აზრთა უცნაური ჭიდილი

AutoSharing Option
"აიაქსმა" მოიგო - ფრანკ დე ბური კმაყოფილი დარჩა. "ფეიენოორდმა" მეტოქე გაანადგურა - რონალდ კუმანი აღშფოთდა, ეს რა საშინელება იყოო. ჰოლანდიაში გამართული აზრთა უცნაური ჭიდილისა და ერედივიზიეს სხვა სიახლეების შესახებ მკითხველს ქვემოთ მოვუთხრობთ.

შაბათს "ალკმააართან" შინ ნათამაშები ფრის შემდეგ ამსტერდამელთა მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური გუნდის გარჯით მთლად უკმაყოფილო არ დარჩენილა. ზოგიერთის თამაში კი პირიქით, ძალიანაც მოიწონა. მათ შორის იყო ჰოლანდიის ჩემპიონთა ახალწვეული თეო იანსენი. აღნიშნულის შესახებ დე ბურმა პრესას თამაშის დამთავრებისთანავე განუცხადა.

ფეხბურთელი აქამდე საყრდენი ნახევარმცველის ადგილას თამაშობდა, რაც მისთვის
ცოტა უცხო იყო. მას შემდეგ კი რაც მას უფრო მეტად შეტევებში თამაში დაევალა, იანსენმა გაილაღა და დე ბური სწორედ ამით დარჩა კმაყოფილი. "რა თქმა უნდა, აქამდეც ვიცოდით, რომ მას შეეძლო შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში. დავტოვებ თუ არა მას ამ ადგილას მომავალ შეხვედრებშიც? ის რომ ჩემი ნებით გავაფუჭო, რაც ძალიან კარგად მუშაობს, განა ნორმალური იქნება?" - განაცხადა ფრანკ დე ბურმა. ჟურნალისტებმა კომენტარისთვის თავად ფეხბურთელს მიმართეს.

იანსენი მოკრძალებულად შეხვდა მწვრთნელის მხრიდან წამოსულ ქება-დიდებას: "თავს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც მშვენივრად ვგრძნობდი, თუმცა აშკარაა, რომ ასე თავდაჯერებული არ ვყოფილვარ. კარგი იქნება, თუკი ორივე ადგილზე ერთნაირად შევძლებ თამაშს".

კარგი ამბებია "აიაქსის" თავს იმ მხრივაც, რომ "ალკმაართან" მსუბუქად ტრავმირებული კენეტ ვერმეერი ჩემპიონთა ლიგაში ზაგრების "დინამოსთან" თამაშს შეძლებს. "აიაქსის" გულშემატკივარმა ალბათ ნახა, რომ მეტოქესთან შეჯახების შემდეგ მეკარეს სუნთქვა შეეკრა, თავი ცუდად იგრძნო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.

სამედიცინო ჩარევამ შედეგი მალე გამოიღო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა რამე ტრავმაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ შეჯახების შედეგად მიღებული მცირე შოკი. "მე არ დამინახავს მეტოქე, რადგან მთლიანად თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული. ისიც კი ვერ გავიგე, რა მოხდა.

მიწაზე რომ დავეცი, აღმოჩნდა, რომ ვერ ვსუნთქავდი. ვცადე სუნთქვა აღმედგინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ცოტა თავბრუ მეხვეოდა და გულის რევის შეგრძნება მქონდა. გასახდელში თავი უკეთ მალევე ვიგრძენი. წნევაც ნორმაში ჩადგა და აშკარა იყო, რომ საშიში არაფერი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ინციდენტი "დინამოსთან" მატჩისთვის სამზადისში ხელს ვერ შემიშლის," თქვა ვერმეერმა.

აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა "ფეიენოორდის" ბანაკში. მიუხედავად "ვენლოსთან" 4:0-ისა, კუმანი შეგირდების თამაშით უკმაყოფილო დარჩა. "გვაკლდა კონცენტრაცია, პოზიციურად სუსტად ვთამაშობდით, თამაშის ტემპსაც ცუდად ვაკონტროლებდით და უამრავ შეცდომას ვუშვებდით. შეიძლება ცოტა ალოგიკურად ჟღერს, მაგრამ ანგარიშის მიუხედავად უკმაყოფილო ვარ,"- განუცხადა კუმანმა ჰოლანდიურ გამოეცემა volkskrant.nl-ს. აღნიშნული შეხვედრის მიმოხილვისას განსხვავებული შეფასებები ისმის უშუალოდ ჟურნალისტების მხრიდან.

ჟურნალისტები წერენ, რომ "ფეიეს" წინა შეხვედრებში დაშვებული შეცდომები აღარ გაუმეორებია, ბურთსაც კარგად აკონტროლებდა და საბოლოო ანგარიში ლოგიკურად ასახავს იმ მოვლენებს, რაც "დე კუიპის" მინდორზე ხდებოდა. პრესა წერს, რომ განსაკუთრებით მძლავრად ჩაატარა გუნდმა მეორე ტაიმის სადებიუტო წუთები, როცა "ვენლო" მთლიანად მიჯაჭვული იყო საკუთარ კარს. ერთი კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფავორიტები ამ დროს მინდორზე უკვე ერთით მეტნი იყვნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული