ჯერ ისლანდიის ჩემპიონ "რეიკიავიკზე" ვილაპარაკებთ, ამავე რუბრიკით კი ცალკე შვედეთის ჩემპიონ "ჰელსინგბორგის" შესახებ მოგითხრობთ.
"რეიკიავიკი" ისლანდიის ჩემპიონი 25-ედ გახდა. მან ეს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოახერხა. ამრიგად, გუნდმა წელს დუბლი შეასრულა.
ისლანდიის თასი "რეიკიავიკმა" აგვისტოს შუა რიცხვებში მოიპოვა. "ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩემს კარიერაში, - განაცხადა გუნდის ყოფილმა კაპიტანმა რუნარ კრისტინსონმა, ამჟამად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვისაც წელს სადებიუტო სეზონი ჰქონდა ამ ამპლუაში.
- მიხარია, რომ მოვახერხე და
"რეიკიავიკმა" ისლანდიის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. გუნდმა 21 მატჩიდან 13 მოგება მოიპოვა, 7 ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. "გუნდი ბოლო წლებში კარგ ფეხბურთს აჩვენებდა. მჯეროდა, რომ შეგვეძლო ტიტულების მოგება. იმედი მქონდა, რომ თასს შევწვდებოდით ან ჩემპიონატში გავიმარჯვებდით. ვიცოდი, ისიც რომ ორივე ტიტულისთვის ბრძოლის შანსიც გვქონდა," - განაცხადა იმავე კრისტინსონმა.
აღფრთოვანებულია მიღწეულით გუნდის კაპიტანი ბარნი გუდიონსიონიც: "ჩემი გრძნობების აღწერა ამ წუთას შეუძლებელია. ჩემპიონის ტიტულისკენ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიწევდით და როგორც იქნა მიზანს მივაღწიეთ".
ჰელსინგბორგი მეშვიდედ
"მალმიოს" გოლი ასე არასოდეს გაგვხარებია," - განაცხადა გულწრფელად "ჰელსინგბორგის" მეკარე პერ ჰანსონმა მას მერე, რაც აღნიშნულმა კლუბმა აიკ-ს 90-ე წუთზე გაუთანაბრა და შვედეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მის გუნდს ისტორიაში მე-7 საჩემპიონო ოქრო გაუნაღდა. "ჰელსინგბორგი" უკანასკნელად აღნიშნულ ტიტულს 1999 წელს ფლობდა და მაშინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედებმა "ინტერი" გამოაგდეს (1:0, 0:0).
იმისთვის, რომ "ჰელსინგბორგს" ჩემპიონობა გაენაღდებინა, საჭირო იყო, მას თავისი თამაში მოეგო, ხოლო "მალმიოს" ქულები დაეკარგა. ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა, როგორც საჭირო იყო. "მალმიოსთან" აიკ წინ 84-ე წუთზე გავიდა, თუმცა მატიას რანეგის ნაგვიანებმა გოლმა ყველაფერი თავის კალაპოტში დააბრუნა.
ამ გუნდის წარმატება მით უფრო აღსანიშნავია, რომ შუა სეზონში ის სამმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. შვედეთის ნაკრების ფეხბურთელებმა, მცველმა მარკუს ნილსონმა და ალექსანდრ გერნდტმა "უტრეხტს" მიაშურეს, თავდამსხმელმა რასმუს იუნსონმა კი თავი "ვოლფსბურგს" შეაფარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"