"აიაქსის" მორიგი პრობლემა

AutoSharing Option
ისმაილ აისატი ჯერ ტრავმის, შემდეგ კი ფრანკ დე ბურთან კონფლიქტის გამო დიდხანს იყო ძირითად გუნდს მიღმა.

მთავარმა მწვრთნელმა ის შემადგენლობაში ათიოდე დღის წინ დააბრუნა და "ექსელსიორთან" ძირითად შემადგენლობაშიც დააყენა. ისმაილმა 45 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც მუხლის ტრავმა მიიღო. დე ბური იძულებული გახდა ფეხბურთელი შეეცვალა.

"აისატის სერიოზული ტკივილები დაეწყო, რის გამოც იძულებულები გავხდით ის საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაგვეყვანა. პირველად დაკვირვებით მას მუხლის ყესები აქვს გაწყვეტილი," - განაცხადა "აიაქსის" თავკაცმა.

აისატის ტრავმა მორიგი მძიმე დარტყმაა ამსტერდამული გრანდისთვის. მას სიგტორსონი, დე იონგი, ბულიკინი და
ბურიხტერიც ტრავმირებული ჰყავს. ჩემპიონთა ლიგაში "რეალთან" შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ჰოლანდიის ჩემპიონებს ეიონგ ენოც არ ეყოლებათ. სამაგიეროდ შემადგენლობას დაუბრუნდება გრეგორი ვან დერ ვილი, ვინც მცირე ტრავმის გამო "ექსელსიორთან" შეხვედრა გამოტოვა.

ვიტესის სარისკო არჩევანი
შეიძლება ითქვას, რომ არნემის "ვიტესის" ხელმძღვანელობა რისკზე წავიდა, დაითანხმა რა 6-თვიან ხელშეკრულებაზე 22 წლის ბრაზილიელი ჯონათან რეისი.

ახალგაზრდა შემტევი ერედივიზიეში უკვე თამაშობდა, 2007 წელს მან "ატლეტიკო მინეიროდან" "ეინდჰოვენს" მიაშურა, მაგრამ თავი მინდორს მიღმა უფრო დაგვამახსოვრა. სულ მის ანგარიშზე პსვ-ს მაისურით ჩატარებულ 26 შეხვედრაში 11 გოლია. პოლიციამ ერთხელ ის ანაშის ზემოქმედების ქვეშ დააკავა და დააჯარიმა.

სანქციებს ვერ ასცდა ის ვერც კლუბის მხრიდან. 2009/10 წლების სეზონში რეისი პსვ-ს ძირითადის მოთამაშედ იქცა, მაგრამ მალე ტრავმა მიიღო. 2011 წლის ზაფხულზე ბრაზილიელმა "ეინდჰოვენი" მიატოვა და უკლუბოდ დარჩა. არნემელებს იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მალევე შეძლებს ფორმაში შესვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული