ევროპის ჩემპიონატის ფინალში მიღებული ტრავმაც არ გვავიწყდება. თუმცა ფაქტია, რომ საბოლოო ჯამში, პორტუგალიელმა მოიგო ევრო 2016-იც, ჩემპიონთა ლიგაც და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც.
კიდევ ეთხელ მოიპოვა "ოქროს ბურთი" და ასევე ფიფას წლის ფეხბურთელის ახალი, სადებიუტო ჯილდოც ჰხვდა წილად, რომლისთვის ბრძოლაში მან კვლავაც ლიონელ მესისა და ანტუან გრიზმანს აჯობა.
რონალდო ამ ყველაფერზე Fifa.com-ს გაესაუბრა, საკუთარი მოსაზრება განვლილ
- კრიშტიანო გილოცავთ. თქვენთვისაც კი, ვისაც ისეთი დიდებული კარიერა აქვს და ფეხბურთში არაერთი წარმატებული წელი გაუტარებია, 2016 წელი ალბათ, მაინც გამორჩეულად დასამახსოვრებელი იქნება, არა?
- ეს უკვე რამდენჯერმე მითქვამს - 2016 წელი ალბათ, საუკეთესოა ჩემს კარიერაში. მოვიგე ევრო 2016 და ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამარჯვება განსაკუთრებულია და პირველ რიგში ეს ხდის ამ წელს გამორჩეულს. თანაც, პორტუგალიისთვის ეს პირველი ასეთი წარმატება გახლდათ.
გარდა ამისა, მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება არ უნდა დაგვავიწყდეს, რასაც წლის იდეალურად დაგვირგვინება და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება მოჰყვა. ასე რომ, უნიკალური წელი გახლდათ, ნამდვილად განსაკუთრებული. რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, ყველაზე გამორჩეული წელია, ამაში ეჭვი აღარ მეპარება.
- როდესაც თვალს გადაავლებთ ხოლმე იმ უამრავ ინდივიდუალურ ჯილდოს, რომელიც მოპოვებული გაქვთ და ზოგადად მიღწეულ წარმატებებს გაიხსენებთ,… ფიქრობთ, რომ თქვენი ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდითაა?
- ეჭვი არ მეპარება, რომ მე უკვე ფეხბურთის ისტორიის ნაწილი ვარ. ეს ყოველთვის ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ, თამაშის დაწყების დღიდან. მე უბრალოდ ფეხბურთელობა კი არ მსურდა, მინდოდა ვარსკვლავი ვყოფილიყავი და საუკეთესოთა შორის დამემკვიდრებინა ადგილი. მე ეს შევძელი - ტიტულები და ჯილდოები ყველაფერზე მეტყველებს…
ინდივიდუალური გამარჯვებები, გუნდური წარმატებები და რეკორდები. ეს სიამაყით მავსებს და მაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ იგივე შემართებით გავაგრძელო და კიდევ მივაღწიო გამარჯვებებს.
- უამრავი ინდივიდუალური ჯილდო გაქვთ მოგებული, მაგრამ ახლა ახალ ბრენდზე ვსაუბრობთ: პირველი ჯილდო ფიფას წლის საუკეთესო მამაკაცი მოთამაშის ნომინაციაში.
- დიახ! ეს პირველია. ულამაზესი და მძიმე ჯილდოა (იცინის). ფიფამ პირველად გაუწია ორგანიზება ამ ცერემონიასა და ჯილდოს გადაცემას, რაც მის მოგებას უფრო განსაკუთრებულს ხდის. ეს ჩემთვის დიდი პრივილეგიაა.
- რა არის იმის საიდუმლო, რომ წლიდან წლამდე სათამაშო ფორმას ასე კარგად ინარჩუნებთ?
- საიდუმლო არ არის. უბრალოდ, თავდაუზოგავად ვშრომობ და ბოლომდე ვიხარჯები. ვთამაშობ გუნდისთვის, რომელიც მაძლევს საშუალებას ყველა ამ ჯილდოსთვის და ტიტულისთვის ვიბრძოლო. უნდა ვახსენო ნაკრებიც, საუცხოო ევროპის ჩემპიონატი გამოგვივიდა. ეს ახდენილი ოცნებების წელი იყო, როგორც კოლექტიური, ასევე ინდივიდუალური წარმატებების მხრივ. ყველა ფრონტზე გაამრჯვებას მივაღწიე.
- თქვენ გადამწყვეტი პენალტი გაიტანეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში 3 გოლით გამოიჩინეთ თავი. ევროპის ჩემპიონატი კი სხვაგვარი გახლდათ, ევროს ფინალში დებიუტშივე შესაცვლელი შეიქენით ტრავმის გამო. რა იგრძენით მაშინ?
- რთული გადმოსაცემია. თამაში დავიწყე, მაგრამ ვერ დავამთავრე. ძალიან ვნერვიულობდი. მახსოვს, რომ რაღაც პერიოდი გასახდელში ვიყავი, მერე გამოვედი. ჩემი ქცევა ყველაფერზე მეტყველებს, ვერაფერს ვამბობდი, ზედმეტად ვნერვიულობდი. რაც მთავარია, მთლიანობაში ეს პორტუგალიისთვის დიდებული დღე გამოვიდა.
- არადა, შორიდან ისე ჩანდა, რომ თავს კომფორტულად გრძნობდით….
- შეიძლება ასე ჩანდა, მაგრამ ასე არ იყო!
- მწვრთნელი სანტოსის გვერდით, ძალიან ბუნებრივად გამოიყურებოდით და ხანდახან დარიგებებსაც აძლდვდით თანაგუნდელებს. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მომავალში კრიშტიანო რონალდოს მწვრთნელადაც ვიხილავთ?
- ძალიან რთული სათქმელია…, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ამ წუთას საკუთარ თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ.
- ერთი მომენტის გამორჩევა რომ გთხოვოთ 2016 წლიდან რომელს გამოარჩევდით და რატომ?
- ევროპის ჩემპიონატის მოგებას. ჩემი აზრით, ეს კარიერის პიკია. რასაკვირველია, არ ვაკნინებ დანარჩენ ტიტულებს. ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება უდიდესი წარმატებაა. უბრალოდ, სანაკრებო ტიტული გამორჩეულია. თანაც, იმითაც, რომ ეს პირველი დიდი გამარჯვება იყო პორტუგალიის ისტორიაში.
- რა არის თქვენი მთავარი მიზნები 2017 წელს?
- იგივე მიზნები მაქვს, ძველ-ახალი გამოწვევები. მინდა ტიტულების მოგება, ბევრი გოლის გატანა, ჯილდოების მოპოვება.… მსურს, რაც შეიძლება მეტ და დიდ წარმატებას მივაღწიო.
- წელს თქვენ კონფედერაციათა თასზეც გელით თამაში. რას ნიშნავს ეს პორტუგალიისთვის და პირადად კრიშტიანოსთვის?
- ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პორტუგალია კონფედერაციათა თასზე ითამაშებს და ეს ბრწყინვალეა. შევეცდებით, წარმატებულად თამაში გავაგრძელოთ და, რასაკვირველია, გამარჯვებაზე ვიოცნებებთ.
ვიცით, რომ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან არაერთი ძლიერი ნაკრები გვეყოლება მეტოქედ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"