იდენტიფიკაციის პრობლემა

AutoSharing Option
აღნიშნული სტატია ჟურნალისტ ბლერ გრანტს ეკუთვნის. იქიდან გამომდინარე, რომ ნაკლებად პოპულარულ საფეხბურთო ქვეყნებზე ჩვენი გაზეთი მასალებს იშვიათად გთავაზობთ ხოლმე, გადავწყვიტეთ, რომ მკითხველისთვის ბელგიურ ფეხბურთში მიმდინარე ნახევრად პოლიტიკური მოვლენების ანალიზი საინტერესო უნდა ყოფილიყო.

ბელგიაში პოლიტიკური სიტუაცია ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საკმაოზე მეტად იყო დაძაბული და მოსალოდნელია, რომ პოლიტიკური ძალების მიერ შეთანხმების მიღწევის შემდეგ სამთავრობო კრიზისი დასრულდება. ალბათ უფრო მეტ უფლებებს მიიღებენ ფრანგულენოვანი ვალონია და ჰოლანდიურად მოლაპარაკე ფლანდრია.

ამგვარი დაყოფა ძალიან აქტუალურია ადგილობრივი ფეხბურთისთვის. განსაკუთრებიით მაშინ, როცა ლაპარაკი მიდის ხოლმე ფლამანდიელებისა და ვალონების
იდენტურობაზე. თუმცა გულშემატკივართა დიდი უმრავლესობა ალბათ დაადასტურებს, რომ ფეხბურთი მათ უფრო მეტად აერთიანებს, ვიდრე პირიქით.

ამის აღუნიშნაობა კი არ შეიძლება. თუმცა ამის მიუხედავად პოლიტიკური სიტუაციის იგნორირება, თუნდაც ფეხბურთში, გულუბრყვილობა იქნებოდა. არიან კლუბები, რომელთაც ერთმანეთთან ნორმალური დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ ამის გამო არ უნდა დავივიწყოთ, რომ არსებობენ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილებიც. განსაკუთრებით მათ შორის, ვისაც ვალონებსა და ფლამანდიელებს შორის გულშემატკივრები თანბრად ჰყავთ.

ბელგიაში ფეხბურთი განსაკუთრებით პოპულარული 60-იან წლებში გახდა. ქვეყანაში სწორედ ამ წლებში მოხდა კონსტიტუციური ცვლილებები, რისი წყალობითაც ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა შეიცვალა. რეგიონები ერთმანეთისგან კულტურული და ენობრივი ნიშნით გამოიყო. ბევრმა ფლამანდიულმა კლუბმა ამის შემდეგღა გადაიკეთა ფრანგული დასახელებები ჰოლანდიურად. დღემდე თავად ქვეყანაც ასე იმართება - რეგიონული პარტიების მიერ დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობის მიერ.

აი, რა მოხდა "გენკისა" და "სტანდარდის" შეხვედრაში. პირველი ფლანდრიის გულია, რომელიც ძირითადად საწარმოებითაა სახელგანთქმული. მეორე ვალონიის მხარის უმსხვილესი ქალაქია.

უკანასკნელები მთელი თამაშის განმავლობაში იძულებულნი იყვნენ ესმინათ "მტრის" ბანაკიდან წამოსული შეურაცხყოფის ნიაღვარი, თანაც მშობლიურ ფრანგულ ენაზე. როგორც მოსალოდნელი იყო ამის შემდეგ ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ "გენკი" სერიოზულად დააჯარიმა.

ვალონია ზოგადად იძულებულია შეეგუოს, რომ მისი ეკონომიკური როლი ქვეყანაში მინიმალურია, მეტიც, დასავლეთ ევროპაში ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღარიბი რეგიონია.

ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არასოდეს რჩებათ მათ მოქიშპეებს, მით უფრო, რომ საფეხბურთო თვალსაზრისითაც სწორედ ფლამანდიელები დომინირებენ. ლიეჟის "სტანდარდისა" და "შარლერუას" გარდა წამყვანი კლუბები სწორედ ამ რეგიონს წარმოადგენენ. უფრო მეტიც, ისეთი კლუბები, როგორებიც "ბრიუგე" და "ანტვერპენი" არიან, ფლამანდიული ექსტრემისტული დაჯგუფებების განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობენ. ბელგიაში ყველამ იცის შემდეგი ორგანიზაციების სახელები და მათი საქმიანობის სპეციფიკა: Vlaams Belang, Voorpost და Nationalistische Studentenverenging. მართალია მათში ცოტა ადამიანია გაერთიანებული, მაგრამ ეს მათ არსებობას ნაკლებად შესამჩნევს არ ხდის.

აღნიშნულ რეგიონში ნაციონალიზმი, რაც უკვე კლუბების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს, იმდენად სერიოზულადაა გამჯდარი აზროვნებაში, რამდენადაც სერიოზულად ფიქრობს ხალხი რეგიონის დროშის შეცვლაზე, რომლის მიზანი მარტივია - სამოქალაქო ერთობის შეგრძნების გაღვივება რეგიონის შიგნით. ეს დროშა ხშირად შეიძლება დაინახოთ ხოლმე ფეხბურთების დროს ტრიბუნებზე მოფრიალე.

განსაკუთრებით "ბრიუგეს" მატჩებზე და შეიძლება თამამად ითქვას ის, რომ ერთგვარად სიმბოლოდაც კი განიხილება ქვეყნის ორად გაყოფის გზაზე. სწორედ ამიტომ არის, რომ მაგალითად "ლიერსისა" და "ბეერსხოტის" ფანებმა უკვე მოითხოვეს ბელგიის დაშლა და ამაყად ააფრიალეს შავ-ყვითელი დროშა ყოველივე ფრანგულენოვანის წინააღმდეგ, რამაც თავის მხრივ ვალონიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ეს ფაქტი დაიგმო უშუალოდ ფლანდრიის რეგიონის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდანაც. "ჩვენ საზოგადოებაში თბილი და ღია ურთიერთდამოკიდებულების მომხრეები ვართ, სამწუხაროდ ზოგიერთები ამაში დარწმუნებულები ჯერაც არ არიან," - განაცხადა რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა კრის პიტერსმა.

ბელგიური საზოგადიოება ზოგადად მომთმენი და შემგუებელია, თუმცა შეიძლება იმის თქმაც, რომ მათ ეროვნულობით სიამაყისა და საკუთარი ძალების რწმენა აკლიათ. ამით სულაც არ გვინდა იმის თქმა, რომ მათში საერთოდ არ არსებობს ნაციონალური იდენტიფიკაციის ნიშნები. რეალურად ამ ორ ხალხს ერთმანეთთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე მათ შეუძლიათ, რომ აღიარონ. იმავეს თქმა შეიძლება საფეხბურთო კლუბებზეც. ბელგიამ რასობრივი, ენობრივი, კლასობრივი და სხვა ნიშნებით დაყოფის დიდი გზა გაიარა და ჩვენს დროში ეს ნიშნები მხოლოდ აქა და იქ თუ შემორჩა. ამის მაგალითია ხოლმე ის, როცა ერთი რეგიონის წარმომადგენელი გავლენიანი ადამიანები მეორის კლუბს გულშემატკივრობენ. თუკი რამეზე შეიძლება ითქვას ბელგიაში, რომ ის იდენტიფიკაციის პრობლემის წინაშე დგას, ეს ფეხბურთი ნამდვილად არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული