”სელტიკმა” ტიტული გააჩუქა

AutoSharing Option
„სელტიკის“ თავკაცი ნილ ლენონი განრისხებულია. მისმა ფეხბურთელებმა „ინვერნესთან“ 3:2 წააგეს და ჩემპიონატში ლიდერობა „რეინჯერსს“ დაუთმეს.

დამარცხების სიმწარე წამყვანი ნახევარმცველის, 23 წლის ებრაელი ბირამ კაიალის ტავმამ კიდევ უფრო გაამძაფრა. ექიმებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მას მაჯა მოტყდა და ტვინი შეერყა. ერთი სიტყვით, კაიალის ჩემპიონატის დარჩენილ სამ შეხვედრაში მოედანზე აღარ ელიან.

თუმცა, ლენონისთვის ყველაზე დიდი დარტყმა, მაინც გუნდის უნიათო თამაში იყო. „სელტიკს“ შეეძლო მოეგო და ცხრილის უმაღლეს საფეხურზე დაბრუნებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეს პირველ პოზიციაზე უოლტერ სმიტის შეგირდები არიან, ისინი „სელტიკს“ ერთი
ქულით უსწრებენ და დარჩენილ ტურებში ყველაფერი მათ ხელშია. „რეინჯერსს“ სამი თამაში დარჩა: შინ „ჰართსთან“ და „დანდისთან“, ბოლო ტურში კი სტუმრად „კილმარნოკთან“. გლაზგოელები თითოეულ მათგანს მთელი თავით აღემატებიან და რაიმე საშინელება თუ არ დაემართათ, სამივეს მოუგებენ.

მატჩის შემდეგ ლენონი ემოციას ვერ მალავდა: „დღეს ჩვენ საკუთარ თავს ვუღალატეთ. მარტო ფეხბურთელებზე არ ვამბობ. საკუთარ თავს
ვუღალატეთ მე, ჩემმა თანაშემწე იოჰან მოლბიმ და მწვრთნელმა ალან ტომპსონმაც. დღეიდან ყველაფერი „რეინჯერსის“ ხელშია, რადგან მათ ერთი ქულით მეტი აქვთ. ჩვენზე ერთადერთი რამ არის დამოკიდებული, ყველა დარჩენილი შეხვედრა მოვიგოთ და კონკურენტს კიდევ უფრო არ გავუიოლოთ საქმე. ბრძოლას ბოლო დღემდე გავაგრძელებთ და მერე გამოჩნდება.

დიდი იმედი მაქვს, რომ დარჩენილ ტურებში ერთი მოულოდნელობა კიდევ მოხდება. თუკი დარჩენილი გუნდები „რეინჯერსს“ ისეთივე ჟინით შეებრძოლებიან, როგორითაც „ინვერნესმა“ ჩვენს წინააღმდეგ იბრძოლა, ვფიქრობ, სენსაცია მართლაც შეიძლება მოხდეს.

ახლა, ალბათ თავს დიდი კრიტიკა დაგვატყდება. ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ვხვდები, რომ შემადგენლობა სწორად ვერ შევარჩიე, მაგრამ კვირას, „დანდისთან“ (4:1) გამარჯვებული გუნდის შეცვლა არ მინდოდა. „ინვერნესის“ წინააღმდეგ იმავე შემადგენლობამ ითამაშა. ერთადერთი გამონაკლისი შონ მელოუნი იყო, მაგრამ ის საუკეთესო ფეხბურთელია და ვიფიქრე, გუნდს კიდევ უფრო გავაძლიერებდი.

რაც მოხდა, მოხდა. ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლა ძლიერები ვართ, „ინვერნესთან“ წაგება უნდა გადავიტანოთ და მოედანს ძველებურად შემართულები დავუბრუნდეთ“.

მატჩის შემდეგ ლენონმა თავისი ფეხბურთელები გასახდელში ჩაკეტა და ახალდამთავრებული თამაშის გარჩევა მოაწყო. ამისათვის მან სავალდებულო სატელევიზიო ინტერვიუებიც კი გააცდინა.

„განაპირა მცველები, ემილიო ისაგირე და მარკ უილსონი საშინლად თამაშობდნენ. არაფრად ვარგოდნენ ცენტრალური მცველები ჩარლი მალგრიუ და დანიელ მაისტოროვიჩი. საყველპუროდ ითამაშეს თავდამსხმელებმა გერი ჰუპერმა და ენტონი სტოკსმა.

რატომღაც, ჩვენი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ დღეს სეზონის უარესი თამაში უნდა ჩაეტარებინათ. ასე თუ ითამაშებ, ვერ გაიმარჯვებ. უბრალოდ, გამარჯვების ღირსი არ იქნები. იმედი მაქვს, რომ დიდი იმედგაცრუების მიუხედავად ფანები თავიანთ საყვარელ გუნდს ზურგს არ შეაქცევენ და დარჩენილ შეხვედრებში გაგვამხნევებენ“.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი თხოვნაა, დადოთ კვირის ფრაზები :):):)
Chelseafc
13:28 06-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული