გიგანტების ჭიდილი

AutoSharing Option
შეიძლება ითქვას, რომ იოჰან კრუიფი ლუის ვან გაალს სასამართლოში უჩივის. ყველა დროის უდიდესი ჰოლანდიელი ფეხბურთელი არ აპირებს შეეგუოს, რომ მისი მშობლიური კლუბის ტექნიკური დირექტორი გახდეს ადამიანი, ვისთანაც მას წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა აკავშირებს.

კრუიფი "აიაქსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახლავთ, თუმცა ამსტერდამულ გრანდში დღეს რეალურად სწორედ ის ფლობს ყველაზე დიდ გავლენას. სწორედ "მფრინავმა ჰოლანდიელმა" შეიმუშავა გეგმა, რომლის წყალობითაც "აიაქსმა" ყოფილი აიაქსელები საკლუბო სისტემაში დააბრუნა. ლაპარაკია "აიაქსიდების" მთელ ჯგუფზე - ვინ იონკზე, მარკ ოვერმარსზე, ედგარ დავიდსზე, პატრიკ კლუივერტზე, იააპ სტამსა და დენის
ბერგკამპზე. ვან გაალის დაბრუნება კი პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ კრუიფის გეგმა აღარ განხორციელდება.

მიზეზი ვან გაალის უხიაგი ხასიათია. ვეტერან ვარსკვლავებს მასთან მუშაობის პერსპექტივა უბრალოდ აშინებთ. დირექტორატის რიგითმა წევრებმა, ალბათ იმის ნიშნად, რომ კრუიფისთვის დაემტკიცებინათ, კლუბში გარკვეულ გავლენას ჩვენც ვფლობთო, ვან გაალს ზემოთ ხსენებული პოსტი შესთავაზეს. კრუიფი სასამართლოში დირექტორატის სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის ძალითაც ვან გაალი პოსტზე დაინიშნა.

მოსამართლე გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. "მარტში კლუბის დირექტორატს წარვუდგინე კლუბის განვითარების კონცეფცია და უკანასკნელ დრომდე სწორედ მას მივყვებოდით. ახლა ამ გეგმის განხორციელებას სერიოზული საფრთხე შეექმნა, რაც ჩემს აღშფოთებას იწვევს, რადგან ჩვენი გათვლებით ის "აიაქსში" ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა გამხდარიყო," - აცხადებს კრუიფი.

გრეგორი ვან დერ ვილი "აიაქსის" ამჟამინდელ შემადგენლობაში ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. გასაკვირი არ არის, რომ მის შეძენას ევროპული გრანდები უკვე წლებია ცდილობენ.

ყველაზე მეტს ჰოლანდიის ნაკრების მარჯვენა მცველის "ბაიერნში" გადასვლაზე წერდნენ, მაგრამ რეკორდმაისტერის ენაჭარტალა ბოსმა ული ჰიონესმა ამსტერდამელები სასურველ ფასზე ვერაფრით დაითანხმა და მოლაპარაკებები საერთოდ შეწყვიტა. 1,5 წლის წინ "აიაქსი" ფეხბურთელში 17 მილიონ ევროს ითხოვდა.

გერმანელებმა კი 15-ზე მეტის გადახდაზე კატეგორიული უარი თქვეს. "ბაიერნმა" მოლაპარაკებები გასულ ზაფხულს განაახლა. თუმცა ახლა უკვე თავად ფეხბურთელმა არ ისურვა "ალიანს არენაზე" გადასვლა. ამჟამად ყველაზე ხშირად ფეხბურთელის "ვალენსიაში" გადასვლაზე იწერება. ვან დერ ვილის აგენტი აცხადებს, რომ ამის შანსი საკმაოდ დიდია. "ლოს ჩეს" ფეხბურთელი 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

"ვალენსია? რატომაც არა. ამ ვარიანტზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. მართალია ჩემდამი მათ ინტერესზე ბევრი მსმენია, მაგრამ გარკვეული ჯერ არაფერია. წარმოდგენა არ მაქვს ხვალ რა მოხდება, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ოდესმე "აიაქსში" აუცილებლად დავბრუნდები და კარიერას სწორედ ამ დავასრულებ," - განაცხადა 23 წლის ფეხბურთელმა.

"აიაქსიდან" კიდევ ერთი ფეხბურთელის წასვლაზეა ლაპარაკი. "ნაპოლი" მაროკოელი მუნირ ელ ჰამდაუის შეძენას გეგმავს. ფრანკ დე ბურმა რამდენიმე თვის წინ თანაგუნდელებთან დაუსრულებელი კონფლიქტების გამო 27 წლის თავდამსხმელი დუბლებში გადაიყვანა. ძირითად გუნდში მის დაბრუნებას არც არავის აპირებს. ასეთ დროს, კლუბში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი ფეხბურთელის მოშორებაზე ხელს ვინ არ მოაწერს? სავარაუდო სატრანსფერო თანხა უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული