ლიონელ მესი: ადამიანი-ძაღლი

AutoSharing Option
რატომ ვარ ამდენ ხანს აქ? ყველაზე მარტივი პასუხი, ალბათ, იქნებოდა - ჩემი ქალიშვილის გამო, ჩემი ცოლის გამო, ჩემი კატალონიური ოჯახის გამო. და მაინც, თუ უნდა გიპასუხოთ გულახდილად და სუფთად, თუ რატომ ვატარებ კატალონიაში ამ რთულსა და ძალიან დამღლელ დროს, მე გეტყვით: 40 წუთი მჭირდება მატარებლით, რათა მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთამდე მივიდე.

ჩემი ცოლი და ქალიშვილი უეცრად თუ გადაწყვეტენ კატალონიის მიტოვებას და სამშობლოში დაბრუნებას, მე ცოლს უნდა გავცილდე. აქ დავრჩებოდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მაინც.

მსოფლიოს არასოდეს უნახავს ასეთი ფეხბურთი. დიდი ალბათობით,
ვერც ვერასდროს ნახავს. ესეც მართალია, რომ ამ სიტყვებს მე განსაკუთრებულ დროს ვწერ. ვწერ მაშინ, როცა მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ხუთი გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში და ორი პრიმერაში შეაგდო. ეს განსაკუთრებული დროა.

10 გოლი სამ მატჩში, სამ სხვადასხვა ტურნირში - ეს მართლაც დიდებული მიღწევაა. საამისოდ მესის მხოლოდ ერთი კვირა დასჭირდა.

კატალონიური პრესა სხვაზე არაფერზე წერს. ტელევიზია მხოლოდ მესის ფენომენზე საუბრობს. გაზეთების პირველი გვერდებიდან უეცრად გაქრა მასალები ეკონომიკური კრიზისის შესახებ კატალონიაში. და ამასობაში მე ამოვხსენი ძალიან რთული, ძნელად გასაგები თეორია. შევეცდები, მასზე დავწერო. რაც მთავარია, დავწერო გასაგებად...

ყველაფერი ერთ დილას დაიწყო. მესის გოლებს ვუყურებდი "იუთუბზე". ისევ და ისევ. გაუთავებლად. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ამის ნაცვლად ჩემი ჟურნალის მომდევნო ნომერზე უნდა მემუშავა. ეს კლიპები არ უნდა მენახა.

მოულოდნელად გავხსენი ვიდეო, რომელიც ადრე არასოდეს მენახა. თავიდან ვიფიქრე, რომ ის ისეთივე იქნებოდა, როგორიც ათასობით სხვა. უცებ მივხვდი, ეს ასე არ იყო. ეს კლიპი არ ეძღვნებოდა მესის გოლებს, პასებსა თუ დრიბლინგებს.

ეს იყო ორასი-სამასი პატარა ეპიზოდისაგან შემდგარი კლიპი. იმ ეპიზოდებში მესის წინააღმდეგ თამაშის წესი ირღვეოდა ხოლმე. ისინი ურტყამდნენ მას ფეხებში, მესი კი არ იქცეოდა, არ ილანძღებოდა, უკმაყოფილებას არ გამოხატავდა. ის არ ეძებდა მიზეზებს ჯარიმებისა და პენალტებისათვის. წონასწორობის შენარჩუნების მიზნით ის ბურთს მზერას არ წყვეტდა. ის მეტოქესაც უფრთხილდებოდა, ყვითელი ბარათი რომ არ მიეღო.

იმ კლიპში ძალიან ბევრი იყო ძლიერი დარტყმა, სარმები, ხელის კვრა, მაისურზე ჩაჭიდება... ამ რაოდენობით ეს ელემენტები ადრე არასოდეს მინახავს. ის გარბის ბურთთან ერთად. ურტყამენ ბარძაყში. ის მაინც გარბის. მას ვერაფერი აჩერებს. მას ექაჩებიან მაისურში. ის ისევ გარბის.

უცებ გავიყინე. ამ ეპიზოდში მე დავიჭირე რაღაც ძალიან ნაცნობი და ახლობელი. მე გადავახვიე ყველა ეპიზოდი და დავრწმუნდი - ნებისმიერ მომენტში მესის თვალები ბურთს უყურებენ. ის არ უყურებს ესპიზოდის მსვლელობას, მის შინაარსს. მხოლოდ ბურთს.

თანამედროვე ფეხბურთს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი აქვს. მაგალითად, მეტოქის საჯარიმოში წაქცევა ხშირად პენალტით სრულდება. მოწინააღმდეგის მცველი ყვითელ ბარათს იღებს და რისკით თამაშობს. ასე რომ მივუდგეთ, შეიძლება ვიფიქროთ: მესიმ ფეხბურთისა და მისი ოქროს წესების თაობაზე არაფერი იცის.

გეგონება, ის ტრანსშია ან ჰიპნოზი აქვს გაკეთებული. მას უნდა ერთადერთი რამ - როგორმე მოწინააღმდეგის კარში შეაგდოს ბურთი. მას ფეხებზე ჰკიდია შედეგი, წესები, შედეგისკენ სავალი გზა. თუ მის თვალებს ამ დროს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ისინი ზომაზე მეტად ფართოვდებიან - თითქოს, ძალიან საინტერესოს კითხულობენ.

სად მინახავს ასეთი გამოხედვა? ნიშანი უდიდესი კონცენტრაციისა? შევაჩერე ვიდეოს მსვლელობა და მესის თვალებში ჩავხედე. ყველაფერს მივხვდი. ეს არის ტოტინის თვალები. ის ზუსტად ასე იყურებოდა, როცა ჭკუიდან გადადიოდა პატარა ყვითელი ნაჭრის გამო.

პატარა ვიყავი. მყავდა ძაღლი, სახელად ტოტინი. ის არ იყო ჭკვიანი. არაფერი გულთან ახლოს არ მიჰქონდა. ერთხელ გაგვქურდეს და ის, უბრალოდ, უყურებდა. ქურდებმა ტელევიზორი გაიტანეს სახლიდან, ის კი... ვითომც არაფერი. ავად ვიყავი ხოლმე და საერთოდ არ მამხნევებდა.

აი, მაშინ კი, როცა ან მე, ან ჩემი და ან დედა ავიღებდით ამ ყვითელ ნაჭერს, ჭურჭლის სარეცხ ჩვეულებრივ ნაჭერს, ტოტინი იმ წამსვე გიჟდებოდა. მას ეს ნაჭერი ყველაზე მეტად უნდოდა მსოფლიოში. ის მზად იყო, მომკვდარიყო, ოღონდ დაეთრია ეს პატარა ყვითელი ნაჭერი და თავის სამყოფში წაეღო. მე ვიღებდი ამ ნაჭერს და მას დემონსტრაციულად ვაჩვენებდი. ის მას თვალს არ აშორებდა. მე ვაქნევდი ძაღლის საყვარელ საგანს და ის ამ მოძრაობებს იმეორებდა. მისი თვალები უფრო და უფრო ჭკვიანი ხდებოდა. ასეა მესიც. მისი თვალები თვით შერლოკ ჰოლმსის თვალებს ჰგავს, როცა ბურთს უყურებს.

ვუყურებდი ამ ვიდეოს და მივედი აღმოჩენამდე, რომ მესი ძაღლია. ადამიანი-ძაღლი მაინც. ეს ჩემი თეორიაა და უნდა მაპატიოთ, თუ ზედმეტად თამამად მოგეჩვენებათ. მესი პირველი ძაღლია, ვინც ფეხბურთს თამაშობს.

ძაღლები არ ილანძღებიან, როცა მათ კატა გაურბით. ისინი მსაჯს არ აბრალებენ, როცა ავტოს ვერ ეწევიან. ისინი არ ითხოვენ მეორე ყვითელ ბარათს დამნაშავისათვის. მესიც ასეა. ზუსტად ასე.

ადრე, დიდი ხნის წინ, ადრეულ წლებში ხალხიც ასეთი იყო. ისინი მხოლოდ ბურთს დასდევდნენ და მეტი არაფერი. მაშინ არ იყო ბარათები, ოფსაიდი, სტუმრად გატანილი გოლის წესი...თავიდან, სულ დასაწყისში, ხალხი ისე თამაშობდა ფეხბურთს, როგორც მესი და ტოტინი.

ეს მერე და მერე გახდა ფეხბურთი ძალიან უცნაური. ეს მერე მოწამლა ფეხბურთი ბიუროკრატიამ. ეს მერე ხდება, რომ ხალხი მთელი კვირის განმავლობაში განიხილავს მნიშვნელოვანი შეხვედრის პერიპეტიებს.

ისიმულიანტა თუ არა პედრომ მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანში? მისცა თუ არა მნიშვნელოვანი თამაშის წინ მწვრთნელმა მოედნის მორწყვის მითითება? მართალია თუ არა, რომ 2:1-ზე ბურთის მიმწოდებელი ბიჭები გაქრნენ და ანგარიში რომ გათანაბრდა, ისევ გამოჩნდნენ? გაასაჩივრებს თუ არა კლუბი პაკოს მეორე ყვითელს? სწორად დაამატა თუ არა მსაჯმა დრო?

არა. ძაღლები არ უსმენენ რადიოს. არ კითხულობენ პრესას. ისინი არ არჩევენ ერთმანეთისაგან ფინალსა და ამხანაგურ შეხვედრას. მათ უნდათ, დაითრიონ ღრუბლის ყვითელი ნაჭერი და თავიანთ საწოლში წაიღონ.

ერთხელ გამოჩნდა ეს ბიჭი. ბიჭი როსარიოდან. მან შეცვალა სპორტის ეს სახეობა. ის არ არის მჭევრმეტყველი. მან არ იცის, რა არის ეშმაკობა, მაგრამ ყველაზე მაგრად ათავსებს ტყავის მრგვალ სფეროს ორ ძელს შორის.

მან დღეს ხუთი ბურთი გაიტანა. თუ მოინდომებს, შემდეგში გაიტანს ექვსს. - თქვა ერთხელ პეპ გვარდიოლამ. მესისათვის შეუძლებელი არაფერია. ოღონდ იყოს ბურთი, მინდორი და ორი ძელი.

ეს არ იყო გვარდიოლას კომპლიმენტი. ეს ფაქტია. მესი ავადაა. ის დაავადებულია ფეხბურთით. მე მიყვარს მესი, მიყვარს მისი ავადმყოფობა. მიყვარს მესი, როგორც უკანასკნელი ადამიანი-ძაღლი მსოფლიოში.

და ყოველ შაბათს მე ვუყურებ ამ ევოლუციას, ამ სასწაულს. ამიტომ ვარ ამდენ ხანს კატალონიაში, თორემ უფრო სხვაგან ცხოვრება მესიამოვნებოდა.

ყოველთვის, როცა "კამპ ნოუს" საფეხურებზე ავდივარ, ჩემ წინაშე იშლება მწვანე მინდორი. განათებული მინდორი. მაშინ მე ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ძალიან გამიმართლა, სპორტის ეს სახეობა ასე რომ მიყვარს.

ამ მომენტით და ადგილით ვტკბები, მესის თამაშით ვტკბები.

წარმოვიდგენ ხოლმე: ერთ დღეს, განკითხვის დღეს, მთელი პლანეტის მამრობითი სქესი ფეხბურთზე სალაპარაკოდ შეიკრიბება. მე ამსტერდამში ვსწავლობდი 1979 წელს, - იტყვის ერთი. სან პაულოში არქიტექტორი ვიყავი 1952 წელს, - იტყვის მეორე. მამაჩემი იტყვის: მე 1967 წელს მონტე ვიდეოში ვიმოგზაურე.

მერე ეს ლაპარაკი მიწყნარდება. მე ავდგები და ვიტყვი: "ბარსელონაში" ვცხოვრობდი, ადამიანი-ძაღლის დროს. ჩამოვარდება სიჩუმე. ყველა თავს ჩაქინდრავს. მერე გამოჩნდება ღმერთი და მეტყვის: "ი, შენ, პატარა მსუქანავ! შენ გადარჩი. დანარჩენები გასახდელში მიდიან!"

ერნან კაშიარი, არგენტინელი ჟურნალისტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს ის რაც შეუძლია! ოღონდ მონდომებით და სრული ენთუზიაზმით.
ბრავო ერნან კაშიარს
m.k.t.
01 ივლისი 2015 11:05
0
ძალიან მაგარი სტატიაა ძალიან ორიგინალური და ღიმილს რომ მოგგვრის სახეზე ისეთი
akaki
30 ივნისი 2015 22:58
0
ადამიანს ჯერ აღზრდილი უნდა იყოს, მერე განათლებული. შენ მარტო მესის კი არ მიაყენე შეურაცყოფა მთლიან კაცობრიობა შეურაცყავი
gaga
30 ივნისი 2015 22:17
0
მაგარი წერილია
messi
30 ივნისი 2015 18:43
0
მაგარია! ბრავო ავტორ! ასეთი ზუსტი შედარება არსად წამიკითხავს!
zaza
30 ივნისი 2015 18:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული