ექიმები საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ საქმეს მხოლოდ ოპერაცია თუ უშველიდა. ოპერაციისთვის კი ფეხბურთელი მიუნხენში გადაფრინდა. “შახტარის” სამედიცინო სამსახურის უფროსის ვიქტორ კირილენკოს განცხადებით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, დაზიანებულ ადგილზე სპეციალური რკინის ფირფიტა დაამაგრეს და ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს, რასაც მხოლოდ ერთი თვის თავზე მოხსნიან. ფეხბურთელს მიუნხენში ქირურგთან ვიზიტი
ჩიგრინსკი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ მინდორზე მისი დაბრუნების რაიმე კონკრეტულ ვადაზე ლაპარაკი ნაადრევია.
მარიკა სიყვარულის ქალაქში?
ისევ და ისევ გაზეთ “ეკიპზე” დაყრდნობით შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ “პარი სენ-ჟერმენი” მომავალი სეზონისთვის შეიძლება “შტუტგარტის” რუმინელი თავდამსხმელით ჩიპრიან მარიკათი გაძლიერდეს. შვაბურ კლუბთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დღე არც ისე შორს არის. გამოცდილ შემტევში გერმანელები 2 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც დღევანდელი სატრანსფერო ბაზრის პირობებში დიდი თანხა ნამდვილად არ არის.
შეჯუს მუხლი, სოვის საზარდული
“ლილის” მცველმა ორელიენ შეჯუმ “არლთან” (5:0) 33-ე ტურის შეხვედრაში მუხლის მყესები დაიზიანა და უკვე დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ მიმდინარე სეზონში მინდორზე უკვე ვეღარ გავა. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური პრობლემა შეექმნა ორიოდე კვირის წინ “ძაღლების” კიდევ ერთ წამყვან ფეხბურთელ ფლორან ბალმონს. ლიგა 1-ის ლიდერებს “ნანსისთან” შეხვედრაში ალბათ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი მუსა სოვიც დააკლდებათ. მართალია, მან მოირჩინა საზარდულის ტრავმა, მაგრამ შეიძლება თუ არა მინდორზე მისი გაშვება, გადაწყვეტილება ამის შესახებ ექიმებს ჯერ არ მიუღიათ.
საქმე 12 მაისს გაირჩევა
“ევროსპორტის” ცნობით, “მარსელის” ფეხბურთელების სტეფან მბიასა და ტაიე ტაივოს საქმეს საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ეთიკის კომიტეტის სხდომაზე 12 მაისს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ლიგის თასის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც “მონპელიესთან” მისი გუნდის მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ტაივო “ოლიმპიკის” ფანების სექტორთან მიკროფონით ხელში მიიჭრა და “პარი სენ-ჟერმენის” დამამცირებელი სიმღერები შემოსძახა. ამ საქმეში მას გვერდით სწორედ მბია დაუდგა და თავისი არანაკლებ ომახიანი ხმა შეაშველა. ფეხბურთელებს სერიოზული ფინანსური სანქციების გარდა შეიძლება დისკვალიფიკაციაც გამოუწერონ. ტაივოს ვერც ის უშველის, რომ მომავალი სეზონიდან ის “მილანის” ღირსებას დაიცავს. უეფას წესებით, დისკვალიფიკაცია მას იტალიაშიც გადაჰყვება.
სპორტინგი ტალანტს არ თმობს
ლისაბონის “სპორტინგის” 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ანდრე სანტუში ამ დღეებში ლისაბონურ კლუბთან სავარაუდოდ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ის სამართლიანად მიიჩნევა წლევანდელი ლიგა საგრეშის სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად. ანდრემ 2 წელი იჯარით “ლეირიაში” გაატარა და “სპორტინგში” დაბრუნების შემდეგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სახელი მოიპოვა. მისი თამაში იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ეროვნულის ნაკრების დამრიგებელმა პაულუ ბენტუმ ის თავისთან იხმო. ანდრეს დებიუტი ჩილეს წინააღმდეგ შედგა.
“ა ბოლას” ცნობით, “სპორტინგი” მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას 2016 წლამდე ეშურება. თანაც ლისაბონელებს ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის იმპერატიულად განსაზღვრა 20 მილიონი ევროთი სურთ. ანდრე სანტუში “სპორტინგში” კარიერის გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მას ხელფასის მნიშვნელოვნად მომატება სურს. გეტყვით, რომ ფეხბურთელის ანგარიშზე წელს 2 გოლის გარდა 7 საგოლე გადაცემაა.