არა მხოლოდ ხელფასისთვის...

AutoSharing Option
“ტვენტეს” ავსტრიელი ცენტრალური თავდამსხმელი მარკ იანკო უარს აცხადებს ერედივიზიედან სათამაშოდ რუსეთის პრემიერლიგაში გადაბარგდეს. "დე ტელეგრააფის” ცნობით, მახაჩყალის “ანჟიმ” მას ხელფასის სახით 3 წელიწადში 8 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე ბევრად მეტია.

გამოცემის მტკიცებით, რუსული კლუბის მიწვევით ფეხბურთელის აგენტი გეორგ შტანგაზინგერი ავსტრიაში ბად ვალტერსდორფში შეკრებაზე მყოფ რუსულ კლუბს ბაზაზე ეწვია და მოლაპარაკებები გამართა. ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, მისი კლიენტის უარის მიზეზი შეთავაზებული ანაზღაურებით უკმაყოფილება არ არის. “მარეკი უბრალოდ არ არის მზად საცხოვრებლად რუსეთში წავიდეს. მას ყველანაირად აწყობს ენსხედეში ცხოვრება,” -
აცხადებს შტანგაზინგერი.

იანკომ “ტვენტესთან” 4-წლიანი კონტრაქტი შარშან ზაფხულზე გააფორმა, რისი წყალობითაც წელიწადში ის 2 მილიონ ევროზე ცოტა ნაკლებს იღებს. შეგახსენებთ, რომ “ანჟიმ” ორიოდე კვირის წინ შეიძინა “ეინდჰოვენის” საყრდენი ნახევარმცველი ბალაშ ჯუჯაკი და იმედი ჰქონდა, რომ ერედივიზიეს კიდევ ერთ ვარსკვლავსაც წაართმევდა. ჩრდილოკავკასიელებმა უნგრელ ფეხბურთელში 14,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

აქვე გეტყვით, რომ ერთ-ერთი გერმანული ვებგვერდის მტკიცებით, “ანჟიში” გადასვლაზე უარი თქვა “ბეშიქთაშის” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა რიკარდო კვარეჟმამაც. არადა “ანჟის” მესაკუთრე სულეიმან ქერიმოვი მას წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობდა. კვარეჟმას განცხადებით, ბოლო დროს თურქულ ფეხბურთში განვითარებული მოვლენების ფონზეც კი არ არ აპირებს ამ ქვეყნის დატოვებას და სათამაშოდ სხვაგან წასვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული