სანტოსი-ბარსელონა 0:4 - მესიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა

AutoSharing Option
ვიდეო
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ფინალი
სანტოსი-ბარსელონა 0:4
სანტოსი: რაფაელი, ედუ დრასენა, ლეო, დურვალი, ბრუნო როდრიგო, დანილო (ელანო 31), მ. არუკა, ენრიკე, ბორჟესი (ა. კარდეკი 79), განსო (იბსონი 83), ნეიმარი.
ბარსელონა: ვალდესი, დანი ალვეში, პიკე (მასკერანო 56), პუიოლი (ფონტასი 85), აბიდალი, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ალკანტარა (პედრო 79), ფაბრეგასი, მესი.
გოლები: 0:1 მესი (17), 0:2 ჩავი (24), 0:3 ფაბრეგასი (45), მესი 0:4 (82)

ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე "ბარსელონა" ფავორიტი იყო. ფავორიტი, თუნდაც "სანტოსთან" სავარაუდო დაპირისპირებაში, მაგრამ ამ ანგარიშს ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე.

იქამდე, ვიდრე
საკლუბო ჩემპიონატის წინამორბედი საკონტინენტთაშორისო თასი ორი მატჩის ჯამში თამაშდებოდა, ოთხი და მეტბურთიანი სხვაობა ორჯერ დაფიქსირდა. 1980 წლიდან თითომატჩიან დაპირისპირებას ტრადიციულად იაპონია მასპინძლობს (გამონაკლისი მხოლოდ 2009 და 2010 წლებში იყო). ამომავალი მზის ქვეყანას კი მსგავსი რამ ჯერ არ უნახავს.

კატალონიელებს უკვე შეუძლიათ იამაყონ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სახელს მესამედ ფლობენ აქამდე მათ ეს მწვერვალი 1992 და 2009 წლებში ჰქონდათ დაპყრობილი. ამაზე მეტჯერ მსგავსი პატივი ჯერ არავის ღირსებია. 3-3-ჯერ თასს "მილანი", "რეალი", "პენიაროლი", "ნასიონალი" და "ბოკა ხუნიორსი" ფლობდნენ.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს: მატჩი დაბალ ტემპში დაიწყო. "ბარსამ" იოლად მოახერხა ის, რაც მაინცდამაინც სხვა დროსაც არ უჭირს ხოლმე - ბურთი ხელში ჩაიგდო. პირველად ფაბრეგასმა სცადა მატჩის გამწვავება, მეორედ - მესიმ, მაგრამ სულ ტყუილად. "სანტოსის" დაცვა თავიდან მყარად იდგა. ბრაზილიელთა მხრიდან ხელი ნეიმარმა გამოიღო, მაგრამ რატომღაც ყველას მოტყუება განიზრახა და ბურთი დაკარგა.

მე-12 წუთზე პირველი მომენტი მესიმ შექმნა. მისი დარტყმული მეკარე რაფაელმა მოიგერია, ალკანტარამ კი "უკბილოდ" დაამატა. მალე განსოს მიეცა შანსი, მაგრამ საჯარიმოდან კარს მცირედით ააცილა. გოლი თვალის დახამხამებაში გავიდა: მესი-ჩავის კომბინაციის შემდეგ არგენტინელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და იოლად გაიტანა 1:0. მეორე გოლამდე თავის გამოჩენა ისევ ლიონელს მართებდა, მაგრამ მეტისმეტი მოინდომა, ნეიმარის არ იყოს, ყველა ვერც მან მოატყუა.

24-ე წუთზე დანი ალვეშის ჩაწოდებისა და მცველისგან რიკოშეტის შემდეგ ბურთი ჩავის მიუვიდა. მანაც ახლო მანძილიდან იოლი ბურთი ჩაიწერა ანგარიშზე. აშკარა იყო, რომ "ბარსელონა" ამას არ დასჯერდებოდა. 45-ე წუთზე "სანტოსის" დაცვამ იმდენი შეცდომა დაუშვა, კატალონიელებს ეს მომენტი რომ ვერ გამოეყენებინათ, ალბათ თავის თავს დიდხანს ვერ აპატიებდნენ. მესიმ მოძრავ ალვეშს ბურთი ქუსლით დააწია. მის დარტყმულს წინ რაფაელი აღუდგა. მოგერიებული ბურთი ინიესტას მიუვიდა. რაფაელმა მისი ახლო მანძილიდან დარტყმულიც მოიგერია, მაგრამ ფაბრეგასის მცდელობას უკვე ვეღარაფერი მოუხერხა - 3:0. რას აკეთებდნენ ამ დროს "სანტოსის" მცველები, ეს ალბათ მარტო ღმერთმა უწყის.

მეორე ნახევარიც ევროპელთა შეტევებით დაიწყო და... გაგრძელდა. გატანა მართებდათ ალკანტარასა და მესის, "სანტოსის" მხრიდან კი შეცვლაზე შესულ ელანოს. 85-ე წუთზე თამაშს წერტილი იმ ფეხბურთელმა დაუსვა, ვინც ყველას დაუმტკიცა, რომ მართლა საუკეთესოა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ლიონელ მესიზე გვაქვს. ისევ და ისევ დანი ალვეშის ფლანგური პასის შემდეგ არგენტინელი რაფაელთან ერთი-ერთზე დარჩა, მოატყუა და ცარიელ კარებში გაიტანა - 4:0.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ჩვენი ტრიუმფის მიზეზი ფეხბურთელთა განუზომელი თავდადებაა. გუნდში ფანტასტიკური შემსრულებლები არიან თავმოყრილნი. ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვარ".

მურუსიო რამალიო (სანტოსი): "ბარსელონასთან" წაგება სამარცხვინო არ არის. ვეცადეთ მეტოქე როგორმე შეგვეჩერებინა, მაგრამ ეს არარეალური იყო. საერთოდ არ მგონია, რომ ამ გუნდის დამარცხება ვინმეს შეეძლოს, მაგრამ ჩვენ მაინც ვიოცნებებთ, რომ ამას მაინც მოვახერხებთ, თუნდაც მომავალ წელს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული