იოჰან გერი დერკსენი ჰოლანდიაში ცნობილი სახელია. ის პროფესიულ დონეზე თამაშობდა ფეხბურთს, მართალია, ჰოლანდიის ნაკრების დონემდე “ვერ გაიზარდა”, მაგრამ რამდენიმე ცნობილ კლუბში კი უთამაშია - “გოუ ეჰედ იგლზში”, “კამბუურში”, “ჰაარლემსა” და “მაასტრიხტში”. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მან ხელი მიყო ჟურნალისტობას და ამით უფრო გაითქვა სახელი. მის სიტყვას სამშობლოში ყოველთვის ყურადღებით უსმენენ. ცოტა ხნის წინ მან ფრანკ დე ბურზე მშვენიერი სტატია დაწერა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ.
ეს მხოლოდ შეგრძნებაა ასეთი, რომ ფრანკ დე ბური ის ადამიანია, ვინც დღეს “აიაქსს” ყველაზე მეტად სჭირდება.
რაც ზემოთ მაგალითები მოვიყვანეთ, “აიაქსში” ანალოგიური დაემართა მარტინ იოლსაც. მისი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ავტორიტარულ მწვრთნელს თამაშობდა, თუმცა საქმე საქმეზე როცა მიდგა, შემადგენლობის დაყენების დროს დაშვებული შეცდომების მიჩქმალვა ძალზე უსუსურად სცადა. ამიტომაა, რომ “აიაქსს” მხოლოდ ნამდვილი აიაქსელი სჭირდება.
ნამდვილი აიაქსელის ბავშვობა
აიაქსელობა - აი, ეს არის ის თვისება, რაც იოჰან კრუიფს მოჭარბებით ჰქონდა და ამიტომაც იყო წარმატებული მწვრთნელი ამ კლუბში. “14 ნომერი” ფრანკის დანიშვნას მიესალმა და განაცხადა, რომ მისი ძალა ის იქნებოდა, რომ “ამსტერდამ არენაზე” ყველა იცნობდა და ყველა ენდობოდა. ასეთი რამ კი ფეხბურთში იშვიათად ხდება... თუ ხდება საერთოდ. ალბათ ძნელი გასახსენებელია ადამიანი, ვინც კრუიფის ამ აზრს არ დაეთანხმებოდა და ფრანკს წარმატებას არ უსურვებდა. ფეხბურთში შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს ყველაფერი, მაგრამ ახალგაზრდა მწვრთნელს ჯერ საკმარისი ბაზისი აქვს სამუშაოდ.
ფრანკის ცხოვრება შეიძლება რომელიმე საბავშვო წიგნს შევადაროთ. 1970 წლის 5 მაისს, კროტბურხელ წყვილს კეეს და ჰიტა დე ბურებს ტყუპი ვაჟი შეეძინათ. ჯერ რონალდი დაიბადა, რამდენიმე წუთში - ფრანკი. მათ უკვე ჰყავდათ 4 წლით უფროსი და ანია. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკე იყო. მშობლები, სამივე შვილთან ერთად, კვირაობით ეკლესიას სტუმრობდნენ ხოლმე. მთელი ბავშვობა ძმებს ერთ ოთახში ეძინათ და მთელი ბავშვობა ბურთს დასდევდნენ. არც არის გასაკვირი, მათი მამა ხომ ადგილობრივი კლუბის ვარსკვლავი იყო და 60-იან წლებში წელიწადნახევარი “ალკმაარშიც” თამაშობდა. მამამ პროფესიულ ფეხბურთზე უარი მუხლის სერიოზული ტრავმის გამო თქვა. საფეხბურთო ოჯახიდან იყო დედაც. ჰიტას ოთხი ძმა ერთი პერიოდი “ვან ზუავენის” პირველ გუნდში თამაშობდა.
ფრანკი და რონალდი კათოლიკურ სკოლაში დადიოდნენ და მალე მიხვდნენ, რომ ბავშვები იქ ორ ნაწილად იყოფოდნენ: ფერმერებს ფეხზე უხეში ფეხსაცმელები ეცვათ და მაისურებზე როკერების ფოტოები ჰქონდათ დატანილი, ხოლო ე.წ. დისკოს მოცეკვავეები უფრო მოდურად იცვამდნენ. ძმები მეორე ჯგუფს ეკუთვნოდნენ. მათ სკოლაშიც ვერ მოისვენეს ფეხბურთის გარეშე და “ზუავების კათოლიკური კავშირის” გუნდში ჩაირიცხნენ და მალევე მოახდინეს ფურორი საფეხბურთო მინდვრებზე. რონალდი მშვენივრად თამაშობდა მარჯვნივ, ფრანკი კიდევ უკეთესად გამოიყურებოდა მარცხნივ. მათმა მასწავლებელმა სახელად ბონემამ გამოცდების წყალობით დაადგინა, რომ ძმები სწავლას დიდად მოწყურებულები არ იყვნენ და შესაბამისად, საერთო საშუალო განათლების დიპლომს ვერ შესწვდებოდნენ. პედაგოგმა ამიტომაც ურჩია შეგირდებს, უმაღლესი ტექნიკური განათლება მიეღოთ. ისინი დაჰყაბულდნენ შეთავაზებას და დე ჰუკსტეენის ტექნიკურ სკოლაში ჩააბარეს. რონალდი ზეინკლის პროფესიის სწავლას შეუდგა, ფრანკი – ელექტროკოსის. სწორედ ამ პერიოდში დაიწყეს მათ “აიაქსის” საშინაო თამაშებზე სიარული.
12 წლიდან ძმები “ალკმაარის” საფეხბურთო სკოლაში დადიოდნენ, სადაც მათი მწვრთნელი კო ადრიაანსე იყო. კლუბის სკაუტებს ძალიან მოსწონდათ ნიჭიერი ძმები და სწორედ ამიტომ იყო, რომ მათი მგზავრობის ხარჯებს სწორედ საფეხბურთო კლუბი იხდიდა. ჰოლანდიის ტელევიზიაში ამ პერიოდში გადიოდა გადაცემა “კრუიფი და კომპანია”. გადაცემა ნიჭიერ ფეხბურთელ ბავშვებს ეძღვნებოდათ. კრუიფის მახვილმა თვალმა პირველად სწორედ მაშინ შენიშნა ბიჭების ნიჭი. სწორედ იოჰანის რეკომენდაციით მოხვდნენ ტყუპები “აიაქსის” სკოლაში. მგზავრობის ხარჯების ანაზღაურების საკითხი, რა თქმა უნდა, თვალის დახამხამებაში მოიხსნა.
პროფესიული კარიერა
1988 წლიდან 1998 წლის ჩათვლით ფრანკ დე ბური “აიაქსის” ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში 5-ჯერ ჩემპიონი გახდა, ორჯერ თასი მოიგო, სამჯერ ჰოლანდიის სუპერთასს დაეუფლა, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი აღმართა, მოიგო ასევე უეფას თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. კარიერის შემდგომი წლები კი “ბარსელონაში”, “გალათ¬ასარ¬ა¬ი¬ში”, “რეინჯერსსა” და “ალ რაიანში” გაატარა. ნაკრებში დებიუტი მას 1990 წელს ჰქონდა, სადაც 14 წელი გაატარა. მის ანგარიშზე 112 შეხვედრა და 13 გოლია.
ფრანკ დე ბურმა მთელი კარიერა ძალზე ჭკვიანურად წარმართა და კარგად გათვალა, როცა 2006 წლიდან “აიაქსის” იუნიორთა გუნდში მუშაობა დაიწყო. 2007 წლის ივნისში მან პროფესიონალი მწვრთნელის ლიცენზია მიიღო.
სამწვრთნელო კრიზისი
1994 წლიდან “აიაქსში” მწვრთნელთა მთელი პლეადა მუშაობდა. გავიხსენოთ ყველას გვარი: ლუი ვან გაალი, მორტენ ოლსენი, იან ვოუტერსი, ჰანს ვესტერჰოფი, კო ადრიაანსე, რონალდ კუმანი, დანი ბლინდი, ჰენკ თენ კატე, ადრი კოსტერი, მარკო ვან ბასტენი, ჯონ ვან’ტ სხიპი, მარტიონ იოლი. ყველასთვის არა, მაგრამ ზოგიერთი ამ სპეციალისტისთვის “აიაქსი” დროებითი თავშესაფარი აღმოჩნდა. ყველა იმას ცდილობდა, გუნდში თავისი წესები მოეტანა და წესრიგი ასე დაემყარებინა. ამიტომ იყო, რომ წლიდან წლამდე კლუბი თანდათან სუსტდებოდა.
მწვრთნელებს სატრანსფერო ბაზარზე სრული თავისუფლება მიეცათ, თუმცა ის მოთამაშეები, რომლებიც მოდიოდნენ, გუნდს ვერ აძლიერებდნენ და ასე გამოდიოდა, რომ კლუბი ჰოლანდიის მასშტაბებით ძალიან დიდ ფულს ჰაერს ატანდა. ზოგიერთ შემთხვევაში მწვრთნელი არაფერ შუაში იყო, რადგან ტრანსფერს ხელმძღვანელობა გეგმავდა და ახორციელებდა. შესაბამისად, ბრალიც მათი იყო.
ფრანკ დე ბურის მოსვლით ბევრი რამე შეიცვალა. ეს არის იდეალური ადამიანი საჭირო ადგილას და რაც მთავარია, საჭირო დროს. ის ლუის ვან გაალისა და იოჰან კრუიფის ნამდვილი პროდუქტია. ჯერჯერობით ძნელია მას ამ ორი დიდი მწვრთნელის იდეალური ნაზავი უწოდო, მაგრამ ფაქტია, რომ დროსთან ერთად ფრანკის მიმართ პატივისცემა, ნდობა და მხარდაჭერა იზრდება. მრავალი წლის უპასუხისმგებლო მმართველობის შემდეგ “აიაქსი” სწორედ ფრანკის გარშემო უნდა აეწყოს. ამ საქმეში თავისი როლი უნდა ითამაშონ იოჰან კრუიფმა და კეიე მოლენაარმა (ყოფილი აიაქსელი, კარიერის დასრულების შემდეგ წარმატებული იურისტი. ამჟამად კლუბის მმართველ საბჭოშია. რედ). ასეთი ავტორიტეტული პერსონებისთვის ხომ ძალაუფლება არაფერს ნიშნავს, ისინი სწორედ ამ კლუბზე არიან ბრმად შეყვარებულნი. ასევე არასამართლიანი იქნებოდა დე ბურისა და მის გვერდით მყოფი ადამიანებისთვის გაურკვეველი მიზნების ლობირება დაგვებრალებინა. მათთვისაც ხომ “აიაქსის” ინტერესი უპირველესია. კლუბის ხელმძღვანელობამ ბოლო წლებში იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ კლუბმა საგრძნობლად დაიხია უკან.
დე ბური ის ლიდერია, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. მას შეუძლია უკვე დიდი ხნის წინ რღვევის გზაზე შემდგარი ციხე-სიმაგრის შედუღაბება და კლუბისთვის დამახასიათებელი კულტურის აღორძინება. მან საზოგადოებას უკვე გააცნო თავისი თავი.
დაბოლოს, “აიაქსს” ჰყავს მწვრთნელი, რომლის მიმართ მასმედია დადებითად არის განწყობილი. მას ხომ თავისუფლად შეუძლია თავისი საფეხბურთო ხედვა გასაგებად გადმოსცეს. ფრანკის მიერ გადადგმული ლოგიკური ნაბიჯები მისადმი ნდობას კიდევ უფრო ამაღლებს. დადგა დრო, როცა კლუბში არსებული ყველა სუსტი წერტილი უნდა აღმოიფხვრას და მათი ადგილი ნამდვილმა აიაქსელებმა დაიკავონ. ამსტერდამში ტოპკლუბის სახელს მხოლოდ ასე თუ დააბრუნებენ.