ტრანსფერ ONLINE: 25 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:10. პსჟ-მა მაინც აჯობა "მანჩესტერ იუნაიტედს". "ბენფიკას" 20 წლის ფორვარდი გონსალო გუედეში უკვე პარიზშია, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მერე კი კონტრაქტსაც გააფორმებს. გარიგების დეტალები ჯერჯერობით, არ გახმაურებულა.

12:20. კარგი ამბავი "ლივერპულის" ფანებისთვის: ფელიპე კოუტინიომ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააგრძელა. ახალი ხელშეკრულების პირობებით, ბრაზილიელი პლეიმეიკერი კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებს.

12:32. "ევერტონმა" სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა "ვოლფსბურგის" ფორვარდი ანტონ დონკორი.

12:51. ალენ ჰალილოვიჩმა შეიძლება "ლას პალმასში" ამოჰყოს თავი. "ელ მუნდო დეპორტივოს" ინფორმაციით, 20 წლის ხორვატი ნახევარმცველის იჯარაში ესპანელები "ჰამბურგს" 1,5
მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო ფეხბურთელის გამოსყიდვა 5 მილიონი დაუჯდებათ.

12:58. BBC ამტკიცებს, რომ "სტოკის" ნახევარმცველი ჩარლი ადამი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" აღმოჩნდეს.

13:27. "კურიტიბას" ძალიან უნდა რონალდინიო. ინფორმაციას პოპულარული "ო გლობო" ავრცელებს. ბრაზილიური კლუბი მზადაა, 36 წლის პლეიმეიკერს თვეში 100 ევრო გადაუხადოს. ტრანსფერის უშუალო ინიციატორია "კურიტიბას" სპორტული დირექტორი ჟულიანო ბელეტი, ვინც ერთ დროს რონალდინიოს თანაგუნდელი იყო "ბარსელონაში".

13:50. ან "მარკა" შეიშალა, ან - "მანჩესტერი" და "ჩელსი"! ეს პატივცემული ინგლისური გრანდები, თურმე, 200 მილიონ ევროს იძლევიან გარეთ ბეილში. ახლა ხელფასი? - თვეში 400 ათასი ევრო ბონუსების გარეშეო. ვნახოთ, რა გამოხმაურება ექნება ამ ინფორმაციას.

14:03. პეპეს თურმე ჩინეთში ეპატიჟებიან. განსაკუთრებით აქტიურობს "ჰებეი ჩაინა", რომელიც გამოცდილ პორტუგალიელ მცველს წელიწადში... 15 მილიონ ევროს ჰპირდება. თუმცა თავად ფეხბურთელს შორეული აღმოსავლეთისკენ გული არ მიუწევს და "რეალთან" თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.

14:25. "მანჩესტერ სიტიში" ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გახშირებულ სპეკულაციებზე "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი კარლოს რექსაჩი მშვიდად პასუხობს:
"მე ოდნავადაც არ ვღელავ და თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ. ლეო საკმარისად ჭკვიანია და კარგად იცის, რა კლუბშიც თამაშობს. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მისი ბედი სამუდამოდ არის გადაჯაჭვული "ბარსელონასთან", დანარჩენი კი, უბრალოდ, ჭორაობაა და მეტი არაფერი", - უთხრა რექსაჩმა ესპანელ ჟურნალისტებს.

14:30. ცნობილი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი წერს, რომ "ბარსელონა" ლიონელ მესის წელიწადში 40 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც კარლოს ტევესის ყველა დროის რეკორდს გაუტოლდება. სწორედ ამ თანხაზე დაუდო კონტრაქტი ჩინურმა "შანხაიმ" ვეტერან არგენტინელ ფორვარდს.

14:48. და კიდევ ერთი ინფორმაცია ლიონელ მესის ყბადაღებულ კონტრაქტზე. ეს იქნება 5-წლიანი დოკუმენტი, რომელზე სამსჯელოდ მხარეები უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან.

14:54. პატრის ევრას აგენტი მარსელშია. "იუვენტუსმა" 36 წლის მარცხენა მცველს თავისუფალი აგენტის სტატუსი უბოძა. "მარსელთან" მოლაპარაკებები ამ ორ დღეში უნდა დასრულდეს.

15:13. ანტონიო კონტესგან ათვალწუნებულ ბორისლავ ივანოვიჩს "ზენიტში" უხმობენ. შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მედიას სერბი მცველის აგენტი ანდრეა დ'ამიკო ელაპარაკა.

15:38. კლაას-იან ჰუნტელაარის მომავალი მალე გაირკვევა. ჰოლანდიელი მცველის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც კლუბთან თანამშრომლობა ავტომატურად გაგრძელდება ერთი წლით, თუ ფეხბურთელი სეზონის განმავლობაში "შალკეს" მატჩების ნახევარში მიიღებს მონაწილეობას. ჰუნტელაარი დიდხანს ავადმყოფობდა, რის გამოც 17 ტურის შემდეგ მხოლოდ შვიდ შეხვედრაში ითამაშა.

15:47. "ბარნლიმ" "ჰალს" რობერტ სნოდგრასის თაობაზე მიმართა. 29 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი 11.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

15:53. გუშინაც ვწერდით, რომ "ჩელსი" მეკარე ასმირ ბეგოვიჩის შემცვლელს ეძებს. ამჯერად, "დეილი მეილი" ახალ ვერსიას გვთავაზობს - შოტლანდიის ნაკრებისა და "სელტიკის" მეკარე კრეიგ გორდონი. განიხილება ფერნანდო მუსლერასა ("გალათასარაი") და დიეგო ლოპესის ("ესპანიოლი") ვარიანტებიც.

16:15. "ლივერპულთან" გაფორმებული ახალი კონტრაქტის ძალით, ფილიპე კოუტინიო "წითლების" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. 24 წლის ბრაზილიელი კვირაში 230 ათას ევროს მიიღებს.

16:45. "მარსელი" "ვესტ ჰემთან" მოლაპარაკების მორიგ რაუნდში ჩაება. განიხილება დიმიტრი პაიეს ტრანსფერი. ფრანგულმა კლუბმა შეთავაზება 29 მილიონ ევრომდე გაზარდა, თუმცა, როგორც "სქაი სპორტი" ამტკიცებს, "ჩაქუჩებმა" ეს წინადადებაც უარყვეს.

17:05. როგორც ჩანს, "უოტფორდი" და "მილანი" მბაიე ნიანგზე მორიგდებიან. პრემიერლიგის კლუბი "როსონერის" ჯერ მილიონ ევროს გადაუხდის იჯარაში, ხოლო შემდეგ 16 მილიონად გამოისყიდისო, გვამცნობს "სქაი სპორტი".

17:12. "ასტონ ვილამ" შვეიცარიული "ბაზელიდან" 28 წლის ისლანდიელი ნახევარმცველი ბირკირ ბიარნასონი გადაიბირა და ხუთწლიანი კონტრაქტიც გაუფორმა.

17:22. "შალკემ" "ვოლფსბურგისგან" 29 წლის ნახევარმცველი დანიელ კალიჯური გადაიფორმა. კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდეა გათვლილი, გარიგების საფასური კი 2.5 მილიონი ევროა.

17:30. "ბარნლიმ" მოახერხა ის, რასაც დიდხანს უშედეგოდ ცდილობდა "ვესტ ჰემი" - რობერტ სნოდგრასი 11,5 მილიონ ევროდ არა ლონდონში, არამედ "თარფ მურზე" გადაბარგდა.

17:40. "ბეტისმა" "სტიაუასგან" 24 წლის მცველი ალინ ტოშკა იყიდა. კონტრაქტი 5-წლიანია.

17:55. "სტოკის" მცველი ჯოელ ტეილორი იჯარით ქვედალიგელ "როჩდეილში" გადავიდა.

18:24. "ზენიტი" მზად არის, "ინტერის" მცველ ანდრეა რანოკიაში 8 მილიონი ევრო გადაიხადოს.

19:00. ჩინურ "ტიანცძინს" ინგლისის ჩემპიონ "ლესტერის" ფორვარდ ისლამ სლიმანის ყიდვა სურს.

19:08. იაგო ასპასმა უარყო ინფორმაცია, თითქოს პსჟ-ში გადადის. "სელტას" 29 წლის ფორვარდმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარიერას "ბალაიდოსზე" დაასრულებს.

19:18. "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მენეჯერმა პიტერ კენიონმა, შესაძლოა, იტალიაში გააგრძელოს მუშაობა, სადაც მას მილანის "ინტერი" ეპატიჟება. ინფორმაციას "კალჩო ე ფინანცა" ავრცელებს.

19:34. "ემპოლიმ" სლოვენიური "ოლიმპიასგან" 1,5 მილიონ ევროდ ცენტრალური მცველი მიხა ზაიცი იყიდა. კონტრაქტის მიხედვით, 22 წლის ფეხბურთელმა ტოსკანაში 2021 წლის ივლისამდე უნდა ითამაშოს.

19:44. "რეინჯერსმა" "ვესტ ჰემს" 18 წლის მცველი რის ოქსფორდი დაათმობინა. ცოტა ხნის წინ გლაზგოელებმა ახალგაზრდა ფეხბურთელები "არსენალსაც" წაჰგვარეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰუნტელაარი მცველია?...თუ ეს სხვა ჰუნტელაარია?
murtalo
17:15 26-01-2017
0

სიახლეები პოპულარული