ინგლისის თამაში გადაიდო

AutoSharing Option
დღეს ლონდონში, "უემბლიზე", ამხანაგური შეხვედრა უნდა გამართულიყო - ინგლისი ჰოლანდიას უნდა შეხვედროდა, მაგრამ ინგლისის დედაქალაქში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო თამაში არ ჩატარდება.

სამი ღამე ლონდონის ჩრდილოეთით მასობრივი არეულობებია და რისკს თავი რომ დავანებოთ, პოლიციის ძალებს ფეხბურთისთვის არ სცალიათ.

ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ შეცვედრა მაინც გაიმართება, მაგრამ ერთი წლის შემდეგ. რაც შეეხება ბილეთებს, გულშემატკივრები მათ დააბრუნებენ და თანხა სრულად დაუბრუნდებათ. ინგლისელთა კაპიტანმა რიო ფერდინანდმა "ტვიტერში" დაწერა:
"ჩვენი თამაში ჰოლანდიელებთან გააუქმეს
და სწორადაც მოიქცნენ. ვის უნდა ფეხბურთი, მაშინ როდესაც ქვეყანაში არეულობაა?"


და მართლაც, ბოლო დღეებია, ხალხი გაოცებულია. ლონდონელები გაოგნებულები უყურებენ როგორ იწვის მათ ქალაქში მანქანები და შენობები, როგორ იმსხვრევა ვიტრინები, რა მასშტაბის ვანდალური აქციები მიმდინარეობს. ფერდინანდმა და ინგლისის ნაკრების სხვა ფეხბურთელებმა "ტვიტერის" საშუალებით ხმა აიმაღლეს და გამძვინვარებულებს გაჩესრებისკენ მოუწოდეს. თავად ფერდინანდიც ხომ ლონდონელია, იმ უბნიდან გახლავთ, რომელსაც პეკჰემი ქვია - ამ რაიონს მღელვარება ძლიერ შეეხო. მან დაწერა:

"ჩვენს თვალწინ გამაოგნებელი სცენები ტრიალებს. რისთვის კეთდება ეს ყველაფერი? ვის და რას ეხმარებიან თუ ემსახურებიან გამძვინვარებულები? ბოლშია გახვეული სულ უბრალო ადამიანების სახლები. ვინ მეტყვის რა დააშავა ამ ხალხმა?

როგორც ჩანს ეს ადამიანები, რომელთა შორის ბევრი ყმაწვილია, პოლიციას პატივს არ სცემს. იქნებ არმიამ აიძულოს ამ ადამიანებს წესიაერად მოიქცნენ და პატივისცემა გამოამჟღავნონ?! ნამდვილად ვერ ვიტყვი რა უნდა გააკეთონ ამ ახალგაზრდებმა, ჭკუის დამრიგებლად არ გამოვდგები, მაგრამ ტელევიზორების მოპარვით და უდანაშაულო ხალხის მაღაზიებისა და სახლების დაწვით კარგს რომ ვერაფერს მივიღებთ, ფაქტია".

ინგლისის ნაკრების კაპიტანი უეინ რუნი: "რაც ხდება ნამდვილი სიგიჟეა. რატომ უნდა უკეთებდნენ ადამიანები ასეთ რამეს თავის ქალაქსა და ქვეყანას? გარშემო ნამდვილი საშინელება ტრიალებს. გთხოვთ, გაჩერდით".

ლონდონში მიმდინარე მოვლენებისადმი თავისი დამოკიდებულება გამოხატა ჰოლანდიელმა გამთამაშებელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმაც:
"ძალიან ცუდია, რომ ჩვენი და ინგლისელების თამაში გადადეს. მას მოუთმენლად ველოდით. რაც დღეს ქალაქის ქუჩებში ხდება ლონდონისთვის საშინელებაა".

გადაიდო "ქარლინგის თასის" რამდენიმე შეხვედრაც. არც ნიგერიისა და განის ნაკრების შეხვედრა შედგება. ის ლონდონიდან 30 კილომეტრში, უოტფორდში უნდა გამართულიყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული