი ძალიან კმაყოფილი გახლდათ და თავისიანებს მადლობას უხდიდა, დამსახურებულ გამარჯვებაზე საუბრობდა.
მოულოდნელი მარცხის მერე, კოლუმბიელებს ეს მოგება ძალიან სჭირდებოდათ. ჯგუფში კი უაღრესად დაძაბული სიტუაციაა, შანსს ყველა უნარჩუნებს.
კოპა ამერიკა 2015. C ჯგუფი. II ტური
ბრაზილია-კოლუმბია 0:1
გოლი: 0:1 მურილიო (36)
ბრაზილია (4-2-3-1): ჟეფერსონი - დანი ალვეში, მირანდა, ტიაგო სილვა, ფილიპე ლუიში - ელიაში (76. ტარდელი), ფერნანდინიო - ვილიანი (69. დუგლას კოშტა), ფრედი (46. კოუტინიო), ნეიმარი - ფირმინო
კოლუმბია (4-4-2): ოსპინა - სუნიგა, საპატა, მურილიო, არმერო - კუადრადო, კ. სანჩესი, ე. ვალენსია (80. მეხია), ხ. როდრიგესი - გუტიერესი (76. ბაკა), ფალკაო (69. იბარბო)
გაფრთხილება: ფერნანდინიო, ფირმინო, ნეიმარი - გუტიერესი
გაძევება: ნეიმარი (90+6), ბაკა (90+6)
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 20-19 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 9(2)-15(1) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 44 000
პერუ-ვენესუელა 1:0
გოლი: 1:0 პისარო (72).
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 2 1 0 1 2-2 3
2. პერუ 2 1 0 1 2-2 3
3. ვენესუელა 2 1 0 0 1-1 3
4. კოლუმბია 2 1 0 1 1-1 3
მომდევნო ტური
21 ივნისი:
კოლუმბია-პერუ; ბრაზილია-ვენესუელა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"