ტრანსფერები "აიაქსურად"

AutoSharing Option
“აიაქსის” მარჯვენა მცველი გრეგორი ვან დერ ვილი მშობლიური კლუბიდან სხვაგან წასვლას ჯერჯერობით არ გეგმავს. არადა ლაპარაკი, რომ ფეხბურთელი ჰოლანდიის ჩემპიონატს დატოვებდა, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერე არ წყდება.

გრეგორი ამჯერადაც გაკვირვებულია იმით, რომ ჭორებს მასზე დაუღალავად იგონებენ. აი, რას აცხადებს ის: “ეს ყველაფერი მხოლოდ ფანტაზიაა, რადგან წელს მე სრულად კონცენტრირებას მხოლოდ “აიაქსის” თამაშებზე ვგეგმავ. შესაბამისად, სხვა კლუბზე არც კი ვფიქრობ. მიზეზი მარტივია: 2012-ში ევროპის ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. არ მინდა გარისკვა, სხვაგან წასვლა და სათამაშო ფორმის დაკარგვა. ამ ტურნირის დასრულების შემდეგ
კი უკვე დავფიქრდები, შევიცვალო თუ არა საცხოვრებელი ადგილი. იქამდე კი არსადაც არ მივდივარ”.

“აიაქსის” ტექნიკურმა დირექტორმა დანი ბლინდმა აბსურდი უწოდა რუსულ პრესაში გავრცელებულ ხმებს, “დენ ჰააგის” რუსი თავდამსხმელით დმიტრი ბულიკინით “აიაქსის” დაინტერესების თაობაზე. ჰოლანდიურ “ფუტბოლ ინტერნეშენელთან” ინტერვიუს დროს ბლინდმა აღნიშნა, რომ ასეთი ტრანსფერის ალბათობა ნულის ტოლია, რადგან ამსტერდამელებს ასეთი წინადადებით ჰააგელებისთვის არ მიუმართავთ და არც აპირებენ, რადგან ბულიკინი “აიაქსის” სტანდარტებით უკვე ვეტერანია (რუსი უკვე 31 წლისაა). ბლინდმა განმარტა: “როცა ფრანკ დე ბურმა თქვა, რომ “აიაქსს” ბულიკინის სტილის თავდამსხმელი სჭირდება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მის ყიდვას ვფიქრობდით”.

“აიაქსს” მაროკოელი მუნირ ელ ჰამდაუის გაყიდვა დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს შარშანდელ სეზონში თანაგუნდელთა დიდ ჯგუფთან კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც ფრანკ დე ბურმა ის დუბლებში გადაიყვანა და ძირითად გუნდში მის დაბრუნებას არც ახლა აპირებს. ამ ვითარებით სარგებლობა სურს “ეინდჰოვენის” მთავარ მწვრთნელ ფრედ რუტენს. “ფილიპსელები” მზად არიან, თავდამსხმელში 5 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული