აი, რას აცხადებს კონკრეტულად ეს ადამიანი: “გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ბობ ბრედლის იმ სამუშაოსთვის, რაც მან ნაციონალურ გუნდთან ჩაატარა, იმ ერთგულებისთვის, რასაც 5 წლის განმავლობაში იჩენდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოახერხა გუნდმა საუკეთესო შედეგების ჩვენება. ამ ყოველივეს ვითვალისწინებთ, მაგრამ ისიც გვესმის, რომ ძირეული ცვლილებების დრო დადგა.
რთულია მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთ პატივსაცემ ადამიანს ემშვიდობები, როგორიც
მისტერ ბრედლიმ აშშ 2006 წელს ჩაიბარა და მასთან ერთად 2007 წელს კონკაკაფის თასი მოიგო, 2009-ში კონფედერაციათა თასის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში მისმა ნაკრებმა ესპანეთი სენსაციურად დაამარცხა 2:0, ფინალში ამავე ანგარიშით ამარცხებდა ბრაზილიას, თუმცა “პენტაკამპეონებთან” ბოლოს მაინც დამარცხდა 2:3, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი აშშ 1/8-ფინალში დამარცხდა.
ეს ინფორმაცია ჯერ “გაციებულიც” არ იყო, რომ სპორტულმა ვებგვერდებმა სპეკულაციები წამოიწყეს ამერიკელთა მომავალ მთავარ მწვრთნელზე. ამ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული უმუშევარი მწვრთნელი გერმანელი იურგენ კლინსმანია (სხვათა შორის დღეს ის 47 წლის გახდა). სპეციალისტი, რომელიც გერმანიის ნაკრებს ორი წელიწადი ედგა სათავეში და შინ გამართულ მუნდიალზე ნახევარფინალში გაიყვანა.
იურგენი კარიერის დასრულების დღიდან, ანუ 1998 წლის აგვისტოს შემდეგ აშშ-ში, ფლორიდაში ცხოვრობს. ის მშვენივრად იცნობს ამერიკულ ფეხბურთს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, იდეალურად ფლობს რამდენიმე უცხო ენას და შესაბამისად მულტინაციონალურ ქვეყანაში შეგირდებთან ურთიერთობის პრობლემა არ შეექმნება. გადაწყვეტილება ეროვნულ ნაკრებში მისი დანიშვნა-არდანიშვნის შესახებ ოკეანის გაღმა გვიან საღამოს უნდა მიეღოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"