ემოცია და სურვილი

AutoSharing Option
გუშინ 2004 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი ანდრეი შევჩენკო 35 წლის გახდა. იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე ის რუსულ "სპორტ ექსპრესს" უამრავ საინტერესო თემატიკაზე ელაპარაკა.

სამწუხაროდ, ჩვენი გაზეთის ფორმატი არ იძლევა საშუალებას, მასალა მთლიანად მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს.

- როგორი განწყობით ელოდებით დაბადების დღეს?
- ჩემი დაბადების დღე დიდად არც არასოდეს მყვარებია, რადგან ძალიან ბევრი ყურადღება მექცევა და ბევრი ვინმე მირეკავს. საუკეთესო საჩუქარი ჩემთვის არის ის, რომ ჩემთან ჩემი მეგობრები მოვიდნენ, კეთილი და ბედნიერი ატმოსფერო შეიქმნას. ასე იყო, მაგალითად, "ჩელსიში" პირველი სეზონის დროს,
როცა 30 წლის გავხდი. მაშინ ჩემთან მილანელებიც მოვიდნენ მოსალოცად და ჩელსელებიც. კარგი იყო "მილანში" პირველი სეზონის დროსაც. მთელი გუნდი რესტორანში შევიკრიბეთ, ჟორჟ ვეამ მიმღერა, ყველანი ვცეკვავდით. საოცარი ატმოსფერო იყო. "დინამოშიც" არაერთხელ აღმინიშნავს კარგად.

- როგორია 35 წლის ასაკში თამაშის მოტივაცია?
- შინაგანი, რადგან ჯერ კიდევ მსიამოვნებს ფეხბურთის თამაში. მოვდივარ ვარჯიშებზე, ვმუშაობ, ვყვირი, ლამის თავს ვიკლავ. ეს ემოციებია და ამით ღირს ცხოვრება.

- ეს სურვილი ნაკარნახებია თუ არა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატით?
- საერთოდ არა. ის დამოკიდებულია მხოლოდ ჩემს შინაგან სამყაროზე.

- ამჟამინდელი კარგ ფორმაში მყოფი შევჩენკო მილანელი შევჩენკოს რამდენი პროცენტი დარჩა?
- გამოცდილება ახლა უფრო მეტი მაქვს, თუმცა ფიზიკურად, ბუნებრივია, შედარება არ შეიძლება. ვეღარ დავრბივარ ისე, როგორც ადრე შემეძლო. თუმცა თავს კარგად ვგრძნობ. სტაბილურობის შეგრძნება გაჩნდა, ხერხემალი უკვე ნაკლებად მაწუხებს.

- ეს იმ ექიმის გამო ხომ არა, ანატოლი ტიმოშჩუკმა რომ გირჩიათ გერმანიაში?
- გერმანიის გამოც და იმის წყალობითაც, რომ კიევში კარგი ფიზიოთერაპევტი ვნახე.

- სიომინმა თქვა, რომ წონაში ძალიან დაიკელით.
- დიახ, 6 კილოგრამი დავიკლე იმის გამო, რომ ყბის მოტეხილობის შემდეგ უბრალოდ ჭამა არ შემეძლო. თუმცა ბოლოს ცოტა მოვიმატე უკვე. ოპტიმალურმდე 2 კილო კიდევ მაკლია.

- უეფამ გამოაცხადა, რომ სპეციალურ ჯილდოს დააწესებს იმ ფეხბურთელებისთვის, ვისაც ნაკრებში 100 და მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (თავად შევჩენკოს უკვე 102 აქვს.რედ.). თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ზღვარის გადალახვა?
- არა, მე არ ვარ სტატისტიკის დიდი მოყვარული და არც ჯილდოებზე ვარ დაგეშილი. სახლში ოქროს ბურთის გარდა არაფერს ვინახავ. ყველაფერს დედაჩემი აგროვებს.

- რა დამოკიდებულება გაქვს
"ანჟის" მიმართ. გაგაკვირვათ იქ ეტოოს გადასვლამ?
- არ გამკვირვებია. გამოჩნდა კარგი პრეზიდენტი კერიმოვი, ვინც გადაწყვიტა, ფეხბურთში ფული ჩაედო. ის იწვევს ხალხს, წყვეტს მათ საყოფაცხოვრებო და ფინანსურ პრობლემებს. სურს, რომ მაღალი დონის გუნდი გააკეთოს. ამ მოვლენის მიმართ დადებითი განწყობა მაქვს.

- თქვენ არ მიუწვევიხართ?
- არა

- ასე რომ მომხდარიყო?
- ვერ ვხედავ სადმე სათამაშოდ გადასვლის აზრს, რადგან ვთამაშობ გუნდში, სადაც მინდა კიდეც ჩემპიონატის მოგება.

- ერთი წამითაც კი არ გინანიათ ევროპიდან კიევში დაბრუნება?
- არა. არ მინანია არც "ჩელსიში" გადასვლა და არც იქიდან წამოსვლა. ასე მოხდა, ეს ცხოვრებაა. პირიქით, ლონდონში უამრავი საინტერესო მოვლენის მომსწრე გავხდი, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ჩემთვის ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ადამიანისთვის. ყველაფერი ისე ვერ მოხდება, როგორც მე მინდა, ხომ გესმით? ყველაფერს უნდა გავმკლავებოდი.

- თქვენთვის არ იყო მოულოდნელობა ის, რომ
"ჩელსიმ" კარლო ანჩელოტი ჩემპიონობისა და თასის მოპოვებიდან ერთ წელიწადში გაუშვა?
- ეს შეკითხვა რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. საამისოდ ალბათ რაღაც მიზეზები ჰქონდათ. პირადად დღემდე ვინარჩუნებ ურთიერთობას კარლოსთანაც და კლუბ "ჩელსისთანაც".

-
"მილანისა" და "ჩელსის" ახლანდელ ახალგაზრდა მთავარ მწვრთნელებს ალეგრისა და ვილაშ ბოაშს თუ იცნობთ?
- დიახ, ორივეს. ალეგრის "მილანთან" კონტრაქტის გაფორმების დღეს შევხვდი. ბაზაზე ის ზუსტად მაშინ მივიდა, როცა გალიანისთან დასალაპარაკებლად ვიყავი შესული. კაბინეტიდან შემდეგ იმ დარბაზში გადავინაცვლეთ, სადაც ჯილდოებია განთავსებული. იქ ხედავ ჩემპიონთა ლიგის შვიდ თასს, უამრავ საჩემპიონო ტიტულს, სახელგანთქმული ფეხბურთელების ფოტოებს კლუბის ისტორიიდან. მეც მიყვარს ყველაფერ ამის თვალიერება. მილანში როცა ჩავდივარ, კლუბს ყოველთვის ვსტუმრობ. გალიანისა და ბრაიდას ვნახულობ, ასევე სხვებსაც, ვინც კლუბში წლების განმავლობაში მუშაობს.

-
"ინტერი" წლების განმავლობაში ხდებოდა იტალიის ჩემპიონი. თქვენთვის ეს იყო თუ არა ნერვიულობის საბაბი?
- არა, ეს ნორმალური ციკლია. ჯერ "მილანს" ჰქონდა აღმავლობის ხანა, შემდეგ ჩავარდნა, ახლა ისევ ფორმაშია. ყველა დიდ კლუბს აქვს ჩავარდნის ეპოქა. სამუდამო არაფერია. "მილანი", "ბარსელონა", "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი" – ეს მხოლოდ დასახელებები არ არის, განსაკუთრებულ ენერგეტიკასთან გვაქვს საქმე.

- სადღაც წელიწადნახევრის წინ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ
"მილანი" ქვრებოდა და უცბად...
- "მილანი" არასოდეს "ჩაქვრება" იქამდე, ვიდრე მისი პრეზიდენტი ბერლუსკონია. ამ დიდ კლუბში ყოველთვის ყველაფერი რიგზე იქნება.

- თქვენი აზრით
"ბარსას" დომინირება რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?
- ვფიქრობ, ვიდრე მესი და კომპანია თამაშობს იქამდე.

- შარშან მესიმ ვერაფერი მოიგო, მაგრამ
"ოქროს ბურთი" მიიღო. თქვენ, როგორც ამ პრიზის ერთ-ერთმა მფლობელმა, ეს ამბავი როგორ მიიღეთ?
- მესი ფეხბურთის ისტორიაა. იმის მიუხედავად, მოიგო თუ არა მან რამე, მოედანზე ისეთ რამეებს აკეთებს, რომ... ხარისხით, კლასით, გუნდისთვის გაწეული სამუშაოთი მასთან ახლოსაც კი ვერავინ მოდის. თუმცა ეს იყო წელიწადი, როცა ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. მესის, ჩავისა და ინიესტას შორის ამ პრიზის გაყოფა შეიძლებოდა (იღიმის). უბრალოდ არ შემიძლია მასზე წინ ვინმეს დაყენება.

- კრიშტიანო რონალდო მისგან შორს დგას?
- არ ვიცი სად დგას კრიშტიანო რონალდო, მაგრამ მესი ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი სხვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული