ახალი წესი ივლისის პირველი რიცხვებიდან შედის ძალაში. იმ შემთხვევაშიც კი, როცა კლუბის თუნდაც ერთი წევრი, ლაპარაკი არ არის მხოლოდ ფეხბურთელზე, აღმოჩნდება გარეული ახალ სკანდალში, ის ავტომატურად მოიკვეთება ჩემპიონატიდან.
“მოვლენათა ყველაზე უარესი სცენარით განვითარების შემთხვევაში მთლიანად ლიგას გავაუქმებთ. საქმე
მოგეხსენებათ, წინა კვირას საფეხბურთო ასოციაციამ 10 (მათ შორის 8 “ტანჯონ სიტიზენის” წევრი) ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. გარდა საფეხბურთო სანქციებისა, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული და ყოველ მათგანს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ახალი წესების ძალაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ძალიან მალე კორეულმა საიტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა მთავარმა ეჭვმიტანილმა, ბუკმეკერებისთვის მსხვილი თანხების მოგების სქემის ავტორმა, “სეულ იუნაიტედის” 30 წლის ყოფილმა წევრმა ჩუნ-ჩონ ჰვანმა დედაქალაქის ერთ-ერთ პატარა სასტუმროში სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო.
სავარაუდოდ იმიტომ, რომ პოლიცია ჯერ სხვა ვერსიებსაც არ გამორიცხავს. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მაგიდაზე წერილი აღმოაჩინეს, სადაც ეწერა:
“მაპატიეთ. მრცხვენია, რომ გარიგებული თამაშების ორგანიზებაში ვმონაწილეობდი”.
საინტერესოა კიდევ ის, რომ ჟურნალისტებმა გარდაცვლილის ბიოგრაფიიდან კიდევ ერთი სკანდალური დეტალი გაიხსენეს: რამდენიმე წლის წინ “ჩონბუკ ჰენდა მოტორიდან” ის იმიტომ გააძევეს, რომ პოლიციამ მას ბრალს სდებდა, ჯარში გაწვევის თავიდან ასაცილებლად მავანს მოურიგდა და ამაში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადაო. მაშინ ფეხბურთელი ციხეს გადაურჩა.
ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის არის, რომ ეს საფეხბურთო სკანდალის გამო ჩადენილი პირველი თვითმკვლელობა არ არის. 6 მაისს “ინჩჰონ იუნაიტედის” 23 წლის წევრმა იუნ გი ვონმა მანქანის მომწამვლელი გაზით თავი გაიგუდა და ეს კლუბის ბაზაზევე ღამით გააკეთა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"