თუკი აქამდე საქართველოს ჩემპიონატში არსებულ სიბინძურეებზე მხოლოდ ეჭვი არსებობდა, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წყალობით რამდენიმე უკანონო საფეხბურთო გარიგებას ფარდა აეხადა.
უეფას მსგავსად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე უმსგავსობების მიმართ გულგრილი არც ფიფაა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ზეპ ბლატერის უწყება ინტერპოლთან ათწლიან ხელშეკრულებას აფორმებს და საფეხბურთო მაქინაციების გამოვლენაზე უკვე სისხლის
საეჭვო მატჩები კი ძალიან ბევრ ქვეყანაში იმართება. სავარაუდოდ, ევროპაში ამ მხრივ გერმანია უნდა ლიდერობდეს. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე წლის წინ პოლიციამ ამ ქვეყანაში მოქმედი ხორვატიული კლანი გაანეიტრალა და მას ციხეში არბიტრი რობერტ ჰოიცერიც მიუსვა, რჩება სერიოზული ეჭვი, რომ გერმანიაში საფეხბურთო მაფია ძველებურად ჰყვავის. ფიფა და ინტერპოლი გერმანიის სხვადასხვა ლიგებში გამართული 300 (!) საეჭვო მატჩის დეტალებს იძიებენ. მეორე ადგილზე ხორვატიაა, სადაც ძიების ობიექტი 47 შეხვედრაა, მესამე საფეხურს კი ფინეთი იკავებს, სადაც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა დიდი სკანდალი და მოწმის სტატუსით პოლიციასთან საქმე ძმებ ხორგუაშვილებსაც ჰქონდათ.
ფიფა მხოლოდ ამ სამ "ლიდერ" ქვეყანას ასახელებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ადგილი უჭირავს ამ "საპატიო" რეიტინგში საქართველოს, მაგრამ ვეჭვობთ, ჩვენს ქვეყანას გარიგებული მატჩების რაოდენობით იმაზე გაცილებით მეტი "მიღწევა" ექნება, ვიდრე ფიფას სანაკრებო რეიტინგში აქვს.
გამოძიება მხოლოდ საკლუბო კი არა, სანაკრებო მატჩებზეც მიმდინარეობს. არსებობს ეჭვი, რომ ბოლივია-ლატვიისა და ბულგარეთ-ესტონეთის ამხანაგურ შეხვედრებში უხვად დანიშნული პენალტები წინასწარ დადგმული სცენარის შემადგენელი ნაწილი იყო.
გამოძიების კვალდაკვალ, ფიფა თავის წევრ ქვეყნებში კლუბების ხელმძღვანელთათვის, მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარებას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც შეეცდება, აუხსნას მათ, რაოდენ მძიმე შედეგები მოჰყვება ბინძურ საფეხბურთო გარიგებებში მონაწილეობას. ამასთან, ფიფა მათ სპეციალურ ინსტრუქტაჟს ჩაუტარებს, რომელიც კეთილისინდისიერ ფეხბურთელებს თაღლითების გამოვლენაში სამართალდამცავი ორგანოების დახმარებას გაუადვილებს. ფიფა სთხოვს თავის წევრ ყველა ფედერაციასა და ასოციაციას, კარგად გაითავისონ შექმნილი პრობლემის სიმძიმე და მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენონ უკანონობასთან საბრძოლველად.
ფიფა არც საკუთარი შეცდომების აღიარებას ერიდება და აცხადებს, რომ სჯობდა, ინტერპოლთან საქმე აქამდეც დაეჭირა. თუკი დღემდე პოლიცია საფეხბურთო დამნაშავეების პოვნას იშვიათად ახერხებდა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო იმედოვნებს, რომ ეს ხელშეკრულება ფეხბურთის "განწმენდის" დასაბამი გახდება.
ქართულ სკანდალზე ჯერჯერობით კომენტარი არც ფიფას გაუკეთებია და არც უეფას, მაგრამ, საუბედუროდ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი მათი დაკვირვების ობიექტია და ასე გაგრძელდება ახლო მომავალშიც.