ედინბურგული გარჩევები

AutoSharing Option
შოტლანდიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს დავუბრუნდეთ: ედინბურგში, "ჰიბერნიანისა" და "რეინჯერსის" დაპირისპირების დროს მსაჯმა ლაიან ბრაინსმა მოედნიდან ორი ფეხბურთელი გააძევა - მასპინძელთაგან კევინ მაკბრაიდი, ხოლო გლაზგოელთაგან კაილი ლეფერტი. გაძევების მიზეზი ჩხუბი გახლდათ, ხოლო ჩხუბის მიზეზი ლეფერტის უხეშობა ლაიამ მილერის წინააღმდეგ.

საერთოდ, ლეფერტი და წესრიგის დარღვევა ერთმანეთის კარგი ნაცნობები არიან. ფანებს ყველაზე ცუდად 2009 წლის ამბავი ახსოვთ, როდესაც 22 წლის ჩრდილო ირლანდიელმა მაშინ "აბერდინში" მოთამაშე ჩარლი მალგრიუსთან წაკინკლავების დროს "მკერდში თავური" გაითამაშა და მსაჯს მალგრიუ გააგდებინა. ლეფერტიმ ვერც "ჰიბერნიანთან" შეხვედრაში გამოავლინა დისციპლინა,
თუმცა მისმა თანაგუნდელებმა ამ ინციდენტის მიუხედავად მაინც მოახერხეს თამაშის მოგება - კენი მილერის ჰეთ-თრიკის წყალობით შოტლანდიის ჩემპიონმა 3:0 გაიმარჯვა.

"რეინჯერსის" მწვრთნელმა უოლტერ სმიტმა თავის მოთამაშეს საჯაროდ მეტი დისციპლინისკენ მოუწოდა, თუმცა ეპიზოდი სხანაირადაც შეაფასა. მან ედინბურგულ ინციდენტში სარგებლის დანახვაც სცადა: "კაილი ლეფერტი მოედანზე მჭირდება. არ მინდა ის სეზონის რომელიმე შეხვედრაში გუნდს გამოაკლდეს და ამიტომ ვერ ვამართლებ, თუმცა "ჰიბერნიანთან" მომხდარ ინციდენტზე მაინც შეიძლება დადებითის თქმა - ნამდვილად ჯობდა ლეფერტი ახლა გაეგდოთ, სანამ სხვა ფეხბურთელთაგან ჯერ არავინ დაშავებულა, ვიდრე მერე, სეზონი რომ გახურდება და ტრავმები გახშირდება. ბოლო დროს კაილს რაღაც-რაღაცები შეემთხვა და უწინდელთან შედარებით ვალდებულია თავი უფრო მეტად მოთოკოს. ხოლო, რაც შეეხება საკუთრივ ეპიზოდს, კაცმა რომ თქვას საშინელება არ მომხდარა. ვფიქრობ მსაჯმა ლეფერტი უხეშობის გამო კი არა, უფრო მისი შემდგომი რეაქციის გამო გააგდო. გაფიცხებით კი ის იმიტომ გაფიცხდა, რომ ბურთი მოარტყეს".

ბურთი კი ლეფერტის მასთან ერთად გაძევებულმა მაკბრაიდმა ესროლა. სმიტმა ეპიზოდის შეფასება ასე განაგრძო:
"ჯარიმის ეპიზოდზე ასე ვიტყვი: კაილი მილერს სულაც არ დასჯახებია. ის ამ ბიჭს უბრალოდ აცდა, მაკბრაიდმა კი პასუხად ბურთი გაარტყა. სწორედ ამის გამო გადაირია ლეფერტი. რასაკვირველია, ის ცუდად მოიქცა და მსაჯმა სამართლიანადაც გააძევა. ამ გაძევებისთვის არბიტრს ვერ დავადანაშაულებ. მსაჯები უპირველეს ყოვლისა იმიტომ არსებობენ, რომ ემოციები ზღვარს არ გადავიდეს ვფიქრობ მან ეპიზოდიც სწორად დაინახა და შეაფასა, ჩვენს ფეხბურთელს ბურთი რომ უთავაზეს. მოკლედ, ლეფერტი უნდა ვაკრიტიკოთ, მაგრამ მასთან ერთად ბურთის მსროლელი ბიჭიც გასაკიცხია".

"ჰიბერნიანის" მწვრთნელმა ჯონ ჰიუზმა კი ბრძანა, რომ გასაძევებელი არავინ იყო: "გულწრფელად გეტყვით, რომ ლეფერტი გაძევებას არ იმსახურებდა, მაკბრაიდი კი საერთოდ არ იყო დამნაშავე. რასაკვირველია, ცუდია, როდესაც ფეხბურთელები ჩხუბობენ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ მათ საქმისადმი მთელი გულით მიდგომას ვთხოვთ - სხვანაირად ფეხბურთში არაფერი გამოვა - ხოლო, იქ სადაც გული გამალებით ძგერს, ემოცია სჭარბობს. ამიტომაც აქვთ მსაჯებს ძნელი საქმე. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ მაკბრაიდს საიმისო არაფერი დაუშავებია, წითელი ბარათით რომ დაესაჯათ".

შეგახსენებთ, რომ იმავე შეხვედრაში "რეინჯერსის" მეკარემ ალან მაკგრეგორმა "ჰიბერნიანის" თავდამსხმელთან დერეკ რიორდანთან შეჯახების შემდეგ ისიმულიანტა, რაც ტელეგამეორებებიზე კარგად გამოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული