ერთად რასიზმის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მთელი ერთი წელი რჩება. უეფამ FARE-თან (იშიფრება როგორც “ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ ევროპაში) და ორგანიზაცია NEVER AGAIN-თან ერთად მონაწილეობა მიიღო სპეციალურ კონფერენციაში ექსტრემიზმთან და რასიზმთან ბრძოლის საკითხებში.

შეხვედრა ვარშავაში, პოლონეთის პარლამენტის შენობაში შედგა. სტუმრებს მიესალმნენ პოლონეთის პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ამ საქმეში გამობრძმედილი ევროპელი აქტივისტები, ვეტერანი ფეხბურთელები.

აი, რა განაცხადა იუსტიციის მინისტრმა კშიშტოფ კვიატკოვსკიმ: “ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სპორტულ ღონისძიებებზე რასიზმთან ბრძოლის საკითხებს. ყველაზე მეტად იმიტომაც, რომ მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატს უნდა ვუმასპინძლოთ. ყველას გვინდა, რომ ჩვენი
სტადიონები ასოცირდებოდეს გულშემატკივართა ცივილიზებულ ქცევასთან, პოზიტიურ ემოციებთან, არაძალადობრივ გარემოსთან, ასევე ადგილთან, სადაც არ აქვს ადგილი ქსენოფობიასა და რასიზმს”.

ბატონი მინისტრს სიტყვა NEVER AGAIN-ის თავმჯდომარე რაფალ პანკოვსკიმ ჩამოართვა. მისი აზრით, სწორედ ფეხბურთის დახმარებით შეიძლება ფართო მასებში ტოლერანტობისა და მულტიკულტურული იდეების დანერგვა. “დარწმუნებული ვარ, რომ სპორტულ ღონისძიებებზე უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს სპორტის ფუნდამენტური იდეების ხორცშესხმა, ისეთების, როგორიც არის “ფეარ პლეი”, სამართლიანი თამაში, ერთმანეთის პატივისცემა, - განაცხადა ევროსაბჭოში საფრანგეთის წარმომადგენელმა ფრანსუა სანტანჯელომ. - რასიზმისა და დისკრიმინაციისგან დაცვა ეს არის ადამიანის ის უფლებები, რაც განუხრელად უნდა იყოს დაცული”.

უეფას კორპორატიულმა მენეჯერმა პატრიკ გასერმა დიდი მადლობა გადაუხადა ზემოთ აღნიშნულ ორ ორგანიზაციას გაწეული სამუშაოსთვის. “ყველას გვინდა, რომ ევრო-2012-ზე კულტურული მრავალფეროვნების დღესასწაული შედგეს. ამან მთელ ტურნირს დადებითი კვალი უნდა დაამჩნიოს. ბოლოს კი დავძენ, რომ ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველით ამ ტურნირის დაწყებას,” – განაცხადა პატრიკ გასერმა.

შემაჯამებელი სიტყვა FARE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პიარა პოუარმა თქვა: “ჩვენ ვამაყობთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცეიბთან აქტიური თანამშრომლობით, მოხარული ვარ, რომ სპორტში დისკრიმინაციისა და რასიზმის წინააღმდეგ ბევრნი ვართ გაერთიანებულნი. ბოლოს ხანს ამ მიმართულებით აშკარა პროგრესს მივაღწიეთ. იმისთვის, რომ საზოგადოებისგან მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ამისთვის ახალგაზრდობასთან დიალოგია საჭირო. ამ მიზნებისთვის პოლონეთსა და უკრაინას თავიანთი პროგრამები აქვთ შემუშავებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პროგრამები ევრო 2012-ის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება. წლების შემდეგ ამ ქვეყნების საზოგადოებებზე ჩვენი პროგრამები დიდ გავლენას მოახდენს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული