მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა: ამერიკა მუნდიალის გზას შეუდგა

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში კოპა ამერიკის ნაკვერჩხალი ჯერ ბოლომდე არ ჩაფერფლილა და ახლა ის ისევ გაღვივდება. საფეხბურთო ცეცხლი აალდა და მთელი კონტინენტის ტერიტორიაზე: წუხელ, ჩვენი დროით შუაღამიდან მოყოლებული, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი პირველი ტურით დაიწყო.

ერთი ესაა, რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შედარებით ნაკლები ვარსკვლავით დაიწყო. არა, სამხრეთამერიკელებს ვარსკვლავებს რა მოაკლებთ, მაგრამ მათ ყველაზე კაშკაშების გარეშე დაიწყეს. არა უშავს, რუსეთამდე თან ახლოა და თან შორი და გზად სხვებიც დაბრუნდებიან.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავი ის არის, რომ ლიონელ მესი და ნეიმარი არ არიან
საწყის ტურებში. მოგეხსენებათ, არგენტინისა და ბრაზილიის მთავარ ვარსკვლავებს "ბარსელონა" აერთიანებთ.

ლეო, როგორც იცით, ტრავმირებულია, ხოლო ნეიმარს დისკვალიფიკაცია მოჰყვება. დისკვალიფიკაციის ხსენებაზე, პირველ რიგში, ლუის სუარესი გავიხსენოთ - "ბარსელონას" მესამე კაშკაშა ვარსკვლავი - რომელიც ურუგვაის ისევ ვერ დაეხმარება.

სუარესი ერთადერთი არ არის, ვინც ისედაც გარკვეული გარდამავალი პერიოდის პროცესში მყოფ ნაკრებს გამოაკლდება; ოსკარ ტაბარესი ამჯერად ვერც ედინსონ კავანის დაიხმარებს (გონსალო ხარას საქციელი და ინციდენტი გვახსოვს) და გამოცდილ მწვრთნელს რამის მოფიქრება მოუწევს.

ხამეს როდრიგესი კი კოლუმბიელთა სიხარული და ამ წუთას ტკივილი და დანაკლისია. არადა, ხოსე პეკერმანის ბიჭებს ბევრი აქვთ დასამტკიცებელი, რადგან საუცხოოდ ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მერე, კოპა ამერიკაზე ძალიან ცუდად გამოვიდნენ.

კიდევ ერთი ფინალის წაგების მერე არგენტინა ახალ გზას ადგება - გუნდმა საკვალიფიკაციო ციკლი ეკვადორთან საშინაო შეხვედრით დაიწყო, რასაც პარაგვაისთან სტუმრობა მოჰყვება. როგორც მოსალოდნელი იყო, კოპას მერე ხერარდო მარტინომ შემადგენლობის გადახალისება და ახალი სახეების მოწვევა დაიწყო. ექსპერიმენტები ამხანაგურების დროსაც ვიხილეთ.

"ტატა" იმხელა კონტინგენტიდან ირჩევს და იმდენი კარგი კადრი ჰყავს, რომ ყველას ერთიანად მაინც ვერ გასწვდება. მაგალითად, სათქმელია, რომ მრავალჯერ ნაკრიტიკები გონსალო იგუაინი გამოძახებული აღარ არის. სამაგიეროდ, "პიპიტასგან" განსხვავებით, ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა შემტევის, პაულო დიბალასა და მადრიდის "ატლეტიკოს" ტალანტის, ანხელ კორეას ადგილი მოიძებნა. ყურადღება უნდა მივაქციოთ "რივერ პლეიტის" 22 წლის ნახევარმცველს, მატიას კრანევიტერსაც და ასე შემდეგ.

"ყოველთვის უკეთესია, როდესაც მესი გყავს, მაგრამ ის არ იქნება და ეს არანაირი გამამართლებელი საბუთი არ არის. ლეოს გარეშეც უნდა მივაღწიოთ წარმატებას" - განაცხადა ხავიერ მასკერანომ.

ტაბარესის პრობლემები ვახსენეთ და ურუგვაი სულისშემხუთველად და მძიმედ იწყებს - ლა პასში ბოლივიასთან და მერე შინ კოლუმბია. თავად კოლუმბიელები კი ურუგვაიმდე მოცოცხლებულ პერუს დაუხვდნენ.

პირველი ტურის მთავარი მატჩი სანტიაგოში გაიმართა, "ნასიონალზე", ანუ იქ, სადაც ჩილემ ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა, სულ ცოტა ხნის წინათ... როდესაც საშინაო კოპა ამერიკის ფინალში არგენტინას აჯობა პენალტების სერიაში. ამ მუხტით და ძველი ამალით ხორხე სამპაოლი ჩილელთათვის ახალ აღმაფრენას იწყებს.

"ახლა ყველაფერს თავიდან, ახალი თავიდან ვიწყებთ და ერთად ჩვენ ამას შევძლებთ" - თქვა ჩილეს კაპიტანმა კლაუდიო ბრავომ.

კოპაზე ბრაზილია საერთოდ უფერული გახდა, როდესაც ნეიმარი დაკარგა და საბოლოოდ, პარაგვაისთან პენალტებით წააგო. დუნგამ ჰალკი დააბრუნა, რომელიც ფორმაშია და მის გარდა, განაცხადში კიდევ ერთი ნომინალური თავდამსხმელია - 35 წლის რიკარდო ოლივეირა.

მას "სანტოსის" მაისურით გოლი გოლზე გააქვს. დუნგამ ნაკრებში კაკაც დააბრუნა და თავისი ჯადოქარი ნახევარმცველების (კაკა, ვილიანი, დუგლას კოსტა, ოსკარი...) თავდამსხმელებისთვის აქტიურად შეშველებას ეცდება. არ იქნებიან ფილიპე კოუტინიო და რაფინია, რომლებიც დაშავდნენ და დუნგამ ბოლო მომენტში მათ ნაცვლად სწორედ კაკასა და დანი ალვეშს დაუძახა.

სამხრეთ ამერიკაში ყველაფერი ახლიდან იწყება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული