"აიაქსი" 1966

AutoSharing Option
სტატია, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, “აიაქსის” ფანკლუბის საიტზე ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა, ჩვენც დავიცავთ რიგითობას და მას რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ.

“აიაქსი” ერთი თვის წინ ჰოლანდიის ჩემპიონი ოცდამეათედ გახდა. ამას გარდა, გუნდმა არაერთი სერიოზული მატჩი ჩაატარა ევროპის ლიგაზეც. თუმცა ამსტერდამულ გრანდს რა ხანია მართლა ისტორიული მატჩი აღარ ჰქონია. სტატიის ავტორი ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების მონაწილეს შეხვდა. ვეტერანმა გულშემატკივარმა და “აიაქსის” მემკვიდრეობის გადარჩენის ერთ-ერთმა მოთავემ, ამჟამად კლუბის არქივარიუსმა ჰენრი შუმანმა დეტალებზე დაუზარლად ილაპარაკა. სტატია 1966 წლის “აიაქსი”-“ლივერპულის” მატჩს ეხება.

ჩვენი გმირი 6 წლის განმავლობაში თამაშს არ
ტოვებდა ჰოლანდიის სტადიონებზე - თავის საყვარელ ფეხბურთელებს ყველგან ამხნევებდა, მაგრამ გახდა თუ არა 20-ის, გადაწყვტიტა, რომ ამიერიდან ევროპაშიც უნდა ემოგზაურა გუნდთან ერთად. რა თქმა უნდა, მან ინგლისში წასვლაც გადაწყვიტა, სადაც მათ “ლივერპული” ელოდათ: “მოგზაურობას ორგანიზება “აიაქსის” ადმინისტრაციამ გაუწია. ჩვენ ინგლისში ფეხბურთელებთან ერთად გავფრინდით. მთელი სალონი ფანებით იყო სავსე. რამდენიმე დღე ლონდონში გავჩერდით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავედით ლივერპულში, “ბითლზის” ქალაქში. “ლივერპულის” თავკაცმა ბილ შენკლიმ თამაშამდე დაიტრაბახა, ნახავთ, ამსტერდამელებს 6:0 ან 7:0-ს მოვუგებთო (ამსტერდამში მასპინძლებს 5:1 ჰქონდათ მოგებული. რედ). ასეთი განცხადებები სერიოზულად გვაფიქრებდა. ჩვენ, ფანები ზედა იარუსზე მოგვათავსეს. ასეთი სიმაღლიდან ფეხბურთის ყურება განუმეორებელი შეგრძნებაა. “აიაქსი” მოედანზე შეუდარებელი იყო. კრუიფმა ორი გოლი გაიტანა, თამაში კი 2:2 დასრულდა, რისი წყალობითაც ევროპის თასის მეოთხედფინალში გავედით. ეს ფენომენური მიღწევა გახლდათ”.

ცოტა ხანში “აიაქსს” მორიგი გასვლა ელოდა - ამსტერდამელები პრაღას ეწვივნენ, რათა იქ “დუკლას” შებმოდნენ (შინ 1:1 ითამაშეს). ამ მოგზაურობასაც შუმანი იხსენებს: “პრაღელებთან დაპირისპირება ძალიან ძნელი იყო. იქ გუნდთან ერთად გამგზავრება 125 გულდენი დაჯდა. ამ თანხის მოგროვებაში მშობლები დამეხმარნენ. მშვიდი პრაღა “აიაქსის” ხმაურიანმა ფანებმა “თავდაყირა დააყენეს”. ის თამაში წავაგეთ (1:2. რედ) ძირითადად ფრიტს სუტკაუს ავტოგოლის წყალობით. რინუს მიხელსმა ამის გამო ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვა. ის სეზონი ჰოლადიაში გუნდმა ფანტასტიკურად ჩაატარა, 122 გოლი გაიტანა, გახდა ჩემპიონი და თასიც მოიპოვა”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული