სელტიკში ყაჩაღი გამოჩნდა

AutoSharing Option
ფრეიზერ ფორსტერი არავის დაინდობს. 22 წლის ინგლისელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, "სელტიკის" მთავარი მეკარე გახდეს და პოლონელ ლუკაშ ზალუშკას აფრთხილებს, იცოდე მოვედი, ადგილი უნდა წაგართვაო - ასეთია, "ნიუკასლის" ახლა უკვე ყოფილი მესამე გოლკიპერის ამბიცია.

201 სანტიმეტრი სიმაღლის კარის მცველმა "პარკჰედზე" ერთსეზონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდთან ერთად ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტს გაემართა, სადაც დღეს "სელტიკს" ევროლიგის შეხვედრა ელის. აღსანიშნავია, რომ ფორსტერს ახალი გუნდის სახელით ევროპულ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება ჯერ არ აქვს, მაგრამ მისთვის თანაგუნდელების გაცნობა და მწვრთნელისთვის ნილ ლენონისთვის თავის მოწონება გახლდათ
მნიშვნელოვანი.

ზემოთ "ნიუკასლი" ვახსენეთ, მაგრამ ახალგაზრდა გილკიპერი ამ პრემიერლიგის გუნდს მხოლოდ იურიდიულად ეკუთვნოდა. ბოლო წლებში მას ხან "სტოკპოტში" აქირავებდნენ, ხან "ბრისტოლ როვერსში" და ხანაც "ნორვიჩ სიტიში". საინტერესოა, რომ ბრისტოლსა და ნორვიჩში ფორსტერმა იქაური მთავარი მეკარეები ამოაგდო შემადგენლობიდან და აი, ახლა, ასეთი გამოცდილებით მიადგა "სელტიკსა" და ლიკაშ ზალუშკას. ნორვიჩის თავკაცი პოლ ლამბერტი და ნიუკასლში მისი ბავშვობისდროინდელი მასწავლებელი ალან ტომპსონი ფორსტერს ძალიან აქებენ, ის კი "სელტიკის" პოლონელ გოლკიპერს ემუქრება და განგსტერული კინოებიდან ცნობილ ფრაზას იმეორებს - ეს მხოლოდ ბიზნესია, პირადი არაფერიო.

"დღეს "სელტიკის" მთავარი მეკარის მაისურა ლუკაშს აცვია, მაგრამ უნდა წავართვა და მწვრთნელს დავუმტკიცო, რომ ძირითად შემადგენლობაში მე უნდა ვთამაშობდე. ამის ერთადერთი გზა არსებობს - ვარჯიშებზე უნდა გამოვიჩინო თავი. ახლა უტრეხტში ჩავალ, ბიჭებთან ერთად ვივარჯიშებ და თამაშს ტრიბუნიდან ვადევნებ თვალს. ასე უფრო გავიცნობ თანაგუნდელებს. ახალ გუნდში მისვლა, მითუმეტეს, როდესაც მეკარე ხარ, ყოველთვის ძალიან ძნელია. იქ, კარში ხომ უკვე დგას ვიღაც. "ბრისტოლში" რომ მივედი იქაური მეკარე სტივ ფილიპსი კაპიტანიც კი იყო. ერთი სიტყვით, როდესაც მეკარე ახალ გუნდში მიდიხარ, ვიღაცას ადგილის წართმევას უპირებ - სხვა ვარიანტი არ არსებობს. მოკლედ, დაჟინებული და სასტიკი უნდა იყო. "ბრისტოლში" გამიმართლა, მწვრთნელმა მე ამირჩია.

ფეხბურთი საერთოდაც ასეთი სფეროა, ხალხი ერთმანეთს ებრძვის, ერთმანეთის ადგილის მოპოვებას ცდილობს. ვიღაც შენს ადგილს რომ უმიზნებს, ეს გაძლიერებს და მეტი ვარჯიშისკენ გიბიძგებს. ასეა, ფეხბურთელები ერთმანეთს ცვლიან, გუნდიდან გუნდში გადადიან. სხვათა შორის, "ბრისტოლში" ამის გამო ურთიერთობები არ გამფუჭებია. სტივი ყველაფერს პროფესიული კუთხით უდგებოდა".
თუმცა, დაშინებული არც ზალუშკა ჩანს. პოლონელმა ზაფხულზე, მოსამზადებელ პერიოდში, ამხანაგურ შეხვედრებში ცუდად ითამაშა, მაგრამ ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია - შეგახსენებთ, რომ "სელტიკმა" არტურ ბორუცი "ფიორენტინას" მიჰყიდა და ვაკანსიაც ამიტომ გამოჩნდა. ფორსტერი ასე ამთავრებს:

"სანამ გლაზგოელებთან კონტრაქტს გავაფორმებდი ნილ ლენონს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ ყველაფერს კონკურენცია გადაწყვეტს. მე და სხვა მეკარეებმა მონდომებით უნდა ვივარჯიშოთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მწვრთნელი საშუალებას გამონახავს და თავის გამოჩენის საშუალებას ყველას მისცემს. როგორც მეკარე, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ასე რომ გამოცდილების შეძენა მჭირდება".




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული