სკანდალი ბერძნულ ფეხბურთში

AutoSharing Option
საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ბერძნულ ფეხბურთში გამოვლენილ კორუფციასთან დაკავშირებით ზუსტად 80 ადამიანია გამოვლენილი, რომელთაგან ათი პოლიციამ დააკავა და ბრალი წაუყენა, 70 კი ჯერჯერობით მხოლოდ დაკითხულია.

ამავე საქმეზე ივნისის პირველ რიცხვებში პოლიციამ უკვე დააკავა 7 ადამიანი, მათ შორის საბერძნეთის სუპერლიგის კლუბების პრეზიდენტები. მათ მიმართ წაყენებულია ბრალდება თაღლითობის, ქრთამის აღების, უკანონო საბუკმეიკერო საქმიანობისა და შავი ფულის გათეთრების მუხლებით. დაკავებულთაგან ორს აღმოუჩინეს არარეგისტრირებული “Hekler&kox Usp-ს” მოდელის 9/19 კალიბრის პისტოლეტები, მათი სახლებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები,
ასევე სახელმწიფო საბუკმეიკერო კანტორის კუპონები, ნაღდი ფული და ასე შემდეგ. სამართალდამცავთა მტკიცებით, ბოროტმოქმედები გარიგებული მატჩებით მიღებული შემოსავლებით, როგორც მინიმუმ, 2008 წლიდან ცხოვრობდნენ.

ბერძნული ფეხბურთი ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეირყა სერიოზულად ასეთი სკანდალების გამო. მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითი რომ ავიღოთ, 2010 წლის ბოლოს აღძრულ საქმეში 13 კლუბი ფიგურირებს, მათ შორის 4 სუპერლიგის მონაწილე, 8 მეორე დივიზიონის, 1 კი მესამე ლიგის.

გარიგებული მატჩები, მასობრივი ძალადობა სტადიონებზე და კიდევ მრავალი მოუგვარებელი პრობლემის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყნის პროფესიული ფეხბურთის ლიგა დაშლილად გამოაცხადა და ჩემპიონატის ორგანიზება უშუალოდ ფეხბურთის ფედერაციას მოსთხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული