ვან გაალი ბრუნდება

AutoSharing Option
ლუის ვან გაალი, დანი ბლინდი და მარტინ სტურკენბომი “აიაქსის” ადმინისტრაციის უმაღლეს თანამდებობებზე დაინიშნენ – ეს გადაწყვეტილება კლუბის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო. შეგახსენებთ, რომ მას იოჰან კრუიფი ხელმძღვანელობს. ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა პირადი მიზეზების გამო სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა. ვან გაალი “აიაქსში” 2012 წლის 1-ელ ივლისიდან ჩაიბარებს ტექნიკური დირექტორის ვაკანტურ პოსტს, რომელიც ზაფხულზე რიკ ვან დერ ბოოხის გადადგომის შემდეგაა თავისუფალი. სეზონის დასრულების შემდეგ კი ეს იმიტომ მოხდება, რომ მწვრთნელს იქამდე “ბაიერნთან” ჯერ კიდევ მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს. მიუნხენური გრანდი ლუისს ხელფასს ძველებურად უხდის. დანი ბლინდი
მოვალეობების შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც კლუბში ოფიციალურად შედგება ვან გაალის დაბრუნება. ბლინდი თავისი ყოფილი დამრიგებლის თანაშემწე იქნება. ამასთან ის ტექნიკური მენეჯმენტის დეპარტმენტსაც ჩაიბარებს. რაც შეეხება “აიაქსის” ყოფილ პრეზიდენტ მარტინ სტურკენბომს, ის ფინანსური დირექტორის პოსტს ჩაიბარებს და მუშაობას დაუყოვნებლივ შეუდგება.

სამეულიდან “აიაქსში” ყველაზე მეტად ლუის ვან გაალის დაბრუნებაა აღსანიშნავი, რადგან სტურკენბომი ნაკლებად შეიძლება მივაკუთვნოთ საფეხბურთო ავტორიტეტების რიცხვს. ბლინდს რომ თავისი წინა აქვს სპორტულ სამაყროში, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ ის აქამდეც “აიაქსში” იყო დასაქმებული და ივლისიდან უბრალოდ უფრო მაღალ პოსტს დაიკავებს. აი, ვან გაალი კი სულ სხვა თემაა. ავტორიტარული მმართველობის სტილით ცნობილი მწვრთნელი კლუბს 2004 წელს ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დაშორდა. ის მაშინაც “აიაქსის” ტექნიკური დირექტორი იყო. ვან გაალის დაბრუნება ამსტერდამულ გრანდში იმიტომაც არის გასაკვირი, რომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მასა და იოჰან კრუიფს შორის იდეალური ურთიერთობა არასოდეს ყოფილა. ამჯერად რანაირად შეძლებს ორი ამბიციური ადამიანი ერთ ოფისში მუშაობას ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ვან გაალის მშობლიურ კლუბში დაბრუნების ინიციატივა სწორედ დიდ იოს ეკუთვნის.

ჰოლანდიური პრესის ცნობით, “აიაქსის” 19 წლის დანიელი ვარსკვლავის კრისტიან ერიკსენის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბარსელონა”. თინეიჯერმა ფეხბურთელმა ამას წინათ განაცხადა, “სიტიში” ნამდვილად არ გადავალ, რადგან ჩემს კარიერას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებ, “ქალაქელებს” იმდენი ნახევარმცველი ჰყავთ, სათადარიგოთა სკამს ვერ გავცდებიო. ჟურნალისტებმა მას შეკითხვა მეორენაირად დაუსვეს, თუ რომელ ქვეყანას არჩევს კარიერის გასაგრძელებლად, ესპანეთს თუ ინგლისს, რაზეც ფეხბურთელმა შემდეგი მოუგო: “ძალიან მომწონს ესპანური საფეხბურთო სტილი, რადგან ჩემსას ის მეტისმეტად ჰგავს. ამას გარდა მნიშვნელოვანია კლიმატური პირობებიც. ამ მხრივ ესპანეთს ინგლისთან უზარმაზარი უპირატესობა აქვს. ამჟამად თუ სადმე კარიერის გაგრძელებაზე ვფიქრობ, ეს ესპანური ლა ლიგაა. თუმცა გადაწყვეტით ნამდვილად არაფერი გადამიწყვეტია”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული