რუსეთი-ახ. ზელანდია 2:0 - ინტუიციამ რა ჰქნა...

AutoSharing Option
მატჩის შემდეგ რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა თქვა, რომ სანკტ-პეტერბურგის არენა ამიერიდან მისთვის განსაკუთრებული ადგილი იქნება, რაკი აქ მოიგო თავისი პირველი ოფიციალური მატჩი, როგორც ამ გუნდის თავკაცმა...

ეს ჯერ ჟურნალია, ჩერჩესოვს წინ გაცილებით მნიშვნელოვანი თამაშები ელის და იქნებ სხვა სტადიონებმა უფრო დიდი დატვირთვაც შეიძინოს მის ცხოვრებაში, მაგრამ ამ შემთხვევაში გვესმის მისი - მწვრთნელისთვის რაღაც ტურნირის მოგებით დაწყება, თუნდაც მასზე გაცილებით სუსტ გუნდთან, როგორც იტყვიან, საქმის ნახევარია...

თამაში მოსალოდნელი სცენარით დაიწყო. რუსებმა თავიდანვე შეუტიეს "ოლ უაითს" ("ყველა თეთრი", ახალი ზელანდიის ნაკრების
მეტსახელია) და ვიდრე ანგარიში გაიხსნებოდა, სტუმრებმა სამჯერ გამოიტანეს ბურთი ცარიელი კარიდან...

ანგარიში კი 31-ე წუთზე გაიხსნა, როცა დენის გლუშაკოვი მისთვის უჩვეულო პოზიციაზე აღმოჩნდა. მთელი სეზონის განმავლობაში რომ შორეული დარტყმებით "ბომბავდა" მეკარეებს, სპარტაკელი ჩემპიონი ახლა ცარიელი კარის წინ აღმოჩნდა და ბურთისთვის ბრძოლაში მაიკლ ბოქსოლს ავტოგოლი გაატანინა...

რუსები ისევ უტევდნენ. და უტევდნენ ძირითადად ცენტრიდან, საიდანაც უკეთ გამოსდიოდათ თამაში და მომენტებსაც ხშირად ქმნიდნენ. ერთხელ შორიდან კარგად დაარტყა გიორგი ჯიქიამ და მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია...

თამაშის ხასიათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. უფრო სწორად, არ შეცვლილა 69-ე წუთამდე, როცა ფიოდორ სმოლოვმა კარგად გამოიყენა ალექსანდრ სამედოვის პასი (ავტოგოლის გამტან ბოქსოლს ამ პასის ჩაჭრა შეეძლო) და ანგარიშში სხვაობა გააორმაგა.

არადა, სმოლოვი, რომელიც ერთობ ინერტული იყო, თავისუფლად შეიძლებოდა, შეეცვალა ჩერჩესოვს და არა დმიტრი პოლოზი, ვინც ძალიან აქტიური იყო. პასუხი სწორედ 69-ე წუთმა გაგვცა - სამწვრთნელო ინტუიცია!

დარჩენილი დრო რუსეთის ნაკრებმა ანგარიშის შენარჩუნებაში გაატარა და კინაღამ... ორი გოლი გაუშვა. ერთ ეპიზოდში იგორ აკინფეევმა "ცხრიანიდან" მოხსნა ბურთი, ხოლო მერე მეკარის როლი იური ჟირკოვმა იტვირთა და ისეთ დარტყმულს გადაეღობა, 100 პროცენტით გოლი რომ უნდა მოჰყოლოდა.

მატჩის შემდეგ
სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთის ნაკრების მწვრთნელი): "მთავარი იყო, მოგვეგო ტურნირის პირველი მატჩი და ეს ამოცანა შესრულებულია. რა თქმა უნდა, თამაშის წინ გვქონდა გარკვეული გეგმა, რომელმაც ნაწილობრივ იმუშავა და აქედან გამომდინარე, გუნდმაც ადგილ-ადგილ აჩვენა ის თამაში, რასაც ჩვენგან ხალხი ითხოვს... კარგია, რომ მომენტებს ვქმნით, მაგრამ არ ხდება ისე, რომ ყველა შანსი გამოიყენო...

ვიცოდით, როგორ ითამაშებდა მეტოქე და მაქსიმალურად ვეცადეთ, მათი ძლიერი მხარეები გაგვენეიტრალებინა... რაც შეეხება პორტუგალიასთან მატჩს, რა თქმა უნდა, გარკვეული მონახაზი გვაქვს, მაგრამ ახლა ამაზე ვერაფერს გეტყვით".

კონფედერაციათა თასი 2017. A ჯგუფი. I ტური
რუსეთი-ახ. ზელანდია 2:0
გოლები: 1:0 ბოქსოლი (31 ს. კ.), 2:0 სმოლოვი (69)
რუსეთი (5-3-2): აკინფეევი - სამედოვი, ჯიქია, ვასინი, კუდრიავცევი, ჟირკოვი - ერიოხინი (77. ტარასოვი), გლუშაკოვი, გოლოვინი - სმოლოვი (90. მირანჩუკი), პოლოზი (64. ბუხაროვი).
ახ. ზელანდია (5-3-2): მარინოვიჩი - კოლვი (83. პატერსონი), სმიტი, დიურანტი, ბოქსოლი, უინი - ბარბარუსე (61. ტუილომა), მაკგლინჩი, თომასი - როხასი (71. შმელტცი), ვუდი.
მაყურებელი: 50 251

პორტუგალია - მექსიკა 2:2

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 1 1 0 0 2-0 3
2. პორტუგალია 1 0 1 0 2-2 1
3. მექსიკა 1 0 1 0 2-2 1
4. ახ. ზელანდია 1 0 0 1 0-2 0

II ტური
ოთხშაბათი. 21 ივნისი
რუსეთი-პორტუგალია 19:00
მექსიკა-ახ. ზელანდია 22:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიქია რუსეთში დარჩა ხო?
le777us
23:13 20-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული