გუშინ დილას საინფორმაციო სააგენტო “როიტერმა” არც თუ ისე მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა: “ლიონი” უახლოეს საათებში მთავარ მწვრთნელს წარადგენსო. თავად ეს ამბავი დიდი არაფერი, მაგრამ კანდიდატურა კი იყო ცოტა დამაინტრიგებელი. ლაპარაკია კლოდ პიუელის ყოფილ ასისტენტ რემი გარდზე. სპეციალისტზე, რომელსაც აქამდე მთავარ მწვრთნელად არასოდეს უმუშავია. “ფრანს ფუტბოლმა” უმალ შეგვახსენა, რომ მუსიე რემი, როგორც ფეხბურთელი, “ლიონის” ღირსებას 6 წლის განმავლობაში, 1987-დან 93-მდე იცავდა, კარიერის დასრულების შემდეგ კი კლუბში ძირითადად ტექნიკური პოსტები ეკავა.
შუადღეზე სპეციალური პრესკონფერენცია დაგეგმილ დროს დაიწყო. ჟურნალისტებთან
ვინც არ რისკავს შამპანურსაც ვერ სვამსო, გაგვიგია, მაგრამ კოკა წყალს ყოველთვის რომ ვერ მოიტანს, ეგეც ნათქვამია. რამდენად გამძლე გამოდგება კოკა სახელად რემი გარდი და მოიტანს თუ არა ის წყაროდან შამპანურს, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს.
მოლაპარაკებები არ ყოფილა
“აიაქსის” 23 წლის მარჯვენა მცველის გრეგორი ვან დერ ვილის შესახებ “რომასთან” არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილაო, - განაცხადა მისმა აგენტმა ჰაკიმ სილმანიმ. არადა იტალიური წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილიაო. მათ ამის თქმის საფუძველს ის აძლევდა, რომ პრესამ “რომას” სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი ამსტერდამში ნახა. რატომ ესტუმრებოდა ამ ქალაქს, ძნელი მისახვედრი ალბათ არ უნდა იყოს. თუმცა ფეხბურთელის აგენტი შეხვედრის ფაქტს უარყოფს: “გარწმუნებთ, “რომას” ოფიციალურ წარმომადგენლებს ამ საკითხზე არ შევხვედრივარ. ამ წუთას ყველაფერი მშვიდად არის. გრეგორის ხომ “აიაქსთან” კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს. არც კლუბს სურს ფეხბურთელის გაყიდვა, მით უფრო, რომ როგორც ვიცი, მათ ოფიციალურად არც ერთი წინადადება, არც “რომასგან” და არც სხვებისგან, ჯერ არ მიუღიათ. რა მოხდება უახლოეს 2 თვეში ამას ვნახავთ. ჩემი კლიენტი კი ამ წუთას შვებულებაშია და მშვიდად ისვენებს”.
იუვე: მატრი, პეპე, მოტა და კვალიარელა
“იუვენტუსის” ფეხბურთელები ალესანდრო მატრი, სიმონე პეპე, მარკო მოტა და ფაბიო კვალიარელა კლუბში დარჩებიან, - გვამცნობს “ქალბატონის” ოფიციალური საიტი. გასულ წელს ისინი გუნდში იჯარის წესით თამაშობდნენ და ტურინელებმა მათი ტრანსფერების გამოსყიდვა გადაწყვიტეს. ასე რომ, “კალიარი” მატრიში 10,5 მილიონს მიიღებს, “უდინეზე” პეპეში – 7,5-ს, მოტაში 3,75-ს, “ნაპოლი” კი კვალიარელას 10,5 მილიონად შეელევა. პირველმა სამმა “ბიანკონერისთან” 4-4 წლიანი კონტრაქტები დადო, უკანასკნელმა - 3-იანი.
არნახული ჯარიმა დიეგოს
“ვოლფსბურგის” ბრაზილიელი ნახევარმცველი დიეგო რიბასი კლუბმა ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე სოლიდური თანხით დააჯარიმა – სამხრეთამერიკელი ნახევარ მილიონ ევროს გადაიხდის. ყოველ შემთხვევაში ამ თანხას ასახელებენ გერმანული ვებგვერდები, თავად კლუბის პრესსამსახური ადასტურებს, რომ ჯარიმა მართლაც სერიოზულია, მაგრამ კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს.
შეგახსენებთ, თუ რა გახდა “მგლების” ხელმძღვანელობის გაბრაზების საფუძველი: გასული სეზონის 34-ე ტურის მატჩში ფელიქს მაგათმა ფეხბურთელი “ჰოფენჰაიმთან” მატჩის (1:3 “ვოლფების” სასარგებლოდ) განაცხადში არ შეიყვანა, რის გამოც ბრაზილიელი გაბრაზდა, ისე, რომ ნებართვა არავისთვის უთხოვია, დატოვა სასტუმრო სადაც კლუბი ცხოვრობდა და მატჩის მიმდინარეობისას არც “რაინ-ნეკარ-არენაზე” გამოჩენილა.
პორტუმ თავკაცი იპოვა
თანამდებობიდან ანდრეს ვილას-ბოასის გადადგომის შემდეგ “პორტუს” ახალი დამრიგებელი დიდხანს არ უძებნია. გუნდს მისი ერთ-ერთი თანამშემწე ვიტორ პერეირა ჩაიბარებს. ევროპის ლიგის გამარჯვებულ გუნდში მისვლა და ამბიციურ ამოცანებთან შეჭიდება რთული საქმეა. თავად მწვრთნელს ეს ესმის: “მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტს, მთლიანად ხელმძღვანელობას ჩემდამი ნდობისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ “პორტუ” გააგრძელებს გამარჯვებათა გზას. ოპტიმიზმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ჩვენს გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია მომატება. პროგრამა მინიმუმი პორტუგალიის ჩემპიონატის მოგება იქნება, მეტს თუ შევწვდებით, მთლად უკეთესი”.
“პორტუს” პრეზიდენტ პინტუ და კოშტას ჟურნალისტებმა ვილას-ბოასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე კომენტარი სთხოვეს: “ჩვენ ანდრეზე გაბრაზებულები არ ვართ, რადგან კლუბმა მასთან კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მშვენიერი კომპენსაცია მიიღო. ესეც რომ არა, მასთან ერთად გუნდი წარმოუდგენელ სიმაღლეებს შესწვდა. ამ გამარჯვებებში კი მისი წილის გადაფასება წარმოუდგენელია. არა, მასზე გაბრაზების მართლა არანაირი ობიექტური საფუძველი არ გვაქვს”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"