ბლატერი თავს იმართლებს

AutoSharing Option
ამ დღეებში იოზეფ ბლატერმა რასიზმთან ბრძოლის თემაზე სალაპარაკოდ მოიცალა (თუმცა ამისთვის როდის არ სცალია?) და ისეთი რამ წამოცდა, რომ დაუყოვნებლივ მოუხდა თავის მართლება და თავისი სიტყვების განმარტება. რა გახდა მიზეზი ასეთი დაუფიქრებელი ფრაზის წამოსროლისა, არავინ იცის. ბლატერმა სიტყვა სიტყვით შემდეგი განაცხადა, რასისტული ინციდენტები ფეხბურთელებს შორის ხელის ჩამორთმევით უნდა გადაწყდესო. აი, რანაირად განმარტავს ბლატერი თავის ნათქვამს: “მხოლოდ იმის თქმა მსურდა, რომ რასიზმთან თუ დისკრიმინაციის სხვა ფორმებთან ბრძოლაში მთელი ძალებით უნდა ჩავერთოთ. ბოლო წლებში პირადად ვუდექი სათავეში ბრძოლას ამ მავნე მოვლენის წინააღმდეგ.
ყველაფრის მიუხედავად უნდა გამოვტყდეთ, რომ ფეხბურთში მას ბოლომდე ვერ ვძლიეთ. თუმცა რასიზმის არსებობა ჩვენს სამყაროში არც არასოდეს გვიცდია, რადგან თავისი არსით ის ძალიან მნიშვნელოვანია. რასიზმი ზოგადად უარყოფით გავლენას ახდენს სპორტულ სამყაროზე. ამ მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაუღალავად განვაგრძოთ, რათა ბოლომდე აღმოვფხვრათ, მას როგორც შავ ჭირს ისე უნდა ვებრძოლოთ”.

ინგლისელ ფუნქციონერებსა და იოზეფ ბლატერს შორის შავმა კატამ რა ხანია გაირბინა და ამის მიზეზი გულშემატკივარმა მშვენივრად იცის. პირველებს რასიზმზე ფიფას პრეზიდენტის ორაზროვანი ფრაზის მოსმენაღა უნდოდათ... ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გორდონ ტეილორმა ფიფას შეფს გადადგომისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დიდი ხანია, მოვიდა დრო, რომ ბლატერმა პოსტი მიშელ პლატინის დაუთმოსო და იქვე დაამატა: “როცა უყურებ, რა დონის კორუფციაა ფიფაში, გახსენდება, რომ სწორედ მან მოუწოდა სექსუალურ უმცირესობებს, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე დასწრებისგან თავი შეიკავეთო, უსმენ, რა დამამცირებელი ტონით ლაპარაკობს ქალთა ფეხბურთზე და რა კატეგორიულად უარყოფს ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრებას, მიდიხარ დასკვნამდე, რომ მან თავისი დრო უკვე მოჭამა და დროა, პენსიაზე გავიდეს. ბლატერის ბოლო ფრაზა რასიზმთან ბრძოლის გზებზე ის ბოლო წვეთი იყო, რომელმაც მოთმინების ფიალა აავსო. ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული