"სელტიკი" ლიდერია!

AutoSharing Option
შოტლანდიაში "ოლდ ფირმ დერბი" ანუ "სელტიკისა" და "გლაზგო რეინჯერსის" შეხვედრა გაიმართა - "სელტიკმა" 1:0 მოიგო, სქოთთა პრემიერლიგის ცხრილის სათავეში მოექცა და მწვრთნელმა, ნილ ლენონმა განაცხადა, რომ ასეთი ბედნიერი ახალი წელი ცხოვრებაში არ ჰქონია.

შეხვედრის ერთადერთი გოლი თავური დარტყმით 24 წლის უელსელმა ნახევარმცველმა, ჯოი ლედლიმ გაიტანა და გუნდი მთავარ კონკურენტზე ორი ქულით მაღლა მოაქცია.

ლენონმა თქვა: "ასეთი ბედნიერი შობა და ახალი წელი არასდროს მქონია. მართალი გითხრათ, 25 დეკემბერს გემრიელად ვერ შევხვდი, რადგან ვიცოდი, რომ ორიოდ დღეში "რეინჯერსთან" თამაში მელოდა და ვნერვიულობდი,
მაგრამ ახლა უკვე ბედნიერი ვარ. ჩემმა გუნდმა მართლაც კარგი ფეხბურთი ითამაშა და მიხარია, რომ ბოლოხანს სტაბილურებიც გავხდით. ამ ეტაპზე ფეხბურთელებს მეტს ვეღარაფერს მოვთხოვ. ისინი საუცხოოდ თამაშობენ.

ისეთ შეხვედრებში, ჩვენი და "რეინჯერსისა" რომ გახლდათ, პირველი გოლის გატანა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, ჩვენ ეს შევძელით და მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობა ჩვენს მხარეზე იყო. აქვე უნდა დავძინო, რომ "რეინჯერსი" შესანიშნავად იცავდა თავს".

ლენონმა დასძინა, რომ მას თავისი გუნდის შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შეპარვია, ნოემბერშიც კი, როდესაც "რეინჯერსი" 15 ქულით წინ იყო.

"ძლიერი გუნდი გვყავს, თუმცა სეზონის დასაწყისში ძალიან არასტაბილურად გამოვდიოდით. ამის მიუხედავად, მაშინვე მწამდა, რომ ჩვენი ჩამოტოვება იოლი საქმე არ იყო. გულწრფელად გეტყვით, მეგონა მდგომარეობის გამოსასწორებლად მეტი დრო დაგვჭირდებოდა და ძალიან სასიხარულოა, რომ საახალწლოდ ლიდერები გავხდით. ახლა, მთავარია, ასეთი ფორმა შევინარჩუნოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული