ევრობანანის ამბავი

AutoSharing Option

„ტარტანთა არმიამ“ ანუ შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა კატეგორიულად უარყვეს, რომ ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავბიჭუნა ნეიმარს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. შეგახსენებთ: სქოთებმა და ბრაზილიელებმა ლონდონში, „ემირეიტ სთედიუმზე“ ამხანაგური შეხვედრა გამართეს. 19 წლის ნეიმარის ორი გოლით გამარჯვება სამხრეთ ამერიკელებს დარჩათ.

53 ათასი შოტლანდიელი მაყურებელი ნეიმარის წინააღმდეგ შეხვედრის დასაწყისიდანვე განეწყო, როდესაც ბრაზილიელს „სელტიკის“ 25 წლის ნახევარმცველ სკოტ ბრაუნთან ძიძგილაობა მოუხდა. მატჩის შემდეგ კი „სანტოსის“ თავდამსხმელი ჩიოდა, რომ შოტლანდიელი გულშემატკივარი მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბუუს“ ეძახდა, ხოლო როდესაც მსაჯმა პენალტი დანიშნა და ის დასარტყმელად მოემზადა, ტრიბუნიდან მოედანზე ბანანიც
ისროლეს. ნეიმარმა ერთ-ერთი ბრაზილიური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:
„შოტლანდიელი ფანები მთელი მატჩის განმავლობაში მაღიზიანებდნენ და მლანძღავდნენ. პენალტის დასარტყმელად რომ მივედი მთელი სტადიონი ახმაურდა. სამწუხაროა, რომ სტადიონზე ასეთი რასისტული ატმოსფერო იყო.

ჩვენი ქვეყნიდან ამსიშორეზე სპეციალურად ფეხბურთის სათამაშოდ წამოვედით, აქ კი ასეთი ცუდი გარემო დაგვხვდა. თუმცა, შემდგომი ვნებათაღელვა რომ არ გამოვიწვიო სჯობს გავჩუმდე.“

შემდეგ, ჟურნალისტი ნეიმარს ბანანის შესახებ ჩაეძია. მან უპასუხა:

„ხაზის გასწვრივ გავრბოდი, როდესაც ბანანი შევამჩნიე. ზუსტად ვერ გეტყვით ვინ ისროლა, არ დამინახავს. ვიმეორებ, ამისგან დიდი ამბის ატეხა არ მინდა, თუმცა იმას ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა ასეთი ამბები რომ ხდება.“

ბრიტანული გაზეთები წერენ, რომ შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე მიმდინარეობდა და მას ორივე ნაკრების გულშემატკივარი, პლუს ნეიტრალური ხალხიც ესწრებოდა. ამგვარად, დაბეჯითებით მტკიცება, რომ ბანანი შოტლანდიელმა ისროლა, ძალიან ძნელია. ერთი ფაქტია, რომ „ტარტანთა არმიის“ პრეს-მდივან ჰემის ჰაზბენდს ნეიმარის ინტერვიუზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა. მან თქვა, რომ შოტლანდიელი ფანები ნეიმარს ერთადერთი მიზეზით უსტვენდნენ - შეხვედრის რომელიღაც ეპიზოდში მათ მოეჩვენათ, რომ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ისიმულიანტა და ფეხის ტკივილი გაითამაშა. ჰაზბენდმა თქვა:

„ჩვენი გულშემატკივრის რასიზმში დადანაშაულება სრული სისულელეა. ნეიმარს მხოლოდ სიმულიანტობის გამო უსტვინეს. რასიზმის ადგილი კი „ტარტანთა არმიაში“ არ არის და ვინმემ ასეთი რამ რომც გაბედოს, დაუყოვნებლივ მოვკვეთავთ ჩვენი რიგებიდან. საკუთარ თავზე უკეთესი პოლიცია არსად გვეგულება.

გარდა ამისა მინდა შეგახსენოთ, რომ „ტარტანთა არმიის“ დაბადება სწორედ ბრაზილიის ნაკრებს უკავშირდება. ეს 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შოტლანდიისა და ბრაზილიის გუნდების შეხვედრის დროს მოხდა და მას მერე ბრაზილიელებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ამ ქვეყანასთან და მის ეროვნულ გუნდთან ვმეგობრობთ. მაღალი ხარისხის ფეხბურთის გამო მეტოქე ფეხბურთელებს დღესაც ტაში დავუკარით.“

თუმცა, ბრიტანული გაზეთები რამდენიმე წლის წინანდელსაც იხსენებენ, როდესაც გლაზგოს „ჰემპდენ პარკზე“ ბრაზილიელებს მავანმა ქომაგმა მართლა მიაყენა რასისტული შეურაცხყოფა.

„ის სხვა ისტორია იყო. „ტარტანთა არმია არაფერ შუაშია. მაშინ ცუდად სულ სხვა გულშემატკივარი მოიქცა და შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ ის დასაჯა, რასაც მივესალმებით.“

საინტერესოა, რომ ბანანი მოედნიდან „ლივერპულის“ ფეხბურთელმა ლუკას ლეივამ გადააგდო და მატჩის შემდეგ საკმაოდ აღშფოთებით ილაპარაკა:

„მსოფლიოში რასიზმი ევროპის გარდა აღარსად არსებობს. ევროპელები თავს მსოფლიოს მთავარ ნაწილად მიიჩნევენ, მაგრამ ეს სამარცხვინო რამ ყველაზე ხშირად აქ ხდება. დროა რასიზმი ევროპაშიც დამარცხდეს.“

ბრაზილიის მწვრთნელი მანო მენესეში: „ბანანი არ დამინახავს და ამ ამბისა მე პირადად არაფერი ვიცი, მაგრამ თუ ის მოხდა, ძალიან სამწუხაროა.“







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული