სკანდალი ლისაბონში

AutoSharing Option
პორტუგალიის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ლისაბონის “სპორტინგის” 24 წლის მეკარე რიკარდუ ბატიშტა 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მიზეზი ბანალურია: ახალგაზრდა ფეხბურთელი დოპინგის გამოყენებაში ამხილეს.

წინა სეზონი ბატიშტამ “ოლიანენშეში” სწორედ “სპორტინგიდან” იჯარის წესით გაატარა. რიკარდუს სისხლის ანალიზი 2011 წლის იანვარში სწორედ ამ კლუბისა და “აკადემიკა კოიმბრას” მატჩის შემდეგ ჩაუტარეს. პირველადი დადებითი პასუხი ანტისადოპინგო სააგენტომ ამა წლის მარტის ბოლო მიიღო, 8 აპრილიდან კი მას უკვე აკრძალული ჰქონდა ჩემპიონატის მატჩებში მონაწილეობა.

ბუნებრივია, კომისიამ განმეორებითი ანალიზიც ჩაატარა, რამაც პირველი პასუხი დაადასტურა. ბატიშტას დისკვალიფიკაციის ვადის ათვლა
სწორედ 8 აპრილიდან დაიწყება და ვადა 2013 წლის აპრილში გაუვა.

გარდა აღნიშნული უსიამოვნო ინციდენტისა, კლუბში დადებითი ძვრები მიდის. წინა კვირას ტორონტოში “სპორტინგი” “იუვენტუსს” შეხვდა და 2:1 დაამარცხა (აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ალესანდრო დელ პიეროს მიერ საჯარიმოს გარედან გატანილი ულამაზესი გოლი მეტოქის კარში). მატჩის შედეგების შეფასებას პორტუგალიურმა პრესამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.

“თეთრ-მწვანეების” შემადგენლობაში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ რიკი ვან ვოლფსვინკელი და სტინ სხაარსი. პირველს “ჰოლანდიური სენსაცია” უწოდეს, მეორეს “გუნდის ახალი გული”. პრესამ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ “ბებერ ქალბატონთან” მინდვრის ცენტრში განსაკუთრებულად ეფექტურად გამოიყურებოდა სხაარსისა და არგენტინელი ფაბიო რინაუდოს ახალი ტანდემი. მოკლედ, პრეზიდენტ ლუიშ გოდინიო ლოპეშის მიერ ტრანსფერებში გაღებული თანხები ჯერჯერობით ამართლებს.

“სპორტინგში” გადაბარგების შემდეგ ესპანურ პრესას პირველი ინტერვიუ მისცა “სევილიის” ყოფილმა ნახევარმცველმა დიეგო კაპელმა. ის კლუბში შექმნილი საქმიანი ატმოსფეროთი კმაყოფილია, თუმცა იქვე აცხადებს, რომ არასდროს დაივიწყებს ანდალუსიაში გატარებულ ბედნიერ წლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული