გვარდიოლას მომართული სამიზნე

AutoSharing Option
იაპონიაში ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ შეგირდებს მოუწოდა, გამოყენონ ბოძებული შანსი და იბრძოლონ პლანეტის უძლიერესი კლუბის სახელისთვის.

"ბლაუგრანას" თავკაცი იმედიანად არის განწყობილი, რადგან ამომავალი მზის ქვეყანაში გამგზავრებამდე მისმა შეგირდებმა უპრინციპულეს დაპირისპირებაში "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:1 მოუგეს.

"ბარსელონა" დღეს ნახევარფინალური ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას და აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ყატარულ "ალ სადს" შეხვდება. კატალონიელებმა უკანასკნელად ამ თასზე 2009 წელს იასპარეზეს. მაშინ მათ ფინალში არგენტინული "ესტუდიანტესი" დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს.

"ბარსელონას" მიმდინარე სეზონში 26-დან მხოლოდ ერთი მატჩი აქვს
წაგებული, თუმცა სენიორ ხოსეპი არ აპირებს ამ შედეგის გამო ღრუბლებში ფრენას. "ჩემს ბიჭებს უკვე ვთხოვე, რომ ამ შანსისთვის ბოლომდე იბრძოლონ, რადგან მსგავსი ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა ხშირად არ გეძლევა, - განაცხადა გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე. - ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სახელისთვის ვიბრძვით და დავიმსახურებთ მას თუ არა, ცოტა ხანში ვნახავთ. ამისთვის საუკეთესო თამაშის ჩვენება მოგვიწევს. "ალ სადი" ის ძალაა, რომელსაც ბევრი სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია".

მწვრთნელს ეთანხმება გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლიც: "ალ სადი" ნახევარფინალში გავიდა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ კარგი გუნდია. იაპონიაში დიდი იმედებით ჩამოვედით, თუმცა მშვენივრად გვესმის, რომ ოპონენტს შეუძლია ცხოვრება გაგვირთულოს".

"ხალხს შეუძლია, რაც სურს ის ილაპარაკოს, რომ ესა თუ ის გუნდი დიდებულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ისტორიაში მხოლოდ ისინი რჩებიან, ვინც ტიტულს იგებს. ჩვენ ჯერ კიდევ შეუჩვევლები ვართ საათობრივი სარტყელის ცვლილებას.

იაპონიაში გადმოფრენა იყო ხანგრძლივი და ძალიან დამღლელი. თანაც ჩვენ მეტოქეზე პრაქტიკულად არაფერი ვიცით. თუმცა რამდენადაც ახლოვდება ნახევარფინალი, იმდენად მონდომებით ვვარჯიშობთ. "რეალთან" თამაშის მოგების შემდეგ უკვე ნამდვილად ვიცით, რომ სწორ გზას ვადგავართ. ისიც გვესმის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტიტულის მოგების შანსის ხელიდან გაშვება დაუშვებელია," - დასძინა ჟერარდ პიკემ.

შეგახსენებთ, რომ "ალ სადისა" და "ბარსელონას" შორის მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული