პორტუგალიის სუპერთასი "პორტუმ" მოიგო

AutoSharing Option
პორტუ-გიმარაეში 2:1
გოლები: 1:0 როლანდუ (3), 1:1 ტოსკანო (32), 2:1 როლანდუ (41)
პორტუ: ელტონი - საპუნარუ, როლანდუ, მაიკონი, ფუსილე - სოუზა, ჟოაუ მოუტინიო (ბელუსკი 84), რუბენ მიკაელი (გუარინი 66), - ჰალკი, კლებერი, ვარელა (ფალკაო 66)

გიმარაეში: ნილსონი - ალექსი, ჟოაუ პაულუ, ნდიაიე, სანტანა - ელ აუდა, ოლიმპიო (პედრუ მენდეში 72), ფაუზი (მარანაო 57), ბარიენტოსი (ჟოაუ ალვეში 66), ტარჟინიო, ტოსკანო

პორტუგალიაში ბოლო წლების ტრადიცია დაიცვეს და სუპერთასის შეხვედრა ავეირუში გამართეს. დაპირისპირება "პორტუმ" აკადემიურ სტილში მოიგო. "დრაკონები" წინა სეზონში ამ ტიტულისთვის "ბენფიკას" შეხვდნენ,
დაამარცხეს და დაიწყეს კიდევაც ფანტასტიკური სეზონი, რომელიც საბოლოო ჯამში ტრიუმფით დასრულდა - გუნდმა მოიგო ჩემპიონატის ოქროს მედლები, პორტუგალიის თასი და ევროპის ლიგა.

"გიმარაეში" სუპერთასზე თასის ფინალისტის რანგში გამოდიოდა. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროგრანდმა შემადგენლობა მთლიანად შეინარჩუნა, ეს სულ სხვა "პორტუ" იყო. ვიტორ ფერეირას თავისი გუნდის ჩამოყალიბება ეტყობა უკვე დაწყებული აქვს.

ახალი გუნდი წინანდელთან შედარებით ბევრად უფრო ნელა ათამაშებდა ბურთს და ნაკლებად აგრესიული იყო ართმევისას. თუმცა შეიძლება იმის თქმაც, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე დრო ჯერ არის და ბუნებრივია, რომ პერეირას ბიჭები ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ არიან. ჩემპიონებმა დროის ძირითადი ნაწილი ანგარიშის შენარჩუნებაში გაატარეს, თუმცა იგრძნობოდა, რომ თუკი მოინდომებდნენ, ტემპის მომატებაც შეეძლოთ და არც უპირატესობის მოპოვება იქნებოდა მათთვის პრობლემა.

"პორტუ" მარჯვენა ფლანგზე უფრო აქტიურობდა. პირველი გოლიც სწორედ აქედან მომწიფდა. ცენტრალური თავდამსხმელის ადგილას რატომღაც როლანდუ აღმოჩნდა, ვისაც მეკარემ აუღო. თუმცა ბურთი ისევ შემტევებს დარჩათ. მოუტინიომ და ჰალკმა ფანტასტიკური კომბინაცია გაითამაშეს. ბრაზილიელმა ბურთი ისევ საჯარიმოში დააბრუნა, სადაც მას ისევ და ისევ "დრაკონების" ცენტრალური მცველი ელოდა - 1:0.

გოლმა "პორტუ" მოადუნა. ელტონის კარს საფრთხე თითქოს არ ემუქრებოდა, რადგან "გიმარაეში" მოედნის ცენტრს იქით გადასვლას ვერც ახერხებდა, თუმცა მოულოდნელად ანგარიში მაინც გათანაბრდა. კუთხურის გათამაშებისას დაცვამ ყურადღება მეტისმეტად მოადუნა, ვერც მეკარემ იყოჩაღა და მარსელო ტოსკანომ ამით კარგად ისარგებლა 1:1. 10 წუთი არ იყო გასული, რომ ისევ და ისევ როლანდუმ გაიტანა. ამჯერადაც აშკარად შეცდა "გიმარაეშის" დაცვა. მეკარე ნილსონს არც ამჯერად ჰქონია შანსი.

მეორე ტაიმში პირველის სცენარი არ შევლილა. "პორტუ" უტევდა, თუმცა უკბილოდ და სახიფათო მომენტებს პრაქტიკულად არც ქმნიდა. "გიმარაეში" კი ისევ თავს იცავდა. შეხვედრის ბოლო 15 წუთში მხოლოდ ფალკაომ სცადა ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ერთი-ორი უხეირო დარტყმის მეტს ისიც ვერაფერს გამორჩა. ბოლოს კი ისევ ნომინალურმა სტუმრებმა სცადეს კონტრშეტევაზე მეტოქის დასჯა. გამოუვიდოდათ კიდეც, რომ არა მაიკონი, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. ასე მოაწია კიდეც მსაჯის საფინალო სასტვენმა, რამაც ვიტორ პერეირას ზეიმის საფუძველი მისცა და ათქმევინა, რა კარგია, რომ სეზონს მაჟორულ ნოტზე ვიწყებთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული