"აიაქსი" - დანაკარგს შევსება უნდა

AutoSharing Option
"აიაქსმა" მაარტენ სტეკელენბურგი "რომაში" გაყიდა. ჯერჯერობით გუნდის პირველ მეკარედ 25 წლის კენეტ ვერმეერი მიიჩნევა, ფეხბურთელი, რომელიც სტეკეს ყოველთვის ღირსეულად ცვლიდა, როცა მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამე პრობლემა ჰქონდა.

ასე იყო შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარშიც, როცა ჰოლანდიის ნაკრების ძირითადმა მეკარემ ტრავმა მიიღო და ლამის მთელი მეორე ნახევარი ლაზარეთში გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანკ დე ბურმა ვერმეერის შესაძლებლობები კარგად იცის, "დე ტელეგააფის" ინფორმაციით, მან "ნაიმეგენიდან" "ნარინჯისფერთა" ნაკრების კიდევ ერთ წევრის, 22 წლის იასპერ სილესენის გადაბირება მოინდომა. ოფიციალურ შეთავაზებას ჰოლანდიის ჩემპიონი ერედივიზეს კლუბს უახლოეს
დღეებში გაუგზავნის.

"აიაქსის" 27 წლის თავდამსხმელის მუნირ ელ ჰამდაუისა და გუნდის სხვა წევრებს შორის არსებულ პრობლემებზე რამდენიმე დღის წინ ვწერდით. სწორედ მაროკოელის რთული ხასიათის გამო გახდა იძულებული დე ბური ის მეორე გუნდში მიევლინა. თავდამსხმელის გადაბირების სურვილი გამოთქვა "უდინეზემ". ფრიულელები "ბარსელონაში" გადასული ალექსის სანჩესის შემცვლელს ეძებენ. ამ მიზნით "უდინეზეს" პრეზიდენტი ჯამპაოლო პოცო ფეხბურთელის აგენტ სიგი ლენსს შეხვდა.

იტალიური პრესა წერს, რომ მაროკოელმა წელიწადში 1,5 მილიონიანი ხელფასი მოითხოვა, რისი გადახდაც სერია ა-ს კლუბს უბრალოდ არ შეუძლია. ელ ჰამდაუის შეძენის სურვილი რამდენიმე დღის წინ "ეინდჰოვენმაც" დაადასტურა. თუმცა ჰოლანდიური პრესის ცნობით, ამას იქით საქმე ჯერ არ წასულა. "აიაქსს" ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია. ელ ჰამდაუის შეძენის მსურველთა შორის სახელებენ ასევე "ფულჰემს", მოსკოვის "სპარტაკსა" და ყაზანის "რუბინსაც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული