ირლანდია (4-4-2): ვესტვუდი - ფოული, ო’დი, კელი, კლარკი (75. დილეინი) - ლოურენსი (78. მაკგიდი), ფეჰეი (66. გიბსონი), გრინი, კიოჰი (85. სტოკსი) - მაკარტი (66. ტრეისი), ლონგი
ურუგვაი (3-4-3): მუსლერა - კასერესი, ლუგანო, გოდინი - მ. პერეირა, არევალო (64. გარგანო), პერესი (90. სკოტი), ა. პერეირა - ეგურენი (84. ერნანდესი), ფორლანი, კავანი
გოლები: 0:1 ლუგანო (12), 1:1 ლონგი (15), 1:2 კავანი (22), 1:3 ერნანდესი (39), 2:3 ფეჰეი (48-პენ)
გაფრთხილება: ო’დი - კავანი, ლუგანო, ეგურენი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 18-17; კარში დარტყმა: 13-14 (5-7);
მაყურებელი: 25 611
ჯოვანი ტრაპატონის ირლანდიელთა მეორე შემადგენლობამ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალისტთან, რაც შეეძლო, იყოჩაღა. დუბლინის „ავივას“ სტადინოზე, ერთ მომენტში, სამხრეთ ამერიკელებმა გვარიანი უპირატესობა მოიპოვეს — 3:1 დაწინაურდნენ და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ირლანდიელები ვეღარაფერს გააწყობდნენ. თითქოსდა ამის მერე ურუგვაის კიდევ უფრო დამაჯერებლად უნდა მოეგო, მაგრამ ასე არ მოხდა. მასპინძლებმა ერთი გოლიც გაიტანეს და 2:3 წააგეს.
მატჩის შემდეგ ტრაპატონიმ თავისი თავდამსხმელი შეინ ლონგი შეაქო. „დონ ტრაპმა“ თქვა, რომელიმე კლუბის მწვრთნელი რომ ვიყო ამ ბიჭის ყიდვაზე სერიოზულად ვიზრუნებდიო. ჟურნალისტებმა კითხვა დაუკონკრეტეს, ჰკითხეს, ხომ არ არის დრო „რედინგის“ ფორვარდი პრემიერლიგის ამა თუ იმ კლუბში გადავიდეს. იტალიელმა მწვრთნელმა უპასუხა:
„ერთი წლის წინ ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ ახლა დაღვინდა და გაცილებით უკეთ თამაშობს. მართალია, პრემიერლიგა ძალიან ძლიერი შეჯიბრებაა, მაგრამ ლონგიც ძლიერი ფეხბურთელია. მე რომ რომელიმე კლუბის მწვრთნელი ვიყო აუცილებლად შევეცდებოდი მის შეძენას. მან ბოლო შეხვედრაშიც კარგად ითამაშა. ეს გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც არა მარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნებაც გაიზარდა“.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ტრაპატონიმ ის შემადგენლობა, რომელიც შაბათს მაკედონიასთან ათამაშა მნიშვნელოვნად შეცვალა. კერძოდ, ირლანდიელებს რვა ახალი ფეხბურთელი ჰყავდათ. ახალი იყო ტაქტიკური სქემაც. დონ ტრაპმა 4-2-3-1 მოსინჯა.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ სამ დღეში ორი გუნდით ვითამაშეთ, ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. თან, ჩვენი მეტოქე გახლდათ სუპერ-გუნდი, რომლის ფეხბურთელებიც დიდი ხანია ერთად თამაშობენ და მსოფლიოს ჩემპიონატზე სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს“.
მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა კი მატჩის შემდეგ თქვა: „დღეს ძალიან ახალგაზრდულ გუნდთან მოგვიწია თამაშმა. ძნელი მატჩი იყო, თუმცა, საბედნიეროდ, საგოლე მომენტების მაქსიმალური რეალიზაცია მოვახერხეთ. მოედნის საფარზე კარგს ვერ ვიტყვი, მაგრამ მასზე ბურთი სწაფად დაქროდა“.
ამბები
ფერგი სამოსანია
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი ზაფხულში სამი ფეხბურთელის ყიდვას აპირებს. საქმე ის გახლავთ, რომ „ოლდ ტრეფორდზე“ ბევრ მოთამაშეს კონტრაქტის ვადა ეწურება და არ არის გამორიცხული ცვლილებების მოწმენი გავხდეთ. ამბობენ, რომ ფერგის ტოპ-კლასის ფეხბურთელების მიყვანა სურს.
„მიზანში რამდენიმე ვარსკვლავი გვყავს ამოღებული და ვფიქრობ, ორთან ან სამთან საერთო ენას გამოვნახავთ. თუმცა, უფრო კატეგორიულადაც შეიძლება თქმა — ეჭვი არ მეპარება, რომ რამდენიმე ახალ ფეხბურთელს შევიმატებთ. გლეიზერების ოჯახს ჩემთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე უარი არასდროს უთქვამს“.
მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ფერგიუსონის სასურველ მოთამაშეთა სიის სათავეში მეკარე წერია, რადგან ედვინ ვან დერ სარი კარიერას ასრულებს. განიხილება „შალკეს“ გოლკიპერის მანუელ ნოიერის და მადრიდის „ატლეტიკოს“ კარის მცველის დავიდ დე ხეას ვარიანტები. შოტლანდიელ მწვრთნელს, სავარაუდოდ, ნახევარდაცვის გადახალისებაც სჭირდება. მის მიზანში არიან ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერი, ჯეკ როდუელი და „ბლექპულის“ ლიდერი, ფერგიუსონის თანამემამულე ჩარლი ადამი.
დაცვაში ფერგის უფრო ცენტრალური მცველი სჭირდება. ლაპარაკია „ბოლტონის“ გერი კეჰილსა და „მილანის“ ტიაგო სულვაზე. რაც შეეხება თავდასხმას, აქ „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავი ქუდში აქვს და ახალი მოთამაშის დამატება მაინც და მაინც არ სჭირდება. ფერგიუსონმა დასძინა:
„ჩვენ ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვა ნამდვილად გვეხერხება. მაგალითად, გასულ ზაფხულზე ჩიჩარიტო შევიძინეთ. თუ ბოლო ექვს წელიწადს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ კრიშტიანუ რონალდო და ნანი გვყავს აღმოჩენილი. მოკლედ, ამ საქმეში ჭიპი გვაქვს მოჭრილი და ვფიქრობ, ასე უნდა გავაგრძელოთ კიდეც. როგორც კი დავრწმუნდებით, რომ სადღაც ნამდვილად არსებობს ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი, ჩვენ მას ვყიდულობთ“.
ვუდგეიტი დაშავდა
ჯონათან ვუდგეიტის საქმე ცუდადაა — 31 წლის უიღბლო ფეხბურთელმა „ტოტენჰემისა“ და „ბერნეტის“ ამხანაგური შეხვედრის დროს მყესი დაიზიანა და ძალიან საეჭვოა „დეზების“ თავკაცმა ჰარი რედნაპმა მასთან ახალი კონტრაქტის დადება მოინდომოს.
ახლა უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ვუდგეიტი მომდევნო კვირაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „რეალის“ წინააღმდეგ ვეღარ ითამაშებს, თუმცა „რეალი“ რა მოსატანია, როდესაც მას სამი წლის განმავლობაში „სფურზის“ ფორმა სულ 65-ჯერ ეცვა.
ვუდის ძველ კონტრაქტს ვადა ამ სეზონის ბოლოს ანუ ორ თვეში გაუდის, რედნაპს კი ნათქვამი ჰქონდა, რომ მასთან ურთიერთობას „როგორც ითამაშებ ისე გადაგიხდი“-ს პრინციპით ააწყობდა.
რედნაპმა თქვა: „ვუდგეიტის ტრავმა ძალიან ცუდია როგორც კლუბისთვის ასევე პირადად მისთვის. ის ბოლოხანს ძალიან ინდომებდა და ვფიქრობდი „რეალის“ წინააღმდეგ მეთამაშებინა კიდეც. მადრიდში მაინც გუნდთან ერთად წავიყვან. „რეალი“ მისი ძველი კლუბია და მის წინააღმდეგ თამაში ჯონათანისთვის ბევრს ნიშნავდა“.