მონაკოში გამართული მატჩი მაინცდამაინც სანახაობრივი არ გამომდგარა, მაგრამ ხარისხიანი ფეხბურთი და დასამახსოვრებელი ეპიზოდები
მეორე ტაიმში ესპანელთა უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთა და ჟულიო სესარსაც უფრო და უფრო ხშირად უხდებოდა თამაშში ჩართვა. "ინტერის" ბრაზილიელი კიპერი რამდენიმე შორეულ გასროლას იოლად გაუმკლავდა, მოიგერია ხოსე ანტონიო რეიესის მიერ ახლოდან დარტყმული რთული ბურთიც, მაგრამ ამ უკანასკნელის კიდევ ერთ საგოლე მცდელობას წინ ვეღარ აღუდგა. რეიესმა სერხიო აგუეროსთან "კედელი" გაითამაშა და ისე ძლიერად დაარტყა, რომ ჟულიო სესარმა ახლო კუთხეში მიმავალ ბურთზე რეაგირება დააგვიანა – 0:1.
ამის შემდეგ "ინტერი" კი გააქტიურდა, მაგრამ ვერც იმდენად, რომ თამაშში გარდატეხა შეეტანა. მილანელთა საგოლე მცდელობებიდან ერთადერთი, ის მომენტი შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა ლუსიომ და სამუელ ეტოომ ერთმანეთს ხელი შეუშალეს და კამერუნელმა ახლო მანძილიდან თავური ააცილა.
სამაგიეროდ, "ატლეტიკომ" თავისი მორიგი შანსი ხელიდან არ გაუშვა. მადრიდელთა კაპიტანმა სიმაომ შეტევის მარცხენა ფლანგიდან "ინტერის" საჯარომოში ჩააწოდა და უმეთვალყურეოდ მიტოვებულმა აგუერომ ბურთი კარში ისე იოლად შეაგორა, თითქოს ვარჯიშზე ყოფილიყო.
ძირითადი დროის მიწურულს "ინტერს" მატჩის ბედის სათავისოდ შეტრიალების მიზერული შანსი მიეცა. რაულ გარსიამ საკუთარ საჯარიმოში გორან პანდევს ფეხი დააბიჯა და მასიმო ბუსაკამ სამართლიანი პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი განვლილი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა დიეგო მილიტომ შეასრულა, მაგრამ ბურთი დავიდ დე ხეამ მოიგერია.
აი, ასეთი კონტრასტული აღმოჩნდა მილიტოსა და მისი თანაგუნდელებისთვის მონაკოში ვოიაჟი – გუშინწინ უეფას გალა-საღამოზე მათ ყველა ინდივიდუალური პრიზი დაისაკუთრეს, გუშინ კი გუნდური ტიტული პირწმინდად დათმეს.
ინტერი-ატლეტიკო 0:2
27.09. მონაკო. ლუი II. 18 500 მაყურებელი
ინტერი: ჟულიო სესარი – მაიკონი, სამუელი, ლუსიო, კივუ – ძანეტი, სტანკოვიჩი (68. პანდევი), კამბიასო, სნეიდერი (79. კუტინიო) – ეტოო, მილიტო
ატლეტიკო: დე ხეა – უიფალუში, პერეა, გოდინი, ა. დომინგესი – რეიესი (69. მერიდა), რ. გარსია, პ. ასუნსაო, სიმაო (90. კამაჩო) – ფორლანი (82. ხურადო), აგუერო
გოლები: 0:1 რეიესი (62), 0:2 აგუერო (83)
გაფრთხილება: სიმაო (85), რ. გარსია (89), სამუელი (90)
არბიტრი: მ. ბუსაკა (შვეიცარია)