"შახტარი": 40 მილიონი ფეხბურთელში

AutoSharing Option
დონეცკის “შახტარი”აღმოსავლეთევროპულ კლუბებს შორის ყველაზე მდიდარი რომ არის, ეს დიდი ხანია ცნობილია. მართალია კლუბს სარეკორდო ტრანსფერები არასოდეს განუხორციელებია, მაგრამ შემადგენლობის გასაძლიერებლად ნამდვილად დიდ ფულს ხარჯავს.

ამ დღეებში ბრაზილიური “ინტერნასიონალის” პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლეანდრო დამიაო არც “მილანში” გადავა და არც “ტოტენჰემში”, რადგან ერთ-ერთი უკრაინული კლუბი მზადაა, ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაგვიხადოსო.

“არის თუ არა ეს კლუბი “შახტარი”, ვერ გეტყვით, გვთხოვეს, რომ გარკვეულ ეტაპამდე მათი სახელის ხსენებისგან თავი შევიკავოთ. ხომ გესმით, დელიკატური საკითხია. აქედან გამომდინარე ვაცხადებ, რომ დამიაო “მილანში” მხოლოდ იმ შემთხვევაში
გადავა, თუ “როსონერი” ამაზე მეტ ფულს შემოგვთავაზებს. ჯერჯერობით, ერთადერთი ოფიციალური წინადადება მივიღეთ - უკრაინელებისგან”.

“შახტარის” სატრანსფერო ამბიციები დამიაოთი არ ამოიწურება. დონეცკელებს ბელგრადის “პარტიზანის” 17 წლის ვუნდერკინდის ლაზარ მარკოვიჩის შეძენაც სურთ. თინეიჯერი სერბით “ფიორენტინა” და “ჩელსიც” დაინტერესდნენ. ფლორენციელებს მარკოვიჩის ხელში ჩაგდების ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ, რადგან დონბასელებსა და არისტოკრატებს ფინანსური თვალსაზრისით ისინი კონკურენციას ნამდვილად ვერ გაუწევენ.

ესპანური “მუნდო დეპორტივოს” ცნობით, იტალიელები და ინგლისელები ტრანსფერზე დასალაპარაკებლად ბელგრადს უკვე ეწვივნენ, მაგრამ “პარტიზანის” ხელმძღვანელობას მარკოვიჩის გასხვისებაზე სიტყვის გაგონებაც არ უნდა, მით უფრო, რომ ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2016 წელს უმთავრდება.

“შახტარის” კაპიტანით, ხორვატი დარიო სრნათი დაინტერესებას წლების განმავლობაში გამოთქვამდნენ ევროპული გრანდები, ჟურნალისტები განსაკუთრებით ბევრს წერდნენ “ბაიერნის” ინტერესზე, მაგრამ ფეხბურთელს დონეცკიდან წასვლა არასდროს ნდომებია. ამჟამადაც ასეა: უკრაინული პრესა წერს, რომ სრნა კლუბს იანვარში დატოვებს, რადგან მას სარფიან ხელშეკრულებას არაერთი კლუბი სთავაზობსო.

დარიო ისევ უარზეა: “უკრაინამ და “შახტარმა” ძალიან ბევრი მომცეს. მთელ ჩემს წარმატებულ კარიერას ამ კლუბს და ამ მხარეს უნდა ვუმადლოდე, - განუცხადა მან “კიივ სპორტს”. - მე რომ აქ პროგრესის საშუალება არ მქონდეს, ალბათ მართლა წავიდოდი, მაგრამ რატომ უნდა ავიბარგო გუნდიდან, რომელმაც 2 წლის წინ უეფას თასი მოიგო და ლამის ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს? ჩვენ მშვენიერი სტადიონი გვაქვს და კიდევ დიდი ამბიციები. “შახტარი” ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად მიმაჩნია. ამიტომ აქედან წასვლის აზრს ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, რომ კარიერას სწორედ ამ კლუბში დავამთავრებ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული