ლიეჟის ”სტანდარდის” ფანებს სანერვიულო მიეცათ

AutoSharing Option
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ლიეჟის “სტანდარდის” მესაკუთრე რუსეთის მოქალაქე მარგარიტა ლუი-დრეიფუსი გახლავთ. მისი სახელი და გვარი ფანებს ალბათ არაფერს ეუბნება, მაგრამ საკმარისია გითხრათ, ის მარსელის “ოლიმპიკის” მთავარი მეწილეც გახლავთ, რომ საფეხბურთო სამყაროში მისი წონა უმალ ცხადი ხდება.

ქალბატონი მარგარიტა 1989 წელს სრულიად შემთხვევით სახელგანთქმულ ფრანგ ბიზნესმენ რობერ ლუი-დრეიფუსს თვითმფრინავში შეხვდა და 4 წლის შემდეგ ცოლად გაჰყვა. 2009 წელს ეს უკანასკნელი ლეიკემიით გარდაიცვალა და ცოლს 8,5 მილიარდის ქონება დაუტოვა.

ახლა, მოდი, თავი დავანებოთ მათი ბიოგრაფიის შესახებ წერას და ის ვთქვათ,
რატომ ვახსენეთ ამ ბიზნესვუმენის სახელი. საქმე ის არის, რომ ბელგიური კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელმა (75%) მათთან განშორება გადაწყვიტა და მოლაპარაკება ჰოლანდიურ ფონდ “ვალუ 8-სთან” დაიწყო.

როგორც ჩანს, ამ პერსპექტივამ გუნდის გულშემატკივრები ოდნავადაც ვერ დააკმაყოფილა, რადგან მათ იციან, რომ ჰოლანდიურ კომპანიას ბოლო წლებში სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. ფანები ვარაუდობენ, რომ მათ მეზობლებს კლუბის იაფად შეძენა და შემდგომ ძვირად გაყიდვა სურთ. აღშფოთებულმა ბელგიელებმა ინტერნეტის საშუალებით ფულის შეგროვებაც კი დაიწყეს აქციათა გამოსასყიდად. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ პატარა ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში კლუბის ფანებმა 1 მილიონი ევროს შეგროვება შეძლეს.

სულ “სტანდარდი” 32 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული