ფიფა აგენტების წინააღმდეგ

AutoSharing Option
ფიფას იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკო ვილინჯერმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ საერთაშორისო ფედერაციაში საფეხბურთო აგენტების საქმიანობის სისტემის შეცვლას გეგმავენ, რაც მათ უფლებებს სერიოზულად შეზღუდავს.

ვილინჯერის თქმით, უპირველესი, რასაც ცვლილება შეეხება, ეს თავად იმ საკომისიოს პროცენტია, რაც შეიძლება აგენტმა ტრანსფერის გაჩარხვისას კლუბისგან მიიღოს.

ამასთან, ფიფა აგენტებისთვის ლიცენზირების სისტემის შეცვლასაც აპირებს. კონკრეტულად ლიცენზირების ახალი წესების პროექტი უკვე არსებობს და მალე მისი განხილვაც მოხდება. ვილინჯერის თქმით, მსოფლიოში განხორციელებული ტრანსფერების მხოლოდ 25% იდება ლიცენზირებული აგენტების მიერ, დანარჩენებში კი ისეთი პირები მონაწილეობენ, რომელთაც იურიდიულად ამის უფლება არ
აქვთ. ამასთან, ფიფას გათვლებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბებმა ფეხბურთელების შესაძენას 2,7 მილიარდი ევრო გადაიხადეს. წარმოიდგინეთ, არალიცენზირებულმა აგენტებმა აქედან რა თანხა მიითვისეს წესის დარღვევითო, აცხადებს ფიფას მთავარი იურისტი.

მსოფლიო ფეხბურთის მამების გეგმით, ყოველი საფეხბურთო აგენტი ეროვნული ასოციაციების დაქვემდებარებაში გადავა და საქმიანობის შესახებ სწორედ მას ჩააბარებს ანგარიშს, ამასთან, აიკრძალება საკომისიო თანხების მიღება არასრულწლოვანი ფეხბურთელების საქმეებზე. ციურიხში გეგმავენ, რომ დაწესდეს კონკრეტული ჭერი, რაც აგენტმა შეიძლება საქმეზე მოითხოვოს. მათი აზრით, ეს არ უნდა აღემატებოდეს 2-3%-ს, ერთ კონკრეტულ საქმეზე კი ის 2 მილიონ ევროს არ უნდა აჭარბებდეს.

ამ დღეებში ფიფას ეთიკის კომისიამ დანიშნა მოსმენა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფედერაციის მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეებზე. სულ ლაპარაკია 15 საფეხბურთო მოღვაწეზე. შეგახსენებთ, რომ ფიფა მათ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის მოჰამედ ბინ ჰამამისგან ქრთამის სახით 40-40 ათასი დოლარის აღებაში სდებს ბრალს. ვერდიქტი მათ საქმეზე პარასკევისთვის უკვე იქნება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული