ზამთრის ტოპ-ტრანსფერები: ჩინური თვე ფრანგული არომატით

AutoSharing Option
მართალია, ზამთრის სატრანსფერო პერიოდი არ გამოირჩევა ხოლმე დიდი აქტივობით, მაგრამ ჩვენ დავაჯამეთ და საკმაოდ შთამბეჭდავი სურათი მივიღეთ.

იანვარში თითქმის ათი ტრანსფერი განხორციელდა, რომლის სატრანსფერო ფასმაც 20 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო ერთი ტრანსფერი 50-მილიონიან ნიშნულსაც გადასცდა. სატრანსფერო ბაზარზე ახალი მოდის ფუძემდებელი ჩინეთია...

ჩინური იანვარი
რეკორდი დაამყარა 11 წლის წინათ შექმნილმა კლუბმა "შანხაი შანგანმა", რომელსაც ანდრე ვილაშ-ბოაში წვრთნის. ბრაზილიელ ჰალკს ჩინელებმა მისი თანამემამულე ოსკარი დაამატეს. 25 წლის ბრაზილიელში აზიელებმა 60 მილიონი ევრო გადაიხადეს. არც თავად ფეხბურთელი დატოვეს უკმაყოფილო. ამბობენ, რომ იგი დაახლოებით 400
ათას ევროს მიიღებს კვირაში! ჰალკმა განაცხადა, რომ თანამემამულე სწორედ მან დაარწმუნა, ჩინეთში გადაბარგებულიყო.

ჩინელებმა საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჩადეს ფეხბურთში. მოგეხსენებათ, აქამდე არც ჩინური ფეხბურთი და არც მათი პირველობა არაფრით გამორჩეული არ ყოფილა, მილიარდნახევრიან ქვეყანას საკმაოდ სუსტი ნაკრები (ფიფას რეიტინგი ასეულის არიერგარდშია) ჰყავს, რომელსაც დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპებზე გასვლაც კი უჭირს.

ყველაფერი იცვლება და ჩინელებიც მსოფლიო ფეხბურთში მოწინავე პოზიციებზე გადასვლას გეგმავენ. ნაკრებს მარჩელო ლიპი წვრთნის. ჩინეთის საფეხბურთო ლიგაშიც ბევრი გამორჩეული მწვრთნელია, ახლა კი მათ სუპერფასებად ნაყიდი ვარსკვლავებიც ემატებიან. ოსკარი მხოლოდ რეკორდსმენია, თორემ კარიერაში ასეთივე გადაწყვეტილება სხვებმაც მიიღეს - ოდიონ იგალომ "უოტფორდიდან", აქსელ ვიტსელმა "ზენიტიდან", კარლოს ტევესმა "ბოკა ხუნიორსიდან".

ტევესზე მედია საოცარ ცნობებს ავრცელებდა, რომლის მიხედვითაც, მისი ხელფასი ჩინეთში სადღაც 40 მილიონის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით არგენტინელმა "ძალიან გადაჭარბებული" უწოდა.

ჩინეთში ბევრი წავიდა, კიდევ უფრო ბევრმა კი დაიკვეხა, ამდენს და ამდენს მთავაზობდნენ, მაგრამ უარი ვთქვიო. სულ ბოლოს ეს ფრაზა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცის, ჟოზე მოურინიოს ბაგეთგან გავიგონეთ. უკვე იმდენმა ფეხბურთელმა განაცხადა, ჩინელები დამიკავშირდნენო, რომ ან ჩინელები გაგიჟდნენ, ან ფეხბურთელებმა საკუთარი თავის "გაპიარების" კიდევ ერთ საშუალებას მიაკვლიეს.

ფრანკოფონური ფეხბურთი
ჩინელებმა უთუოდ გამოაცოცხლეს სატრანსფერო სეზონი, მაგრამ ისინი ამ საქმეში მარტონი არ ყოფილან - ჯიბეზე ხელი ფრანგულმა კლუბებმაც გაიკრეს და თან, არამარტო მრავალმილიონიანმა "პარი სენ-ჟერმენმა"... პსჟ-მა 70 მილიონი ევრო დახარჯა და ორი ვარსკვლავი დაიმატა.

თუ იულიან დრაქსლერის შესახებ ყველამ იცის, გონსალო გედეში შედარებით "ახალი ხილია". "ვფიქრობ, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტუგალიელი ტალანტია", - ასე დაახასიათა გედეში პატრიკ კლუივერტმა, რომელიც პსჟ-ის საფეხბურთო დირექტორია. გეტყვით, რომ გედეშს ხშირად ახალ რონალდოს უძახიან, თუმცა ეს მეტსახელი მას ბრიტანულმა პრესამ იმ იმედით შეარქვა, რომ გედეში კრიშტიანო რონალდოს გზას გაივლიდა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდოდა, "ბენფიკას" ვარსკვლავმა კი ბოლო მომენტში მანჩესტერს პარიზი არჩია.

თუ გედეში პსჟ-ში პირველ ნაბიჯებს დგამს, იულიან დრაქსლერი უკვე გაუშინაურდა გუნდს, შესანიშნავი სტარტიც ჰქონდა და სასტარტო შემადგენლობიდან ანხელ დი მარიაც ამოაგდო.

"მარსელმა" დიმიტრი პაიე თითქმის 30 მილიონად დაიბრუნა, ხოლო პატრის ევრა უფასოდ ერგო. ინგლისიდან "ლიონში" გადაბარგდა მემფის დეპაი, რომელიც "მანჩესტერმა" 16 მილიონ ევროდ მოიცილა (რომელსაც შესაძლოა, 6 მილიონი ბონუსებად დაემატოს).

ზაფხულიდან დამახსოვრებული
ცხრილში მესამე ადგილზე გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერია. ეს გარიგება ჯერ კიდევ ზაფხულში გაიჩარხა, უბრალოდ, მაშინვე ითქვა, რომ ბრაზილიელი ტალანტი "სიტიში" მხოლოდ იანვრიდან გადავიდოდა.

ბრაზილიელი ჩაფრინდა მანჩესტერში და კონტრაქტსაც ხელი მოაწერა, რომელმაც "პალმეირასს" 32 მილიონი ევრო აშოვნინა. პეპ გვარდიოლას გუნდს ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ახალი სისხლი, ჟესუსმა კი 8-წუთიან დებიუტშიც კი მოასწრო საგოლე პასით თავის გამოჩენა.

იანვრის ტოპ-30 ტრანსფერი
ფეხბურთელი საიდან სად თანხა
1. ოსკარი ჩელსი შანხაი 60 მლნ. ევრო
2. იულიან დრაქსლერი ვოლფსბურგი პსჟ 40
3. გაბრიელ ჟესუსი პალმეირასი სიტი 32
4. გონსალო გედეში ბენფიკა პსჟ 30
5. დიმიტრი პაიე ვესტ ჰემი მარსელი 29,3
6. ოდიონ იგალო უოტფორდი ჩანჩუნი 23,3
7. მორგან შნედერლენი მანჩესტერი ევერტონი 22,9
8. ჩენდონ ჟანგი სინობო ჰებეი 20,5
9. აქსელ ვისტელი ზენიტი ტიანძინი 20
10. ლეონარდო პავოლეტი ჯენოა ნაპოლი 18

11. ალეშანდრე პატო ვილიარეალი ტიანძინი 18
12. ონინიე ნდიდი გენკი ლესტერი 17,6
13. მანოლო გაბიადინი ნაპოლი საუთჰემპტონი 17
14. მემფის დეპაი მანჩესტერი ლიონი 16+ ბონუსი
15. ლუკა მილივოიევიჩი ოლიმპიაკოსი კრ. პალასი 16
16. რობი ბრეიდი ნორვიჩი ბარნლი 15,1
17. მატია კალდარა ატალანტა იუვენტუსი 15
18. ელდერ კოშტა ბენფიკა ვულვზი 15
19. საიდო ბერაჰინო ვესტ ბრომვ. სტოკი 13,9
20. ჯეფრი შლუპი ლესტერი კრ. პალასი 13,8

21. ლეონ ბეილი გენკი ლევერკუზენი 13,5
22. სტევან იოვეტიჩი სიტი ინტერი 13,5*
23. იუნუს მალი მაინცი ვოლფსბურგი 12,5
24. რიშედლი ბაზური აიაქსი ვოლფსბურგი 12
25. დავიდ ნერესი სან პაულო აიაქსი 12
26. რობერტ სნოდგრასი ჰალი ვესტ ჰემი 12
27. პატრიკ ვან აანჰოლტი სანდერლენდი კრ. პალასი 11,8
28. ჯეიკ ლივერმორი ჰალი ვესტ ბრომ. 11,5
29. კიუნ-ვონ კვონი ალ-აჰლი ტიანძინი 10,5
30. კარლოს ტევესი ბოკა შანხაი შენ. 10,5

* იოვეტიჩი "ინტერმა" შემდეგ "სევილიაში" გაანათხოვრა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული