ევროპის უდიდესი საფეხბურთო სკანდალისა და მანიპულირებული მატჩების გამოძიება გრძელდება. ბოხუმის პროკურატურამ მორიგი ეჭვმიტანილი დაკითხა და ჩაწყობილი შეხვედრების უდიდეს სიას კიდევ ერთი მატჩი დაემატა: ეს არის ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრა ნორვეგიასა და მალტას შორის, რომელიც სკანდინავიელებმა 2007 წლის ივნისში 4:0 მოიგეს.
დაკითხული ხორვატი მარიო ჩ. გახლავთ, რომელიც მაიფოზური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრია. დაკითხვისას მან განაცხადა, რომ ხსენებული შეხვედრის ანგარიში მანიპულირებული იყო. მარიო ჩ-ს თქმით, მატჩის წინ ის ოსლოს ერთ-ერთ სასტუმროში მალტის ნაკრების სამ ფეხბურთელს შეხვდა და მანიპულაციაზე მოურიგდა. „სიმართლე
გითხრათ, მე 5:0 მინდოდა, რადგან კოეფიციენტი ასეთ ანგარიშზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე 4:0-ზე, მაგრამ ფეხბურთელები უკვე შეთანხმებულები იყვნენ. სამივემ მითხრეს, რომ 5:0-ზე შეთანხმებას ვეღარ მოახერხებდნენ. შესაბამისად, მეც 4:0-ზე დავთანხმდი,“ - აღნიშნა ეჭვმიტანილმა ჩვენებაში. მას არ უთქვამს, რამდენი გადაუხადა მალტელ ფეხბურთელებს.
ეს არის პირველი მატჩი სანაკრებო დონეზე, რომელიც ბოხუმის პროკურატურის სიაში მოხვდა. აქამდე საუბარი მხოლოდ საკლუბო დონეზე ჩატარებულ შეხვედრებზე იყო – მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ქვედა ლიგების თამაშებზე, თასის მატჩებზე, ასევე ევროპის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე თამაშზე.